ENG

ბიზნესისა და პოლიტიკის გადაკვეთა: „მბრუნავი კარის“ პრობლემა საქართველოში

05 თებერვალი, 2013

 

რა არის „მბრუნავი კარი“?

ტერმინი „მბრუნავი კარი“ გულისხმობს თანამდებობის პირთა მოძრაობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის. ასეთი მოძრაობა სულ უფრო ხშირი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკანასკნელ წლებში, რადგანაც მთავრობებსა და ბიზნესს შორის უფრო მჭიდრო კავშირები ჩამოყალიბდა. ეს მოვლენა შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგანაც ის ბიზნესსა და მთავრობას ერთმანეთისთვის გამოცდილების, ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. ამავე დროს, ის პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ინტერესთა კონფლიქტსა და კორუფციას წარმოშობს და ამრიგად ძირს უთხრის კეთილსინდისიერებას საჯარო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების, პოლიტიკის ფორმულირებისა და შესყიდვების წარმოების პროცესში. ქვემოთ ჩამოთვლილია ამ პრობლემის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმები:

  • გავლენისა და კავშირების გამოყენება. ყოფილმა თანამდებობის პირებმა მთავრობაში შემორჩენილი კავშირები შეიძლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზეგავლენისთვის გამოიყენონ მას შემდეგ, რაც თანამდებობას დატოვებენ და ბიზნესში გადაინაცვლებენ.

  • შიდა ინფორმაციის გამოყენება. ყოფილ სახელმწიფო მოხელეს შეუძლია, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოპოვებული კომერციულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი ახალი დამსაქმებლის ან კლიენტების სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც უსამართლოდ დააზარალებს კონკურენტებს, რომლებიც ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

  • ყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა თანამდებობის დაკავების შემდეგ. თანამდებობის პირმა შეიძლება ძველი კავშირები და ინტერესები თანამდებობის დაკავების შემდეგაც შეინარჩუნოს და მიკერძოებულად იმოქმედოს პოლიტიკის შემუშავების, რეგულაციების აღსრულების, ან კონტრაქტების გაფორმების პროცესში.

  • სამომავლო დასაქმებაზე ზრუნვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. თანამდებობის პირი შეიძლება შეეცადოს რომელიმე კომპანიის ან ბიზნეს-სექტორის კეთილგანწყობის მოპოვებას თანამდებობაზე ყოფნის დროს, რათა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ მაღალანაზღაუდებადი სამუშაო ან ხელმძღვანელი თანამდებობა მიიღოს.

ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კერძო და საჯარო სექტორს შორის ადამიანების მოძრაობა საჯარო სამსახურისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, „მბრუნავი კარის“ მარეგულირებელი ნორმების მიზანი არა ამგვარი მოძრაობის აღმოფხვრაა, არამედ მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. „მბრუნავ კართან“ დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკმარისად ძლიერი მექანიზმები ამჟმად ქვეყნების ძალზე მცირე რიცხვს აქვს, თუმცა თავად ეს მოვლენა სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს უკანასკნელ წლებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ ევროკავშირის წევრი 25 სახელმწიფოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემების შეფასების თანახმად, „მბრუნავი კარი“ კორუფციასთან დაკავშირებული საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ევროპაში.   

„მბრუნავი კარის“ პრობლემა საქართველოში

„მბრუნავი კარის“ საკითხი საქართველოში მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე დღემდე დათმობია, რადგანაც ჩვენ ქვეყანაში არაერთი პირი გადავიდა კერძო სექტორიდან მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე, ან პირიქით.

საქართველოს შვიდი პრემიერ-მინისტრიდან, რომლებსაც ეს თანამდებობა 2004-2012 წლებში ეკავათ, ოთხი მთავრობაში კერძო სექტორიდან მოვიდა და/ან კერძო სექტორში წავიდა მთავრობის დატოვების შემდეგ. იმავე წლებში იგივე მოხდა საკმაოდ ბევრი მინისტრისა თუ მინისტრის მოადგილის შემთხვევაში. ამავე დროს, არაერთი ცნობილი ბიზნესმენი პარლამენტის წევრად იქნა არჩეული, ხოლო ზოგიერთმა ყოფილმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი.

სათანადო მარეგულირებელი ნორმების არარსებობის პირობებში, კერძო და საჯარო სექტორებს შორის „მბრუნავი კარის“ არსებობა კორუფციის საფრთხეს წარმოშობს, რადგანაც შესაძლებელია, რომ საჯარო თანამდებობა კერძო სარგებლისთვის იქნება გამოყენებული. ეს გარემოება შეშფოთებას უნდა იწვევდეს საქართველოში, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობა, რომლის მიზანი კერძო სექტორის გავლენისგან სახელმწიფო ადმინისტრაციის დაცვაა, არასრულყოფილია. მართალია, კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის, მაგრამ ეს შეზღუდვები საკმარისად დეტალური არ არის. ამავე დროს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მთელი საჯარო სექტორისთვის ერთიანი და შეზღუდული ხასიათის მარეგულირებელი ნორმების დაწესება წარმატებული მიდგომა აღმოჩნდეს. “მბრუნავ კართან” დაკავშირებული საფრთხეების ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრაციის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია, რაც დიფერენცირებული მიდგომის უპირატესობაზე მიუთითებს.

ჩვენს მოსაზრებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა არასრულყოფილია, პრაქტიკაც ადასტურებს. არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ მთავრობის ყოფილმა წარმომადგენლებმა  თანამდებობის დატოვებიდან მცირე ხანში დიდი ქონება დააგროვეს, ხოლო კომპანიებმა, რომლებსაც ასეთი პირები ფლობენ ან მართავენ, მნიშვნელოვანი შეღავათები ან ექსკლუზიური უფლებები მიიღეს მთავრობისგან. ამის კარგი მაგალითია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და მისი კომპანიები. არსებობს ფაქტები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრები საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შემდეგ ბიზნესში მონაწილეობას აგრძელებენ და ასევე საკმარისი მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ისინი პარლამენტის წევრის სტატუსს თავიანთი კომპანიების სასარგებლოდ იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ არ გამოიძია სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” საეჭვო საქმიანობა იმ პერიოდში, როდესაც მისი ერთ-ერთი მფლობელი პარლამენტის ვიცესპიკერი იყო. ბიზნესთან კავშირების არსებობა ეჭვებს წარმოშობს ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მარეგულირებელი ორგანოს წევრების მიუკერძოებლობის თაობაზე. მათ შორისაა ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისსის ხელმძღვანელი. ამავე დროს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად კახა კალაძე დაინიშნა, რომელიც ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიის თანამფლობელი იყო, ხოლო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ზოგიერთმა პირმა მაღალი სამთავრობო თანამდებობა დაიკავა.

ზემოთქმული არ გულისხმობს, რომ ხსენებული პირები აუცილებლად რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, თუმცა მათ საქმიანობაზე სათანადო ზედამხედველობის არარსებობა და ამ საქმიანობის გამჭვირვალობის ნაკლებობა ეჭვებს წარმოშობს და შესაძლოა მთავრობისადმი საზოგადოების ნდობის შემცირების მიზეზი გახდეს. ამდენად, მნიშვნელოვანია “მბრუნავი კარის” მარეგულირებელი სათანადო ნორმების შემოღება, რათა საზოგადოებაში თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების რწმენა განმტკიცდეს.

სამომავლო ნაბიჯები

  1. 2006 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 57 პროცენტში “მბრუნავი კარი” კანონმდებლობით იყო დარეგულირებული, 21 პროცენტში - ეთიკის კოდექსებით, 4 პროცენტში - როგორც კანონით, ისეთი ეთიკის კოდექსებით, ხოლო 25 პროცენტში რეგულირების მექანიზმები საერთოდ არ არსებობდა. ამრიგად, “მბრუნავი კარი” შედარებით ახალი საკითხია ევროკავშირის ქვეყნებში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD), ხოლო შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმები მცირე ხნის წინ შეიქმნა და სტანდარტიზებული ჯერაც არ არის.
  2. “მბრუნავი კარი” სულ უფრო და უფრო სერიოზული პრობლემაა საქართველოში, რასაც ზემოთ განხილული მაგალითებიც ადასტურებს.
  3. აქედან გამომიდნარე, მნიშვნელოვანია  მთავრობის, მედიისა და ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხის შესახებ და შესაბამისი საჯარო განხილვის წამოწყება, რაც მომავალში “მბრუნავი კარის” მარეგულირებელი სრულფასოვანი პოლიტიკის შემუშავებით უნდა დასრულდეს.
  4. აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ამჟამად ძნელია ისეთი ქვეყნების პოვნა, რომლებიც ამ პრობლემას სათანადოდ არეგულირებენ. ამრიგად, თუ საქართველო ამ პრობლემის მოგვარების მიმართულებით ნაბიჯს გადადგამს და “მბრუნავ კართან” დაკავშირებული საფრთხეების შესამცირებლად კონკრეტულ მარეგულირებელ ნორმებს შემოიღებს, ეს პირველი ამგვარი მცდელობა იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის და საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ რეგიონის ლიდერი გახდეს კეთილსინდისიერი მმართველობის დამყარებისკენ მიმართული რეფორმების მხრივ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახლო მომავალში გამოაქვეყნებს უფრო დეტალურ ანგარიშს „მბრუნავი კარის“ შესახებ, რომელშიც ამ მოვლენასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები და პრობლემები იქნება განხილული, და რეგულირების სფეროში არსებული წარმატებული მაგალითები და რეკომენდაციები იქნება შემოთავაზებული.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“