არასაკმარისად გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები აჭარის მუნიციპალიტეტებში
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად პეტიციის წარდგენის შესაძლებლობაა განსაზღვრული. ამავე დროს, თვითმმართველობის კოდექსი მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მოიწვიონ საკრებულოს სხდომა, გამართონ დასახლების საერთო კრება, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში. მუნიციპალიტეტში უნდა ფუნქციონირებდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. თვითმმართველობის კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აკისრებს საქმიანობის საჯაროობისა და თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოქალაქეთათვის წარდგენის ვალდებულებას. ამასთან, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან პერიოდულად გამართონ გასვლითი შეხვედრები მოქალაქეებთან და ადგილზე გაეცნონ მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებულ პრობლემებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოიკვლია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების ფუნქციონირება სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ამჯერად წარმოგიდგენთ აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს.
ზოგადი მიმოხილვა
ბათუმის მერიას, ასევე, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია 2015-2016 წლების მდგომარეობით მუნიციპალიტეტებში შექმნილი იყო თუ არა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ხდება თუ არა დასახლების საერთო კრების მოწვევა.
ასევე დავინტერესდით, მიღებული აქვს თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საერთო კრებისა და სამოქალაქო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებები. გამოვითხოვეთ 2015 და 2016 წელს საერთო კრებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ განხილული საკითხები შესაბამის სხდომის ოქმებთან ერთად. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტში არ მოიწვევა დასახლების საერთო კრება და არ არის შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ვითხოვეთ აღნიშნულის მიზეზების მითითება. დამატებით, გამოვითხოვეთ გამგებელის/მერის მიერ მოქალაქეთა წინაშე 2015 და 2016 წლებში წარდგენილი მუშაობის ანგარიშის ასლები.
ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2015 და 2016 წლებში საკრებულოში რეგისტრირებულ პეტიციათა რაოდენობის შესახებ, ასევე რამდენი იქნა განხილული და განხილვის შედეგები. მივიღეთ ინფორმაცია საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილე მოქალაქეთა რეგისტრაციის წესის შესახებ, ასევე ინფორმაცია 2015-2016 წლებში საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა წინაშე ანგარიშის ჩაბარების შესახებ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოების და გამგეობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყველა შემთხვევებში იყო არასრული და ამ ინფორმაციის ბოლომდე შევსება მაინც ვერ მოხერხდა. ცალკე უნდა გამოიყოს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო: დასახელებული მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი საერთოდ არ მიგვიღია.
დასახლების საერთო კრება
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის პირველი ფორმა დასახლების საერთო კრებაა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული თითოეული ამომრჩეველი რომელიც კრებას ესწრება.
დასახლების საერთო კრების მოწვევის მიზნით:
მინიმუმ სამი ამომრჩეველი ადგენს განცხადებას კრების მოწვევის ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე და წარუდგენს გამგებელს/მერს;
გამგეობა/მერია არეგისტრირებს ინიციატივას და გამგებელი/მერი გასცემს რეგისტრაციის ცნობას 3 სამუშაო დღის განმავლობაში;
რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში განცხადების წარმდგენი პირები ადგენენ იმ ამომრჩეველთა სიას (არანაკლებს 5%) რომელთაც სურთ კრების მოწვევა და კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით განცხადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. რის შემდეგაც კრების მოწვევა შესაძლებელია 15 დღის განმავლობაში;
დასახლების საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული, რომლის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების არანაკლებს 5%-ს;
დასახლების საერთო კრება უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 20 პროცენტი;
დასახლების საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს გამგებელს/მერს, საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით.
აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ დასახლების საერთო კრება მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ამ დრომდე არ გამართულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, უმრავლეს შემთხვევაში ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. უმრავლეს შემთხვევაში მოწვეულ კრებებზე განიხილებოდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილი თანხის მიზნობრივად განკარგვის საკითხი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება ჯამში 87 ჯერ იქნა მოწვეული და ჩატარებული. ყურადსაღებია, რომ გამგეობის მიერ მოწოდებულ დასახლების საერთო კრების ოქმებს მცირე ნაწილში ინფორმაცია კრების მონაწილე მოქალაქეთა შესახებ (სახელი/გვარი) არ არის მითითებული, ასევე არ ფიქსირდება მათი ხელმოწერებიც, ოქმში მხოლოდ კრების მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობაა მითითებული.
დასახლების საერთო კრება არ მოწვეულა ბათუმის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ქ. ბათუმის მერიის მიერ საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინა “დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს მიერ ამ ეტაპისთვის არ არის განხილული და დამტკიცებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმეტაციით ზუსტად ვერ დასტურდება გამართული საერთო კრებების ზუსტი რაოდენობა, თუმცა ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად, აქაც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საერთო კრება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხის განკარგვას შეეხებოდა.
ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული იქნა “დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებები, თუმცა ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ქედის გამგეობის მიერ არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საერთო კრებათა მოწვევის, მათი რაოდენობის და კრებებზე განხილული საკითხების შესახებ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული საერთო კრებების სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ 2016 წელს საერთო კრება 30-ჯერ მოიწვიეს. თითოეულ შემთხვევაში კრების მიერ განსახილველი ერთადერთი საკითხი იყო საერთო კრების სხდომებზე დასახლების რჩეულის არჩევა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად, შუახევში საერთო კრება მხოლოდ ერთჯერ გაიმართა. აღნიშნულ კრებაზე იმსჯელეს სოფელ ცივაძეებში შიდა გზის გაგრძელების, შავტყის მიმართულებით გზის გაყვანის და თარიანგელოდან სასმელი წლის გადმოყვანის თაობაზე. მსჯელობისას პრიორიტეტად სასოფლო გზის გაგრძელება და კეთილმოწყობა იქნა მიჩნეული. აღნიშნულ საკითხს კრების წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად უნდა ითქვას, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, დასახლების საერთო კრების მოწვევისათვის დაწესებული ორი ვალდებულება: 1. ამომრჩეველთა 5% ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნა კრების მოწვევის თაობაზე და მეორე ის, რომ კრება უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუკი მას ესწრება ამომრჩეველთა არანაკლებს 20%, მნიშვნელოვნად ართულებს მისი მოწვევის და ჩატარების შესაძლებლობებს, ცალკეულ დასახლებებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, ცალკეულ სოფლებში კი იმის გამო, რომ შესაძლებელია რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% არ ცხოვრობდეს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ან/და ასევე შესაძლებელია, მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ინტერესი დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ, არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა 20% ინტერესებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დასახლების საერთო კრების მოწვევის შესაძლებლობა მიეცეთ ამომარჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.
საყურადღებოა ისიც, რომ საერთო კრების მოწვევა არ იძლევა მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გარანტიას, კრების მიმართვა მუნიციპალიტეტისადმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
დღეს არსებული მდგომარეობით იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, გამგებელი/მერი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც მოიწვიოს კრება, რათა უშუალო კომუნიკაცია გამგებელს/მერსა და მოსახლეობას შორის იყოს კვარტალური და გარკვეული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით იქნეს მიღებული. თუმცა როგორც წინამდებარე კვლევა აჩვენებს, აღნიშნული ვლდებულება უმრავლეს შემთხვევაში არ სრულდება.
პეტიცია
პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%- ს და საერთო კრებას აქვს უფლება პეტიციით მიმართოს საკრებულოს. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:
ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტი;
მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.
კვლევის ფარგლებში მოწოდებული და დამუშავებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოქალაქეები, უმრავლეს შემთხვევაში, პეტიციით ითხოვენ არა რაიმე სახის სამართლებრივი რეგულირების ცვლილებას, არამედ სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელებას (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცის, წყალგაყვანილობის გამართვის, სპორტული დარბაზის მშენებლობის შესახებ და ა.შ.).
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წლის 22 ივლისიდან 2017 წლის 12 იანვრამდე პერიოდში დარეგისტრირდა 9 პეტიცია. აღნიშნული პეტიციებიდან 5 ეხება საავტომობლო გზებზე სხვადასხვა ტიპის დამხმარე კონტრუქციების მოწყობას. ორი პეტიცია ქუჩისთვის სახელწოდების ცვლილებას, არსებული გზის მონაკვეთისთვის ქუჩის სტატუსის მინიჭებას და სახელდებას შეეხება. ერთი პეტიცია გმირთა მემორიალის დადგმას. მუნიციპალიტეტში წარდგენილი პეტიციებიდან მხოლოდ 1 ეხებოდა სამართლებრივ რეგულაციებში ცვლილების განხორციელებას, კერძოდ მოთხოვნილ იქნა გარე ვაჭრობის ფორმით ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პიროტექნიკის რეალიზაციის აკრძალვა. აღნიშნული პეტიციები შესაბამისი ქვემდებარეობით გადაეგზავნა ქ. ბათუმის მერიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას.
2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა 4 პეტიცია. საკითხები განხილულ იქნა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე და წარმოდგენილი საკითხები ბიუროს გადაწყვეტილებით, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეცა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
ინფორმაცია 2015 წელს წარდგენილი პეტიციების შესახებ არც ხულოს მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა. 2016 წლის მონაცემებით კი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 პეტიცია შევიდა, რომელთაგანაც 2 არ იქნა განხილული არსებითი ხარვეზების გამო. 4 პეტიციის განხორციელება საკრებულომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან პეტიციებით წარმოდგენილი შემოთავაზებები გამგეობის მიერ ეტაპობრივად ხორციელდებოდა. დარჩენილი ორი პეტიცია, 1. სახალხო დღესასწაულის “ხულოელობის” დაფუძნების და ორგანიზების შესახებ და 2. ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გზების მართვის სფეროში, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინების თაობაზე, საკრებულომ დააკმაყოფილა. პროექტი განხორციელდება 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შეტანის შემდგომ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც 2016 წელს დარეგისტრირდა სულ 4 პეტიცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული პეტიციებით ინიცირებული საკითხები, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015-2016 წლებში დარეგისტრირდა 3 პეტიცია. სამუშაო ჯგუფმა განიხილა აღნიშნული პეტიციები და ორი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად ჩათვალა, რის შემდგომაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა და მიიღო განკარგულებები რომლითაც პეტიცია “მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვედა და ზედა განთიადში კლდოვანი გრუნტის დაშლისა და წყალსადენის მილების გადატანის თაობაზე“ და პეტიცია “კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადიდისა და სოფელ ძაბლავეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის თაობაზე” მიჩნეულ იქნა მიზანშეწონილად და ეთხოვა მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი ქმედებების განხორციელება. რაც შეეხება მესამე პეტიციას - “ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზების რეაბილიტაციის თაობაზე” სამუშაო ჯგუფის მიერ პეტიციის შემდგომი განხილვა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.
შუახევის საკრებულოებს ინფორმაცია 2015-2016 წლებში რეგისტრირებული და განხილული პეტიციების შესახებ არ მოუწოდებია.
ამასთან, დამატებთ აღვნიშნავთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, პეტიციის უფლების გამოყენებას გარკვეულწილად აფერხებს საკანონმდებლო დათქმა იმის თაობაზე, რომ პეტიციის ინიცირების უფლება აქვთ კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტს. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზება რთულია, ასევე თუკი საკითხი, რომლის თაობაზეც მზადდება პეტიცია, წარმოადგენდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთ პროცენტზე მცირე ჯგუფის ინტერესს, ასეთი ინიციატივას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა. ამდენად, აუცილებელია პეტიციის წესით საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირების შესაძლებლობა მიეცეს ამომრჩეველთა უფრო მცირე ჯგუფებსაც.
აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი ელექტრონული პეტიციის სისტემა. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დაიწყო მუშაობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ვფიქრობთ, რომ იდენტური სისტემა უნდა დაინერგოს აჭარის მუნიციპალიტეტებშიც.
პეტიციათა ელექტრონულ რეგისტრაციასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებას, მუნიციპალიტეტებმა პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია პეტიციათა შესახებ, პეტიციის რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში
კანონმდებლობა სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთ მექანიზმს იცნობს, მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის სახით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის შესახებ ზოგადი ჩანაწერია მოცემული, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტეს გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვა.
როგორც აჭარის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, თანამდებობის პირები მართავენ შეხვედრებს და ანგარიშებს მოქალაქეთა წინაშე საჯაროდ წარადგენენ. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე ხელმისაწვდომია ანაგრიშების ელექტრონული ვერსიებიც.
რაც შეეხება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს, ბათუმის და შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეთა წინაშე საჯარო შეხვედრების გზით წარდგენილი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, თუმცა მიგვითითეს ოფიციალურ ვებგვერდზე არასრულად განთავსებული ანგარიშების ელექტრონული ვერსიებზე.
ელექტრონული ანგარიშგების სისტემაზე მიგვითითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც, ამ შემთხევაშიც ანგარიშების მხოლოდ ნაწილია განთავსებული ვებგვერდზე. რაც შეეხება მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრებს ანგარიშის წარდგენის მიზნით, 2015-2016 წლებში ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ ასეთი შეხვედრები არ განხორციელებულა. ხოლო ხელვაჩაურის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამგეობა წლიურ ანგარიშებს მოქალაქეებს საჯაროდ წარუდგენს.
ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები ახორციელებენ როგორც გასვლით, ასევე ადგილზე შეხვედრებს და საჯაროდ აბარებენ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას. ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრები აქტიურად ხვდებიან მოქალაქეებს, თუმცა ამ შეხვედრებზე ანგარიშის ოფიციალურად წარდგენა არ ხდება. საკრებულოსგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისათვის საჯაროდ აქვს წარდგენილი 2015 და 2016 წლების ანგარიში.
თანამდებობის პირთა მეტი ანგარიშვლადებულების მიზნით:
უნდა გაიზარდოს თანამდებობის პირების მხრიდან ანგარიშის წარდგენის ინტენსივობა. ანგარიში უნდა იყოს წერილობითი, წინასწარ დადგენილი ფორმატით. ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირით ადრე მაინც, რათა მოქალაქეთა მაქსიმალურად მეტ რაოდენობას მიეცეს შეხვედრაზე დასწრების, ანგარიშის მოსმენისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა.
ანგარიში უნდა იყოს სავალდებულო წესით საჯაროდ წარსადგენი ოფიციალური დოკუმენტი. ანგარიშის შედგენის, მისი გამოქვეყნებისა და მოსახლეობასთან მისი გაცნობის მიზნით შეხვედრების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამგეობის/მერიის, საკრებულოს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოყენებულ უნდა იქნას დისციპლინური ღონისძიება. მაგალითად თანამდებობრივი სარგოს ან უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის ნაწილობრივი დაქვითვა;
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგნენ წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც. წლის დასაწყისში ამომრჩევლებს უნდა მიეწოდოს წლის განმავლობაში (საბიუჯეტო წლის მანძილზე) დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ხოლო წლის ბოლოს (მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე) კი განხორციელებული სამუშაოს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
ანგარიშები სავალდებულო წესით უნდა აიტვირთოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე..
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
ადგილობრივი თვითმმართველობის მიხედვით მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/რაიონის გამგებელს მიეცა შესაძლებლობა შექმნას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც თავისი არსით არის სათათბირო ორგანო, იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც და მის შემადგენლობაში შედიან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოსთან განიხილოს:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის წარდგენამდე;
სივრცითი დაგეგმაების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეორგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადები;
სხვადასხვა სახის ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები;
ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
მერი/გამგებელი წელიწადში ერთხელ უნდა წარსდგეს საბჭოს წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით.
როგორც მუნიციპლაიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია და სხდომებს მართავენ შუახევის, ხულოს და ბათუმის მუნიციპალიტეტებში.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტებში, თუმცა საბჭოს მოწვევა და მის მიერ საკითხების განხილვა დღემდე არ მომხდარა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არ არის შექმნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს კონსულტაციები დებულების შემუშავებისა და დამტკიცებისთვის.
საინტერესოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა. კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცულია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
ინფორმაცია საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესახებ
აჭარის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას საკრებულოსა თუ გამგეობაში გასამართი სხდომის შესახებ. მოქალაქეებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ მოგვწერა, ამ უფლებას მოქალაქეები იშვიათად იყენებენ. მუნიციპალიტეტებში უმრავლეს შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხდომებში მონაწილე მოქალაქეთა რეგისტრაციას და მათ მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრის ასახვას სხდომის ოქმში. ამასთან საყურადღებოა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომებზე და საკრებულოს კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოქალაქეებს არასდროს მიუმართავთ.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა
მოქმედი კანონმდებლობა ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, თუმცა ამ უფლებასაც მოქალაქეები იშვიათად მიმართავენ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი წახალისების მიზნით ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მხრიდანაც, რათა საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს მოქალაქეთა ყველა ჯგუფის საჭიროებებს.
ზემოაღნიშნული მიზნით:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებამდე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნდა გამართონ შეხვედრები შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ყველა დასახლებულ პუნქტში და ადგილზევე მოიკვლიონ არსებული პრობლემები და საჭიროებები;
ბიუჯეტის პროექტის შემუშავების შემდეგ კი წარუდგინონ მოსახლეობას, გამოაქვეყნონ ელექტრონული ვერსია, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცეს მისი შესწავლის, განხილვის და დასაბუთებული შენიშვნებისა თუ წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა.
დასკვნა
წინამდებარე კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების საკანონმდებლო დონეზე არსებობისა, მოქალაქეთა ჩართულობა აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არის არასაკმარისი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: მოქალაქეეებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებსა და შესაძლებლობზე. გარდა ამისა, არსებული მექანიზმები არ იძლევიან ეფექტური ჩართულობისა თუ მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას.
წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი იქნა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი ცალკეულ შემთხვევებში ცდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს და მისი უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს, თუმცა აღსანშნავია მუნიციპალიტეტების საკრებულოების და გამგეობების/მერიის როლი მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში და ვალდებულება, საქმიანობა წარმართონ გამჭვირვალედ მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.