დარღვევები ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დარღვევები ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში

12 თებერვალი, 2016

 

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხოციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს „საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” წლების მანძილზე სწავლობს.

ამჯერად, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვებითა და თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციებით დავინტერესდით. კვლევის ფარგლებში რამდენიმე არასრულად შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა გამოვლინდა.

ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, ამირან დვალიშვილის ინტერესები მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

ამირან დვალიშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების შემდეგ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. კანონმდებლობის მიხედვით მას, როგორც თანამდებობის პირს, ეკრძალება რაიმე ქონებრივი გარიგების დადება იმ სახაზინო დაწესებულებასთან, სადაც  თანამდებობა უკავია. 2015 წლის 15 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მზრუნველობამოკლებული პირების კვების უზრუნველყოფის მიზნით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ამიკო” იღებდა.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1997 წლიდან შპს „ამიკოს” 100%-ანი წილის მფლობელი  ამირან დვალიშვილია, თუმცა ეს ფაქტი დვალიშვილს 2014 და 2015 წლების ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული არ აქვს. კომპანიამ ამ ტენდერში გაიმარჯვა და  2015 წლის 2 თებერვალს მუნიციპალიტეტთან  წელიწადის და ერთი თვის ვადით ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ  24 800 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

შპს „ამიკო” ვანის მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულებებს წლების მანძილზე აფორმებს.  პირველი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლის 12 თებერვალს, არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ გაფორმდა, კომპანიამ  20 855 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. 2014 წლის 31 იანვარს კი, შპს „ამიკომ” მუნიციპალიტეტთან 20 995 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.  ამ ხელშეკრულების დასრულების ვადად 2015 წლის 20 თებერვალი განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების საგანს - მზრუნველობამოკლებულ პირთა კვების უზრუნველყოფის მიზნით, სასადილოს მომსახურება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისათვის ამირან დვალიშვილი საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, ხოლო შესყიდვების ერთ-ერთი მხარე სწორედ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო იყო.

კომპანიას მუნიციპალიტეტთან  სულ 3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და შესაბამისად, მიღებული აქვს  66 650 ლარის ოდენობის თანხა.

თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები

  • ზაზა ხურციძე 2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2006 წლის 27 თებერვლიდან მისი მეუღლე, ეკატერინე ჩახუნაშვილი ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა, ეს ფაქტი ხურციძეს 2014-2015 წლის ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული არ აქვს.

  • ლაშა ლორთქიფანიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს. იგი 2007 წლის 12 დეკემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა, ეს ფაქტი 2014 და 2015 წლების დეკლარაციებში აღნიშნული არ აქვს.

  • კობა ტოხვაძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. მისი მეუღლე თეა კაპანაძე, 2010 წლის 8 ივლისიდან, ხოლო შვილი სალომე ტოხვაძე  2014 წლის 10 აპრილიდან  ინდივიდუალურ მეწარმეებად არიან რეგისტრირებული.  აღნიშნული ფაქტები ტოხვაძეს 2015 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების”       თავმჯდომარის - კახა ფირცხალავას შესაძლო ინტერესები ხონის მუნიციპალიტეტში განხოციელებულ შესყიდვებში  

კახა ფირცხალავა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს.  ამჟამად ი ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2014 წლამდე ფირცხალავა 2003 წლის 30 ივნისს დარეგისტრირებული კომპანია „სანთელი +-ის” დირექტორი და 33.3% წილის მფლობელი იყო. კომპანიამ პირველი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან 2011 წელს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს  ხელშეკრულების საგანი არ განუსაზღვრავთ.

2012-2014 წლებში კომპანია „სანთელი+-მა” მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა(ა)იპ-თან 16 ხელშეკრულება გააფორმა და მთლიანობაში 18 090 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდეგ, ფირცხალავამ კომპანია საკუთარ ქალიშვილის, თამთა ფირცხალავას სახელზე გადააფორმა. თამთა ფირცხალავას დირექტორად ყოფნის პერიოდში დღემდე ხელშეკრულებების რაოდენობა  22-ს, მიღებული შემოსავალი კი, 17 696 ლარს შეადგენს.  2012 წლიდან დღემდე კომპანიამ შემდეგი ხელშეკრულებები გააფორმა: 7 ხელშეკრულება  ა(ა)იპ „ხონის საქველმოქმედო ასოციაცია სათნოების სახლთან”, 23 ხელშეკრულება - ა(ა)იპ „ხონის ცენტრალურ საბავშვო ბაღთან” და 8 ხელშეკრულება ა(ა)იპ „ხონის მადლიერების სახლთან”. სულ  გაფორმდა 38 ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე კომპანიამ 35 786 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.  

თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები

  • ბენიამენ ტყაბლაძე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი მეუღლე ხათუნა ტყაბლაძე,  2010 წლის 26 თებერვლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. მას, როგორც თანამდებობის პირს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, დეკლარაციაში  მისი და ასევე, საკუთარი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მითითება ევალებოდა. ამ ფაქტის თაობაზე მას 2014 და 2015 წლების დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს.  

  • დურმიშხან ხურცილავა 2015 წლის დეკლარაციის მონაცემებით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობა მრეწველების” თავმჯდომარეა, ხოლო 2012 წლის 4 იანვრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მას 2015 წლის დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ გამოაქვეყნა კვლევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონებისა და იმ რისკების შესახებ, რაც არადეკლარირებულმა ქონებამ შესაძლოა წარმოქმნას. ასევე, ორგანიზაციამ მრავალჯერ მიუთითა ხელისუფლებას, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიხედვით, რომლის ნაწილი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს,  საჯარო სამსახურის ბიურო  უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედოვნებს, რომ აღნიშნული ნორმა პრაქტიკაში განხოციელდება და კვლევაში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმი გახდება.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, რომ დაინტერესდეს ამირან დავლიაშვილის კომპანია შპს ”ამიკოსა” და მუნიციპალიტეტს შორი გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერების საკითხით.

ასევე, მოვუწოდებთ ვანის, ისევე როგორც ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს:

  • გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;

  • გააძლიერონ მონიტორინგის მექანიზმები, რათა არ დაუშვან რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა სახელმწიფო შესყიდვების განხოციელებისას;

  • არ დაუშვან რომელიმე კომპანიის მონოპოლიზება.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“