არათანმიმდევრული სანქციები საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთვისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არათანმიმდევრული სანქციები საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთვისთვის

28 თებერვალი, 2013

7 თებერვალს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების უკანონო გადაკვეთის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. მიგვაჩნია, რომ უდავოდ მისასალმებელია საზღვრის დარღვევის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა გაცილებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება, თუ ეს ცვლილებები არამარტო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკანონო შესვლის შესახებ კანონმდებლობასაც შეეხება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში და ასევე „სისხლის სამართლის“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსებში. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის არსებული რედაქციის თანახმად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უკანონო შესვლა ისჯება ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი აღნიშნული ქმედების ჩადენა პირველ ჯერზე არ გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, თუმცა ამ დროსაც სანქციად ისევ ჯარიმაა გათვალისწინებული. ახალი ინიციატივით, აღნიშნულ დანაშაულზე თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გათვალისწინებული, თუ ის ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (არაერთგზის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ა.შ.), მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აშკარაა, რომ ცვლილებების პაკეტი არსებული სანქციების რადიკალურ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, რასაც მივესალმებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი ცვლილებები არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო გადაკვეთას, არამედ ქვეყნის საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე უკანონო მიმოსვლასაც აუცილებლად უნდა შეეხოს. ამ სახით კანონის დამტკიცების შემთხვევაში მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს პირს დაეკისრება 400 ლარის ოდენობის ჯარიმა, ხოლო სახელმწიფო საზღვრის სხვა მონაკვეთის გადაკვეთისას - სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც უდავოდ არათანმიმდევრულია. გარდა იმისა, რომ ეს რეგულაცია უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს დარღვევის ჩამდენ პირებს, ასევე შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრების უკანონო გადმოკვეთის შემთხვევები გაახშიროს. პოტენციური კანონდამრღვევი ბუნებრივად ამჯობინებს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით საზღვრის გადმოკვეთას, რადგანაც ამ ქმედებისთვის მას მხოლოდ ჯარიმა დაეკისრება, საზღვრის სხვა მონაკვეთის გადმოკვეთისას კი - პატიმრობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი და მიზანშეწონილია მოხდეს ოკუპირებულ და ჩვეულებრივ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და მისი ერთგვაროვანი ლიბერალიზაცია.

რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ლიბერალიზაციას, ამის აუცილებლობაზე ევროსაბჭო თავისი რეკომენდაციებით ბევრ ქვეყანას მოუწოდებს. იგივე პოზიცია ხშირად დაფიქსირებულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებშიც. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასეთი ქმედებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გაუმართლებლად მკაცრი სანქციაა. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა აშშ, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, გერმანია რომლებსაც უკანონო იმიგრანტების და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემები გაცილებით მწვავედ უდგათ, ეს საკითხი უფრო ლიბერალურად აქვთ მოწესრიგებული. მაგალითად, აშშ-ს საზღვრის უკანონო გადაკვეთვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ექვს თვემდე პატიმრობა[1], საბერძნეთის - მაქსიმუმ ექვსთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ან/და ჯარიმა[2], იტალიის - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა[3], რუსეთის - ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა[4], გერმანიის - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა[5].

საქართველოში აღნიშნული დანაშაულისთვის მკაცრი სანქციების არსებობის აუცილებლობას აქამდე სწორედ ქვეყანაში უკონტროლო ტერიტორიების არსებობით ასაბუთებდნენ, სადაც მკაცრ რეგულაციებს პრევენციის როლი უნდა შეესრულებინა. ამ ცვლილებათა პაკეტის მიღების შემთხვევაში აღნიშნულ არგუმენტს აზრი ეკარგება და სისხლის სამართლის კოდექსის არსებული რედაქციით გათვალისწინებული სანქცია აბსოლუტურად შეუსაბამო და არათანმიმდევრულ სასჯელად რჩება.

აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ მთავრობა ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგება და საზღვრის გადაკვეთის რეგულაციების სრულ ჰარმონიზაციას მოახდენს. შესაბამისად, ამ პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართვა აუცილებელია, რათა ყველა შესაძლო საფრთხის შეფასება და კანონმდებლობის სათანადო ცვლილება მოხდეს.


 

[1]http://www.law.cornell.edu/uscode/text/8/1325

[2]http://www.mfa.gr/images/docs/ethnikes_theoriseis/codification_of_legislation_en.pdf §83

[3]http://www.globaldetentionproject.org/countries/europe/italy/introduction.html

[4]http://www.uk-rf.com/glava32.html §322

[5]http://www.iuscomp.org/gla/statutes/AufenthG.htm §95

Author: გიგი ჩიხლაძე
parliament