დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან: დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიკერძოებული გაშუქება
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარასკევს განვითარებული მოვლენები, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას უკავშირდებოდა, საქართველოს უმსხვილესმა ტელეკომპანიებმა ფართოდ გააშუქეს. დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ტელევიზიები ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდნენ.
ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ მოზადებული სიუჟეტები ცალსახად მიკერძოებული იყო. მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის “ქართულ ოცნებას” შორის დაძაბული ურთიერთობაა. შესაბამისად, ორივე პოლიტიკური გუნდი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების თავის სასარგებლოდ გამოეყენებას შეეცადა. ძველმა ჩვევებმა ტელემაუწყებლებსაც შეახსენა თავი, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მიკერძოებულ გაშუქებაში გამოიხატა.
“მეცხრე არხმა” და “იმედმა” უკვე დამონტაჟებულ სიუჟეტებში დაპირისპირება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, “რუსთავი 2”-მა კი “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ გააშუქა. “მაესტრომ” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მაყურებელს მეტნაკლებად დაბალანსებული რეპორტაჟები შესთავაზეს.
მეცხრე არხი
“მეცხრე არხმა,” რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, გაშუქებისას აქცენტი პოლიციის მზაობაზე გაამახვილა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტუაცია “პირად კონტროლზე” აიყვანა და რომ საპატრულო პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებდა. სიუჟეტის ავტორმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პოლიციის მიერ შექმნილი ალტერნატიული კორიდორით არ ისარგებლეს (ამ კორიდორის არსებობა საკამათო საკითხად რჩება), რის შედეგადაც, “მეცხრე არხის” თანახმად, მომიტინგეებსა და უმცირესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. “მეცხრე არხის” ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ დაპირისპირების შედეგად აქციის 12 მონაწილე დაშავდა და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშავებულ წევრებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ დროს, კადრში დასისხლიანებული ჩიორა თაქთაქიშვილი ჩანდა. (დამატება: ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პირდაპირი ჩართვის დროს “მეცხრე არხის” ჟურნალისტს ძალიან დაძაბულ მდგომარეობაში უწევდა მუშაობა და მას არ ჰქონდა საშუალება მიედევნებინა თვალი თუ რა კადრები გადიოდა მისი საუბრის პარალელურად ეთერში. შესაძლოა ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოდიოდა ჟურნალისტის კომენტარები და კადრები თანხვედრაში.)
თუმცა “მეცხრე არხმა” პოლიციის ქმედებებისადმი კრიტიკული მოსაზრებებსაც დაუთმო დრო. (მათ შორის, გადმოსცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუ.)
10 თებერვალს “მეცხრე არხი” კვლავ დაუბრუნდა ამ საკითხს. ორწუთიანი რეპორტაჟი დაპირისპირების მხოლოდ იმ მომენტებს ასახავდა, სადაც “ნაციოალური მოძრაობის” წევრები მომიტინგეებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულნი. სიუჟეტი არ იძლევა სრულ სურათს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კონფლიქტში მხოლოდ უმცირესობის წევრებს მიუძღვოდათ დანაშაული. ამასთან, სიუჟეტის ავტორი მათ ქცევას “აგრესიულს” უწოდებდა.
(დამატება: ვაცნობიერებთ, რომ ამ ბლოგპოსტში “მეცხრე არხის” მიერ მოვლენათა გაშუქებას მეტ ყურადღებას ვაქცევთ ვიდრე სხვა არხებს და ამ ტელეკომპანიის რამდენიმე დღის მასალას ვაანალიზებთ. რადგანაც “მეცხრე არხი” პრემიერ-მინისტრის ოჯახის მფლობელობაშია, მასზე განსაკუთრებული მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს. გვჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკა და მედია ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და მედია მმართველობის სისტემის ეფექტური მონიტორის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.)
იმედი
“იმედმა,” რომელიც არჩევნების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, მოვლენები უფრო ნეიტრალურ ტონში გააშუქა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პოლიცია მობილიზებული იყო, თუმცა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ სიტუაცია რამდენჯერმე უმართავი გახდა. 12-წუთიანი შემაჯამებელი სიუჟეტი გიგი უგულავაზე ამახვილებდა ყურადღებას. კადრში თბილისის მერი მომიტინგეების მიმართულებით მიდის და შეკრებილებს “შოუს დადგმისკენ” მოუწოდებს. თუმცა სიუჟეტში ისიც ხაზგასმული იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს გასულ სიუჟეტში, რომელიც იმავე თემას ეხებოდა, მოვლენები ცალმხრივად იყო გაშუქებული. “მეცხრე არხის” სიუჟეტის მსგავსად, აქაც, მხოლოდ ის კადრები იყო ნაჩვენები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილნი.
რუსთავი 2
“რუსთავი 2,” რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირების მფლობელობაშია, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებას საღამოს 6 საათიდან 5 საათიდან პირდაპირი ეთერით აშუქებდა, 9-საათიან გამოშვებაში კი ამ საკითხს რამდენიმე სიუჟეტი მიეძღვნა. “რუსთავი 2”-მა ყურადღება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის მიყენებულ ზიანზე გაამახვილა. ნაჩვენები იყო აქციისთვის მზადების პროცესი და მომიტინგეების აგრესიული განწყობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
“იმედისა” და “მეცხრე არხისგან” განსხვავებით, “რუსთავი 2”-ზე აქცენტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პროვოკაციის მოწყობაზე არ გაკეთებულა, თუმცა სიუჟეტში შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარიც დაფიქსირდა.
ვიდეოს სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ამ ლინკზე.
მაესტრო
“მაესტრომ” მაყურებელს მოვლენათა შეჯამება გვიან ღამით შესთავაზა, იქამდე კი ტელეკომპანია ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. სიუჟეტში მიტინგის რამდენიმე მონაწილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების კომენტარები იყო მოცემული. გარკვეულ მომენტში ჩანს, თუ როგორ მიმართავს უხეშად პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი მომიტინგეებსა და პოლიციას, თუმცა იმის ცალსახად თქმა, რომ სიუჟეტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნეგატიურად წარმოჩენას ისახავდა მიზნად, მართებული არ იქნება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენების გაშუქება “საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც” საღამოს 6 საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე განაგრძო. გასული რეპორტაჟები მეტნაკლებად ნეიტრალურად ასახავდა მოვლენებს. ხაზგასმული იყო, რომ მომიტინგეები სტუმრებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას ორჯერ აღნიშნა, რომ პოლიცია სიტუაციას ვერ აკონტროლებდა. გაშუქებისას ადგილი არ ჰქონია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პროვოკაციებზე ვრცელ საუბარს, რაც რამდენიმე სხვა ტელევიზიის ეთერში მნიშვნელოვან ასპექტად გაშუქდა.
ვიდეოს სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ამ ლინკზე.
--- პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.