ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კიდევ ერთი კომპანია აჭარის შესყიდვებიდან 5 მილიონიან სარგებელს იღებს  - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კიდევ ერთი კომპანია აჭარის შესყიდვებიდან 5 მილიონიან სარგებელს იღებს 

15 აგვისტო, 2022

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მონიტორინგს. 

შპს „როდამ” დაფუძნებიდან - 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი (2,611,087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია. 

101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ 2-ჯერაა შემსყიდველი აჭარის გარეთ მდებარე წალკის მუნიციპალიტეტი. მხოლოდ წელს, 1 აგვისტომდე შპს “როდამ” მიიღო 1,073,537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.

„როდას” მიერ მიღებული შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 2013-2022 წლებში

გამოუცდელი კომპანიის საეჭვო წარმატებული სტარტი სახელმწიფო შესყიდვებში 

„როდა” ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, ავთანდილ ბოლქვაძის შვილის, დავით ბოლქვაძის კომპანიაა. დავით ბოლქვაძე კომპანიის დაფუძნების დღიდან - 2013 წლის 16 მაისიდან ფლობს 100% წილს და მისი დირექტორია. გამოუცდელმა კომპანიამ 117,610 ლარის ღირებულების პირველი სახელმწიფო შესყიდვა რეგისტრაციიდან 2 კვირაში, 2013 წლის 29 მაისს აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისგან მიიღო. ასეთივე დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გაიმარჯვა „როდამ” ამავე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ მეორე მრავალათასიან შესყიდვაში. სულ ამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში გაიმარჯვა “როდამ” და ჯამურად 510,173 ლარი მიიღო. ამ პერიოდში დეპარტამენტის ლოჯისტიკა-ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრი ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე იყო. დღეს როლანდ ბოლქვაძე აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ისევ შედის დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში.

მუნიციპალური ფინანსების „უკუგორების” რისკები ხულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში 

კორუფციულ რისკებს წარმოაჩენს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში შპს „როდას” მონაწილეობა: კომპანიამ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში 52-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის 14 შემთხვევაში - უკონკურენტოდ და 4-ჯერ - კონკურენტების დისკვალიფიკაციით. ხულოს მუნიციპალიტეტმა “როდას” 31-ჯერ ხელშეკრულება იმაზე მეტ თანხაზე გაუფორმა, ვიდრე კომპანიამ თავიდან შესთავაზა. „Როდას” გაზრდილი ფასით ხელშეკრულებას უფორმებენ მაშინაც, როცა ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაბალი ფასით და მაშინაც, როცა „როდას” კონკურენტი კომპანია შემსყიდველს მეტოქეზე დაბალ ფასს სთავაზობს, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიცირდება, „როდასთან” კი ხელშეკრულებას რამდენიმე ათასი ლარით გაზრდილ თანხაზე აფორმებენ:

ცხრილიდან ჩანს, რომ მუნიციპალიტეტმა 27 შემთხვევაში „როდას” სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ სავარაუდო ღირებულებაზე დიდ თანხაზე გაუფორმა ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაბალ ფასს სთავაზობდა. თვალშისაცემია, რომ ამგვარი გარიგებების უმეტესობა „როდასთან” უკონკურენტობის პირობებში დაიდო. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობა თანხებს შორის დიდი მოცულობის არ არის, შემთხვევათა რაოდენობა და ერთნაირი მიდგომა ეჭვებს იწვევს მუნიციპალური საბიუჯეტო თანხების სახელმწიფო შესყიდვების გზით „უკუგორებასთან” დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ოქმებში არ ასაბუთებენ, თუ რატომ უფორმებენ „როდას” ხელშეკრულებებს არათუ მის მიერ შეთავაზებული ფასად, არამედ ტენდერების სავარაუდო ღირებულებაზე ძვირადაც. 

„როდას” კავშირები ანზორ ბოლქვაძის სხვა ბიზნესმენ ნათესავებთან

კომპანია „როდა” უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვა სამეწარმეო ჯგუფს, რომელიც ასევე ანზორ ბოლქვაძის ნათესავებმა შექმნეს: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებულ ერთ-ერთ შესყიდვაში გამარჯვებულმა „როდამ” ბეტონის მიწოდების სამუშაოების გარანტიად რომან ბოლქვაძესთან სატვირთო თვითმცლელის იჯარის ხელშეკრულება წარადგინა. რომან ბოლქვაძე შპს „გიგა 2015”-ის დირექტორია და სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ რეგისტრაციაში შპს „როდას” ელექტრონული ფოსტის მისამართად r.ananidze@mail.ru აქვს მითითებული. ამ მისამართით არის რეგისტრირებული ანზორ ბოლქვაძის ცოლის საკუთრებაში არსებული კომპანია „ჰორიზონტი” - მისამართი რეზო ანანიძეს ეკუთვნის, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია. ამაზეც ვრცლად ჩვენს წინა კვლევაში დავწერეთ. 

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს კომპანიის დამფუძნებელმა, მეწილემ და დირექტორმა დავით ბოლქვაძემ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მიუთითა bolqvadze-rolandi@mail.ru - როლანდ ბოლქვაძე კი, როგორც ზევით ვახსენეთ, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის შვილი და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

„Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ საგამოძიებო სამსახურებმა უნდა შეისწავლონ ის ხელშეკრულებები,  რომელიც „როდასთან” ხულოს მუნიციპალიტეტმა გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა. ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე.