ENG

Beyond Tbilisi

27 იანვარი, 2012

ოდესმე დაინტერესებულხართ კახეთში რთველის პრობლემებით? ან იმით, თუ რაზე ხარჯავს ბათუმის საკრებულო ბიუჯეტის ფულს? ამ და სხვა მრავალ კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი პროექტი – Beyond Tbilisi („თბილისის მიღმა“) პასუხობს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონული ახალი ამბების უფრო ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება.

პროექტის იდეას საფუძვლად უდევს იმის გაცნობიერება, რომ ძირითადი ქართული მედია რეგიონულ ახალ ამბებს სათანადო ყურადღება არ უთმობს. რეგიონული მედია ასევე არ არის საკმარისად ძლიერი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების პრობლემები და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები შეუმჩნეველი რჩება. არსებულ ვითარებაში რეგიონული მედია დიდად ისარგებლებდა წვდომის გაფართოებით, რის საშუალებასაც Beyond Tbilisi იძლევა.

დასახული მიზნის მისაღწევად ჩვენ თითქმის ყოველ დღე წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი რეგიონული ახალი ამბებისა და სტატიების ქართულ და ინგლისურენოვან მოკლე შინაარსებს. ახალი ამბების მთელ მასალას ვიღებთ ადგილობრივი ჟურნალისტების, გაზეთებისა და საინფორმაციო ცენტრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მასალის თემატიკაზე შეზღუდვა არ არსებობს, უპირატესობა გამომძიებლურ და პრობლემებზე ორიენტირებულ სტატიებს ენიჭება, რადგან ხშირად სწორედ ასეთი ტიპის ახალი ამბებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

Beyond Tbilisi ინტერნეტში ძირითადად სამი სახითაა წარმოდგენილი: ვებ გვერდი, ფეისბუქი და ტვიტერი. ვებ გვერდზე საინტერესო ახალი ამბების მოკლე შინაარსებს ვათავსებთ თანმდევი სურათებითა და ვიდეოებით. ტვიტერზე მოკლე ახალი ამბები იდება, რომელთა გამოხატვა ერთი წინადადებით არის შესაძლებელი. ფეისბუქს კი ვიყენებთ დანარჩენი ორი საშუალების წვდომის გასაფართოვებლად.

გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას რეგიონული მედიის მიერ შექმნილ მასალაზე, რადგან არ ვიძიებთ შერჩეული სტატიების ფაქტობრივ სიზუსტეს. მიუხედავად ამისა, მასალის შერჩევის დროს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენად ობიექტურად და ზედმიწევნით არის დაწერილი სტატია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.beyondtbilisi.ge

ფეიბუქი – http://www.facebook.com/BeyondTbilisi

ტვიტერი – https://twitter.com/#!/BeyondTbilisi

Author: სანდრო ქევხიშვილი