ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც

იმანუელ კანტი ამბობდა: „ვინც ცხოველების მიმართ სასტიკია, ის ადამიანებთან ურთიერთობაშიც გულქვა ხდება. ადამიანის გულზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ცხოველებს.“ (იმანუელ კანტი, „ლექციები ეთიკაზე“).
დიდი ფილოსოფოსის ეს სიტყვები დაახლოებით ორნახევარი საუკუნის წინ ითქვა, მაგრამ დღეს ისინი საქართველოში განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ 2026 წლის 31 ოქტომბრის გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სათაურით, „ღამის კოშმარი / როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო / გამაოგნებელი კადრები საიდუმლო სამარხებიდან“, რომელშიც აღწერილ იქნა, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს. სიუჟეტი შეიცავს ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებს, თუ როგორ მიაქვთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი და შემდეგ მოკლული მიუსაფარი ძაღლები ველის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი შუაღამის შემდეგ გადის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ჟურნალისტების რამდენიმეკვირიანი დაკვირვებით, დამარხვა სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო საათებში, შუაღამისას იწყება, ხოლო თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ზოგჯერ ღამეში ორ რეისსაც აკეთებს.
სიუჟეტი ამ კადრებს უკავშირებს ამავე თემაზე ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს. სოციალურ ქსელებში მრავლად ჩნდება განცხადებები, რომ ქრებიან ის ძაღლებიც, რომელთა მოვლაც საკრებულოს დადგენილებით რეგულირდება და სახელმწიფოსთან წერილობით არის შეთანხმებული.
სახელმწიფო უწყებები ამ ბრალდებებს გადაჭრით უარყოფენ. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, იმავე საღამოს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ტერიტორია, რომელზეც სიუჟეტშია საუბარი, განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ცხოველების ნეშტების დასამარხად. მისივე თქმით, ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. მერიის თანახმად, ცხოველები, რომლებზეც მოქალაქეები მიუთთებენ, დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2026 წლის 2 აპრილს გამოაქვეყნა ანალიზი სათაურით „მართვა თუ თავიდან მოცილება - რა საფრთხეს უქმნის მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს მთავრობის ახალი განკარგულება“. ორგანიზაციის დასკვნით, ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ქართულ კანონს.
სხვა ცნობები მიუსაფარი ძაღლების შესაძლო განადგურების შესახებ
მიუსაფარი ძაღლების შესაძლო განადგურების შესახებ მსჯელობა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებაში. ამ თემაზე სკანდალური ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან - გორიდან, ზუგდიდიდან, ტყიბულიდან და ა.შ. მიღებული შეტყობინებების თანახმად, ქუჩებიდან ქრებოდნენ მიუსაფარი ძაღლები. ნიშანდობლივია, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, ქრებოდნენ არა მხოლოდ და არა იმდენად დაავადებული ძაღლები, არამედ სავსებით ჯანმრთელი, სტერილიზებული და ვაქცინირებული ძაღლებიც.
განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო გორიდან მიღებული ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ამოდის ღამით კვამლი გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის კრემატორიუმიდან. გადამღების თქმით, კრემატორიუმი მთელი ღამე მუშაობდა და ირგვლივ წვის მძაფრი სუნი იდგა. გაჩნდა ეჭვი, რომ ცხოველებს ცოცხლადაც წვავდნენ. თავშესაფრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კრემატორიუმი მხოლოდ ვეტერინარული ნარჩენებისა და უკვე დაღუპული ცხოველების განსაკარგად გამოიყენება და არა ჯანმრთელი ძაღლების მოსაკლავად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თქმით, შემოწმებამ გორის თავშესაფარში დარღვევა „ვერ აღმოაჩინა“.
2026 წლის ოქტომბერში მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ათობით ლეკვი ხუთიდან შვიდ კვადრატულ მეტრამდე ბინძურ, სველ ვოლიერშია შეყრილი; ზოგი მათგანი სველი და ძალიან გამხდარი ჩანდა. რეგიონულმა სააგენტომ განმარტა, რომ თანამშრომლები დასუფთავებას ატარებდნენ და ამიტომ შეკრიბეს ყველა ლეკვი ერთ ვოლიერში. 16 ოქტომბერს თავშესაფართან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ლეკვების უმეტესობის გამოყვანას მიაღწიეს; სხვადასხვა ცნობით, 100-დან 300-მდე ცხოველი გამოიყვანეს. აქტივისტების თქმით, ბევრ ცხოველს მძიმე ვირუსული დაავადება აღმოაჩნდა, ყველაზე სუსტი ლეკვები კი გზაში დაიღუპნენ. სხვა სავარაუდო დარღვევებს შორის დაასახელეს საკარანტინე სივრცის არარსებობა, ლეკვების წარმომავლობის დოკუმენტების არქონა, სიცივე და ცუდი სანიტარია; ერთ ვოლიერში ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველები და დაღუპული ძაღლების ნარჩენები ერთად იყო.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო “პროგრამა”
ზემოთ აღწერილი, პრაქტიკაში განხორციელებული გარემოებები შედეგად მოჰყვა მთავრობის ე.წ. პროგრამას, სახელწოდებით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა“, რომელიც მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულებით იქნა დამტკიცებული.
პროგრამის მთავარი დეკლარირებული ამოცანა ძაღლების მიკვლევადობისა და ცოფის პრევენცია უნდა ყოფილიყო. დოკუმენტი ორ მიზანს ასახელებს: ჰიპერპოპულაციის მართვას, ცოფის გავრცელების თავიდან აცილებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, და ასევე „ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციას“.
პროგრამა მოიცავს როგორც უპატრონო და მიკედლებულ, ისე პატრონიან ძაღლებს. პირველთათვის გათვალისწინებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია და საჭიროებისას ლეიშმანიოზსა და ჭირზე ტესტირება. მეორეთათვის კი რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია.
პროგრამის თანახმად, კარდაკარ პრინციპით უნდა განხორციელებულიყო დაახლოებით 102 092 პატრონიანი ძაღლის ჩიპირება და რეგისტრაცია, 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია და, რაც საყურადღებოა, დაახლოებით 36 116 უპატრონო ან მიკედლებული ძაღლის დაჭერა და ოთხ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა. მცხეთა-მთიანეთიდან ძაღლები თბილისში უნდა გადაყვანილიყვნენ, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან - გურჯაანში, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან - გორში, ხოლო იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, გურიიდან და სამეგრელოდან - ქუთაისში. ეს ნიშნავს, რომ ძაღლები ხშირად ასობით კილომეტრზე უნდა გადაყვანილიყნენ.
პროგრამის თანახმად, თავშესაფრებში ძაღლებს ასტერილიზებენ, არეგისტრირებენ და ცრიან. ოპერაციის შემდგომ ისინი სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა „გარემოში დაბრუნების მიზნით“, ხოლო შესრულებული სამუშაო ერთიან ბაზაში აღირიცხება. ყველაზე სადავო დებულებაც აქ არის - მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში. იგი კრძალავს ძაღლის დაბრუნებას ბაღებთან, სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან და ზოგადად მიუთითებს, რომ „ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია“. თუ სად უნდა წაიყვანონ ძაღლი, რა რადიუსს გულისხმობს ზემოაღნიშნულ „ობიექტებთან“ დაბრუნების აკრძალვა ან ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, დოკუმენტი არ განსაზღვრავს.
დოკუმენტის წაკითხვისას ასევე თვალში საცემია ისიც, რაც მასში არ წერია. „ჰუმანური მეთოდები“ მიზნად კი არის დასახელებული, მაგრამ არ არის განმარტებული, რას მოიცავს იგი. არაფერია ნათქვამი არც დაჭერის წესზე, არც ტრანსპორტირების პირობებზე, არც ევთანაზიაზე და არც იმაზე, რა ბედი ეწევა
ძაღლს, რომელსაც „ჩვეულ“ ადგილას ვერ დააბრუნებენ. პროგრამა არ ითვალისწინებს არც დამოუკიდებელ ზედამხედველობას, არც მიმკედლებლის ინფორმირებას და არც ცალკეული ცხოველის ბედის საჯარო აღრიცხვას.
სამთავრობო პროგრამა და მის ფარგლებში განხორციელებული ზომები ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას
მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა, რომ არაფერი ვთქვათ მათ ფიზიკურ განადგურებაზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსაც.
ხელისუფლება კი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, თუმცა, ზემოთ მითითებული ფაქტები, რომლებიც ვიდეომტკიცებულებებსა და მოქალაქეთა მრავალრიცხოვან შეტყობინებებს ეყრდნობა, სულ სხვა რამეზე მიუთითებს. მათ ფონზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამ ფაქტების ცარიელი უარყოფა სრულიად არადამარწმუნებლად გამოიყურება. ძნელია დაიჯერო მიუსაფარი ცხოველების მიმართ „ჰუმანური მოპყრობის“ შესახებ განცხადებები იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც პირდაპირ ქუჩაში სასტიკად უსწორდებოდა პროტესტის გამომხატავ ადამიანებს.
თუმცა, ზემოთ აღწერილი ზომები წინააღმდეგობაშია საკუთრივ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთანაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას.
ცხოველის მიმართ მოპყრობას არეგულირებს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:
- ცხოველის კეთილდღეობის პრინციპი. კანონი განამტკიცებს ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებს (მე-4 მუხლი). კეთილდღეობა კი გულისხმობს ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნას, ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან (მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი).
- ცხოველის პოპულაციის მართვის პრინციპი. კანონის მე-18 მუხლი ადგენს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვის წესებს. კერძოდ, ამგვარი მართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაცია/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი).
- სასტიკი ან სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა. კანონი დაუშვებლად აცხადებს ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკ მოპყრობას ან ასეთი ქმედების ხელშეწყობას, მათ შორის: ცხოველის ცემას, მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლას, ისეთ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც იწვევს მის ტანჯვას და სხვ. (მე-19 მუხლის პირველი პუნქტი).
- ცხოველის ევთანაზია. კანონი ითვალისწინებს ცხოველის ევთანაზიას, ოღონდ კრძალავს ცხოველის ევთანაზიას არაჰუმანური მეთოდებით. კერძოდ, ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით. ევთანაზია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას (21-ე მუხლის პირველი- მე-2 პუნქტები).
- ცხოველის ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ევთანაზიის კანონიერი საფუძველია მხოლოდ: ცხოველის არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას; სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება; ეჭვი ცოფით დაინფიცირება/დაავადებაზე, ისიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე; ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის; ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია; შეუქცევი დაუძლურება; სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი (21-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ევთანაზია რაიმე სხვა გარემოების შემთხვევაში უკანონოა.
კანონის ზემოაღნიშნული პრინციპები და დებულებები იმაზე მეტყველებს, რომ მიუსაფარი ძაღლების ხოცვა კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარეშე, კანონმდებლობით, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედებაა. ევთანაზიის ჩარჩოებში ვერაფრით ჯდება ჯანმრთელი, არააგრესიული, ვაქცინირებული ძაღლების კვლა.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სამთავრობო პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დებულება კანონით უკვე არსებულზე მეტ შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული ნორმის თანახმად, იკრძალება ძაღლის ბაღებთან, სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.
ამავე დროს, კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კრძალავს მიკედლებას მხოლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში/შენობებში (სკოლები, ბაღები, კლინიკები, მეტრო). სამთავრობო პროგრამა კი ამ ჩამონათვალს აფართოებს და მოიცავს ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან არსებულ ტერიტორიას. ამასთან, არ არის განსაზღვრული, რა რადიუსში ვრცელდება აკრძალვა, რა კრიტერიუმით ხდება ტერიტორიის შეფასება და ა.შ. ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და წინააღმდეგობაშია მასზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტთან - საქართველოს კანონთან.
ამასთან ერთად, გაუმართლებელია ასევე უკვე გასტერილებული, აცრილი და ნიშნიანი ცხოველების ადგილიდან გადაყვანა, რადგან ისინი აღარ წარმოადგენენ პოპულაციის ზრდის საფრთხეს და მათი ადგილზე არდაბრუნება წინააღმდეგობაშია ზემოთ ხსენებული კანონის პრინციპებთან.
ხელისუფლების პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიც არის. როგორც ქვემოთ დავინახავთ, არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ აგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა მოითხოვს პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის/კასტრაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციულ პოლიტიკას.
საერთაშორისო სტანდარტები და ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა
ძირითადი საერთაშორისო სტანდარტი ნათლად ადგენს ორ რამეს: 1. ძაღლი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც აიყვანეს; 2. ძაღლების მასობრივი მოკვლა ჰიპერპოპულაციის პრობლემას არ წყვეტს.
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ შემუშავებული ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის 7.7 თავი რეკომენდაციას უწევს CNVR მეთოდს: დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბრუნება. დოკუმენტი არ იძლევა ცხოველის სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის რეკომენდაციას, რადგან ეს სტრესს, კონფლიქტსა და სიკვდილიანობას იწვევს; ეფექტურია ცხოველის იმავე ადგილას დაბრუნება. კოდექსში ასევე მითითებულია, რომ ცხოველთა მასობრივი დახოცვა არაეფექტურია და მან შეიძლება საწინააღმდეგო შედეგიც მოიტანოს.
ევროპის საბჭოს კონვენცია შინაური ცხოველების დაცვის შესახებ (ETS №125). კონვენციის მე-3 მუხლით, დაუშვებელია ცხოველისთვის ზედმეტი ფიზიკური ან სულიერი ტკივილის მიყენება. მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, ხოლო დაჭერისას ტანჯვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
ევროკავშირის 2026 წლის 17 ივნისის რეგულაცია (EU) 2026/1818 ძაღლებისა და კატების კეთილდღეობისა და მიკვლევადობის ერთიან წესებს აწესებს, რომლებიც, მათ შორის, ეხება თავშესაფრებს, ჩიპირებასა და რეგისტრაციას.
ნიდერლანდები - შედეგი მოკვლის გარეშე. ნიდერლანდებმა მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ევთანაზიის გარეშე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო CNVR პროგრამით მოაგვარა. ყველა ძაღლი ჩიპირებული და რეგისტრირებულია, ამიტომ ქუჩაში ნაპოვნ ძაღლს დაკარგულ შინაურ ცხოველად მიიჩნევენ, ხოლო, ცხოველის მიტოვება დანაშაულია.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ზომების არაეფექტიანობა სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც დასტურდება
თურქეთის 2024 წლის კანონი №7527 მუნიციპალიტეტებს ძაღლების თავშესაფრებში შეგროვებას ავალდებულებს. მთავრობა 1.2 მილიონ შეგროვებულ ძაღლზე საუბრობს და უკანონო ხოცვას უარყოფს, კრიტიკოსები კი გადატვირთულ თავშესაფრებში ცხოველების დაღუპვაზე მიუთითებენ.
რუმინეთმა 2013 წელს თავშესაფარში 14 დღის შემდეგ ევთანაზია დაუშვა. ბუქარესტის მერია დედაქალაქში 80%-იან შემცირებას აცხადებს, მაგრამ დამცველთა შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით პოპულაცია არ შემცირებულა. სტერილიზაციის გარეშე ცარიელ ადგილს ახალი ძაღლები სწრაფად ავსებენ.
დასკვნა: მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა ჰუმანიზმს არ ეწინააღმდეგება
მხოლოდ თბილისში 2025 წელს დაახლოებით 29.7 ათასი მიუსაფარი ძაღლი იყო აღრიცხული, ხოლო 2023 წლის გამოკითხვაში რესპონდენტების 22%-მა მიუსაფარი ცხოველები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ პრობლემად დაასახელა.
აგრესიული ძაღლების თავდასხმები და ცოფის რისკი მართალც საფრთხეა საზოგადოებისთვის და მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოება პრიორიტეტი უნდა იყოს.
ამასთან, როგორც უკვე ითქვა, აგრესიული ცხოველის შემთხვევაში ევთანაზიას ქართული კანონიც და WOAH-იც უშვებს.
მაგრამ როდესაც სახელმწიფო მართვის ამ და სხვა მექანიზმებს ჯანმრთელი, აცრილი და სტერილიზიებული ძაღლების მიმართ იყენებს, ეს წარმოშობს პრობლემას, როგორც ჰუმანიზმის პრინციპების, ისე კანონის კუთხითაც. მოქმედი ხელისუფლების სასტიკი პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს რამდენიმე კანონს და რამდენიმე საერთაშორისო აქტს.
პრაქტიკა ადასტურებს ამგვარი ზომების არაეფექტიანობასაც. ძაღლების „გაქრობა“ უსაფრთხოებას არ ზრდის. დაცარიელებულ ადგილს ახალი, არავაქცინირებული ძაღლები იკავებენ. ხოლო, სტერილიზებული, აცრილი და ნიშნიანი ძაღლი, რომელიც თავის ტერიტორიაზე ბრუნდება, ცოფის რისკსაც ამცირებს და უსაფრთხოებისასაც.
პრობლემის სისტემური გადაწყვეტა პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციას მოითხოვს და არა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას.
რაც შეეხება „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტს, მასში გახმოვანებული ინფორმაცია და მტკიცებულებები აუცილებელს ხდის სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თავშესაფრებში ყოველი ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების ჩანაწერების გასაჯაროებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას. თუ მიუსააფარი ძაღლების მოკვლისა და დამარხვის ბრალდებები დადასტურდება, ეს იქნება არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის სფეროში ექცევა.
კანტი გვახსენებს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც: რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია.