ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

11 აგვისტო, 2026

I. შესავალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განაგრძობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას.

2026 წლის 21 ივლისს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია, რომლებშიც შეტანილი იქნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები, რომელთა დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში ამა თუ იმ ფორმით მათ მონაწილეობას, მათ მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობას.

2026 წლის ივლისის ბოლოს ჩვენ დაგვიკავშირდა ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატი, გადმოგვცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდების საქმის მასალები და გვთხოვა ამ საქმეზე სამართლებრივი შეფასების მომზადება.

ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი არის ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. იგი იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. პარლამენტში იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანების „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ პარტიული სიით იქნა არჩეული. ამჟამად იგი ოპოზიციური გაერთიანება “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრია.

ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

2026 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ტერორსტული აქტის ჩადენის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა ტერორისტული მიზნით.

სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები; ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი:

1) დადასტურდა თუ არა ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა;

2) დადასტურდა თუ არა ამ ქმედების ჩადენა სსკ-ის 323-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული ტერორისტული მიზნით.

პირველი საკითხის მიმართ სასამართლოს მსჯელობა დამაჯერებელია და არ აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა შესაძლოა არ ჩაიდინა ცეცხლის წაკიდების მცდელობა. სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ვიდეო მასალა და ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა უტყუარად ადასტურებს, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი. მეტიც, თავად ელისაშვილმაც დაადასტურა, რომ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობას ბენზინი დაასხა მისი გადაწვის მიზნით.

განაჩენის მთავარი სამართლებრივი პრობლემა, შესაბამისად, არა ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტის დამტკიცებაში, არამედ ამ ქმედების ტერორისტულ დანაშაულად კვალიფიკაციაში მდგომარეობს.

II. ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების დადგენილი მოტივი

სასამართლოს განაჩენიდან ირკვევა, რომ ელისაშვილი უკმაყოფილო იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებითა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობით.

სასამართლოს მანდატურების ჩვენებების თანახმად, რომლებმაც წაუსწრეს ელისაშვილს და მისი შეპყრობა განახორციელეს, დაკავების შემდეგ ელისაშვილმა თითქოს მათ განუცხადა, რომ „მე ჩემი ქვეყანა მიყვარს, პატრიოტი ვარ, სასამართლოში უსამართლობა ხდება, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ და ამიტომ ვაპირებდი მის დაწვასო“ (იხ. განაჩენის 2.8-2.11 პუნქტები).

განაჩენის მიხედვით, თავის საბოლოო სიტყვაში ალექსანდრე ელისაშვილმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდებოდა დაკავებები და ფიზიკური ძალადობა. ჯერ კიდევ პარლამენტის მოქმედი წევრი იყო, როდესაც 2024 წელს პირდაპირ ეთერში დააკავა პოლიციამ და თავპირი დაულეწა. კადრებში ჩანან ის პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, მაგრამ მათ მიმართ გამოძიებას არაფერი მოუმოქმედებია. ამის შემდეგ „ქორთიარდ მერიოტში“ სიტყვით გამოსვლისას ისევ დააკავეს და ნეკნი მოსტეხეს. ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობაც, თუმცა ისინიც არავის დაუკავებია. რაც შეეხება სასამართლოს შენობაში მის დაკავებას, მას შემდეგ, რაც მას ხელბორკილები დაადეს, ასე ხელბორკილდადებული დივანზე დააგდეს და სამი ადამიანი ოცი წუთი ურტყამდა.ელისაშვილის თქმით, მანდატურებმა სასამართლოს გულისამრევი უღირსი ჩვენებები მისცეს. პისტოლეტი, რომელიც მას თან ჰქონდა არ ამოუღია და არ გამოუყენებია. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, ქვეყანაში რაც ხდება, სასამართლოს შენობაში ახალგაზრდა გოგოებს როგორ ექცეოდნენ, მანდატურები ძირს ათრევდნენ და აფურთხებდნენ, უღირსად ექცეოდნენ და მერე ამბობდნენ ესენი ქალები არ არიანო. ის პროტესტი ახრჩობდა, რაც ჰქონდა და როგორც შეეძლო ისე იმოქმედა. საჭიროდ ჩათვალა, რომ ემოქმედა და ხელისუფლებისთვის შეეფურთხებინა, არ გამოუვიდა... ერთადერთი ამას ნანობს, რომ ასე მარტივად დაიჭირეს (იხ. განაჩენის 2.56 პუნქტი).

ამრიგად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს ქმედების პოლიტიკურ და საპროტესტო მოტივზე.

III. ჩადენილი ქმედების პოტენციური ზიანი და მისი სამართლებრივი მნიშვნელობა

ელისაშვილის მიერ სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტის არსებობა სადავო არ არის. თავად ელისაშვილმაც აღიარა, რომ შენობას ბენზინი დაასხა მისი გადაწვის მიზნით. შესაბამისად, ამ მხრივ, მსჯელობას აღარ გავაგრძელებთ.

სხვა საკითხია, ორიოდე ლიტრი ბენზინის გამოყენებით სასამართლოს მთავარი შენობიდან განცალკევებით არსებული კანცელარიის შენობის ერთ ოთახში გაჩენილ ხანძარს პოტენციურად შეეძლო თუ არა გამოეწვია ხანძრის კანცელარიის მისაღების მთელ შენობაზე და, მით უმეტეს, სასამართლოს ძირითად შენობაზე გავრცელება. სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში დამაჯერებელი არ არის. სასამართლომ გაიზიარა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტის განმარტება, რომლის თანახმად, „შენობის დაწვისთვის აუცილებელი არ არის ყველა სართულზე და ყველა ოთახში ბენზინის დასხმა.“ (იხ. განაჩენის 2.34 და 3.35 პუნქტები). თუმცა, ექსპერტს არ უთქვამს, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში ხანძარი აუცილებლად კანცელარიის მთელ შენობას მოედებოდა.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე და იცის შენობების განლაგება, სრულიად დაუსაბუთებლად მოსჩანს სასამართლოს დასკვნა, რომ ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას შეეძლო სასამართლოს ეზოში განთავსებული ყველა შენობის განადგურება.

თუმცა, განურჩევლად იმისა, მართებულია თუ არა სასამართლოს განაჩენი ზიანის გამოანგარიშების ნაწილში, ეს გარემოება მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ იმის დასადგენად, თუ რამდენად ქმნიდა ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის რეალურ საფრთხეს. მაგრამ, როგორც შემდგომი ანალიზი აჩვენებს, ის ფაქტი, რომ ხანძარს შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა, თავისთავად არ ადასტურებს, რომ ქმედება ტერორისტული მიზნით იყო ჩადენილი.

IV. ტერორისტული მიზანი - ტერორისტული დანაშაულის შემადგენლობის სპეციალური ელემენტი

სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტერორისტული აქტი განმარტებულია, როგორც „აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით.“

სსკ-ის 323-ე მუხლის ანალიზი შეიძლება დაიყოს სამ დამოუკიდებელ საფეხურად:

1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა — ამ შემთხვევაში ცეცხლის წაკიდება;

2) ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება;

3) ტერორისტული მიზანი, როგორც სპეციალური სუბიექტური ელემენტი.

მეორე ელემენტის არსებობა თავისთავად არ ქმნის მესამე ელემენტის არსებობის პრეზუმფციას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა თითოეულ ელემენტზე დამოუკიდებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

იმავე 323-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით, „ტერორისტული მიზანია“:

ა) მოსახლეობის დაშინება;

ბ) ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება;

გ) ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.

ამრიგად, ტერორისტული მიზნის არსებობა არ შეიძლება მხოლოდ ქმედების სიმძიმიდან ან მისი პოტენციური შედეგებიდან, მათ შორის, ზიანის ოდენობიდან გამომდინარეობდეს.

სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ის, რომ ელისაშვილს სურდა სასამართლოს შენობის გადაწვა და რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, არამედ ისიც, თუ კონკრეტულად რა სპეციალური მიზანი ამოძრავებდა მას ამ ქმედების განხორციელებისას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ელისაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული განმარტებები საკმაოდ მკაფიოდ მიუთითებს მის პოლიტიკურ პროტესტზე.

V. ჩადენილი ქმედების მოტივი და ტერორისტული მიზანი: ორი განსხვავებული სამართლებრივი ცნება

განაჩენის ყველაზე პრობლემური ნაწილია სასამართლოს დასკვნა, რომ: „შესაბამისად ალექსანდრე ელისაშვილისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის მოტივი და მიზანიც სახეზეა.“ (იხ. განაჩენის 3.33 პუნქტი). ამ დასკვნის პრობლემა ისაა, რომ სასამართლო ერთმანეთისგან მკაფიოდ არ მიჯნავს მოტივს და ტერორისტულ მიზანს.

კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ელისაშვილს ჰქონდა მკაფიო მოტივი: იგი უკმაყოფილო იყო ხელისუფლებისა და სასამართლოს საქმიანობით, მიიჩნევდა სასამართლოს უსამართლოდ და სურდა ამ უკმაყოფილების რადიკალური ფორმით გამოხატვა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არსებობდა კანონით განსაზღვრული ტერორისტული მიზანი. პოლიტიკური პროტესტი შეიძლება იყოს დანაშაულის მოტივი, მაგრამ პოლიტიკური მოტივი თავისთავად არ არის ტერორისტული მიზანი.

სისხლის სამართალში დანაშაულის მიზანი და მოტივი ყოველთვის სუბიექტური მხარის ნაწილია, თუმცა მისი როლი ორად იყოფა. მიზანი შეიძლება იყოს დანაშაულის სავალდებულო ნიშანი ან ფაკულტატური (დამატებითი) ნიშანი. მიზანი დანაშაულის შემადგენლობის ელემენტია და, აქედან გამომდინარე, სავალდებულო ნიშანია ისეთ დროს, როდესაც კონკრეტული მუხლის დისპოზიციაში პირდაპირ არის მითითებული კონკრეტული მიზანი. ასეთ დროს მიზანი ხდება დანაშაულის სავალდებულო შემადგენელი ნაწილი და მისი არსებობა ან არარსებობა გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე: თუ ეს კონკრეტული მიზანი არ დასტურდება, ქმედება იმ მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება; შესაბამისად, პირს ან საერთოდ არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სხვა მუხლზე.

სსკ-ის 323-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიზანი, კერძოდ, „ტერორისტული მიზანი“, რომელიც მითითებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, სწორედ დანაშაულის სავალდებულო ნიშანია, რადგან მისი შემადგენლობის ნაწილია. შესაბამისად, გამოჰქონდა რა გამამტყუნებელი განაჩენი ტერორისტული აქტის გამო, სასამართლოს ვალდებული იყო მიეთითებინა ამ მიზნის არსებობის დამამტკიცებელი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთებდა ამგვარი ტერორისტული მიზნის არსებობას.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ელისაშვილის განმარტებას, რომ მას ხელისუფლებისთვის „შეფურთხება“ სურდა. ეს ფრაზა შეიძლება მიუთითებდეს ხელისუფლების მიმართ უკიდურესად რადიკალურ პოლიტიკურ პროტესტზე. თუმცა, მისი მნიშვნელობა არ შეიძლება ავტომატურად გაიგივდეს ხელისუფლების ორგანოს დესტაბილიზაციის ან კონსტიტუციური სტრუქტურების განადგურების მიზანთან. სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რა კონკრეტული მნიშვნელობით გამოიყენა ელისაშვილმა ეს გამოთქმა და რატომ უნდა ჩაითვალოს იგი ტერორისტული მიზნის პირდაპირ ან ირიბ მტკიცებულებად, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.

ამასთანავე, სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად ტერორისტული მიზნის რომელი სახეობა ამოძრავდებდა ელისაშვილს, იყო ეს მოსახლეობის დაშინება, ხელისუფლების ორგანოს იძულება, შეესრულებინა ან არ შეესრულებინა ესა თუ ის მოქმედება, თუ ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება. კიდევ ერთხელ, ასეთი რამ სასამართლოს არ განუხორციელებია. განაჩენში ვერსად იპოვით ადგილს, სადაც სასამართლო დეტალურად, ფართოდ და დამარწმუნებლად მსჯელობს, რომ ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზნის რომელიმე ზემოთ მითითებული ნიშანი იკვეთება.

ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ ტერორისტული მიზნის თითოეულ სახეობას და მის არარსებობას მოცემულ შემთხვევაში.

VI. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რომ ელისაშვილს ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა

ა) მოსახლეობის დაშინების მიზნის არარსებობა

ტერორისტული მიზნის პირველი ალტერნატივა — მოსახლეობის დაშინება — განაჩენის წარმოდგენილ ნაწილში საერთოდ არ არის გაანალიზებული. ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არ მიუთითებს, რომ მას სურდა მოსახლეობის დაშინება. მისი სამიზნე, სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ფაქტების მიხედვით, იყო სასამართლო ხელისუფლება და ხელისუფლება ზოგადად.

სასამართლოს უნდა ეპასუხა კითხვაზე, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება ადასტურებდა, რომ ელისაშვილი მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად. სასამართლო ამ კითხვას დადებითად ვერ უპასუხებდა, რადგან ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში და საერთოდ ბუნებაში არ არსებობს.

ბ) ტერორისტული მიზნის მეორე ალტერნატიული ნიშნის  - ხელისუფლების ორგანოს იძულების, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება - არარსებობა

ტერორისტული მიზნის პირველი სახეობის მსგავსად, საქმის მასალებში არაფერი ადასტურებს იმას, რომ ელისაშვილს ქმედებაში არსებობდა ტერორისტული მიზნის მეორე სახეობაც. ამის შესახებაც სასამართლოს არ უმსჯელია და თუნდაც ემსჯელა, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ის ვერ მივიდოდა დასკვნამდე, რომ ელისაშვილი, სასამართლოს კანცელარიის მისაღებისთვის ცეცხლის წაკიდების გზით, მიზნად ისახავდა ხელისუფლების მიერ რაღაც მოქმედების შესრულებას ამ მისი შესრულებისგან თავის შეკავებას.

გ) ქვეყნის პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაციის ან განადგურების მიზნის არარსებობა

დაბოლოს, ქმედების შესაძლო ტერორისტულ მიზნად შეიძლება განიხილებოდეს ხელისუფლების ორგანოს ან ქვეყნის კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.

ელისაშვილის მოქმედება უდავოდ იყო ხელისუფლებისა და სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქმედების ავტორს ქვეყნის კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაციის ან განადგურების მიზანი ამოძრავებდა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სასამართლოს შენობისათვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. თუმცა, უნდა განვასხვავოთ კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს დაზიანების ან მისი ფუნქციონირების დროებით შეფერხების სურვილი ქვეყნის ფუნდამენტური პოლიტიკური ან კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაციის ან განადგურების სპეციალური მიზნისგან. მხოლოდ პირველი გარემოების დადგენა ავტომატურად არ ამტკიცებს მეორეს.

შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა, სურდა თუ არა ელისაშვილს:

  • კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს ფუნქციონირების პარალიზება;
  • სასამართლოს სისტემის დესტაბილიზაცია;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურება;
  • კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა ან მოშლა.

ამ კითხვებზე პასუხების გაცემას სასამართლოს არც უცდია. მან იმსჯელა მხოლოდ ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთ ოთახში გაჩენილ ხანძარს შეეძლო მთელი შენობის დაწვა, შეიძლება საკმარისი ყოფილიყო ქმედების ობიექტური საშიშროების დასადასტურებლად, თუ გასაზიარებელი იქნებოდა სასამართლოს თავისთავად არასარწმუნო დასკვნა, რომ ელისაშვილს, იმ საშუალებებით, რომელიც ხელთ ჰქონდა, შეეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში არსებული ყველა შენობის, მათ შორის, ძირითადი შენობის განადგურება. მაგრამ ეს გარემოება, თუნდაც მისი არსებობა სარწმუნო ყოფილიყო, რაც ასე არ არის, მაინც ვერ უპასუხებდა კითხვას, რომელი კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი კონკრეტული მტკიცებულება ადასტურებდა ასეთ მიზანს.

ამრიგად, სასამართლო ვალდებული იყო ერთმანეთისგან გაემიჯნა ქმედების ობიექტური ელემენტი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის საფრთხეს და სუბიექტური ელემენტი - ემსახურებოდა თუ არა ქმედება ქვეყნის კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაციის ან განადგურების მიზანს. თუნდაც პირველის დამტკიცება წარმატებით განხორციელებულიყო. ავტომატურად ეს მაინც ვერ დაადასტურებდა მეორეს.

ტერორისტული მიზნის არსებობის დამტკიცების გარეშე, სასამართლო ვალდებული იყო ალექსანდრე ელისაშვილი გაემართლებინა ტერორისტული აქტის ბრალდებაში და მისი ქმედება გადაეკვალიფიცირებინა სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

VII. სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სხვა ძირითადი უფლებების დარღვევა

რადგან სასამართლომ, პროკურატურის კვალდაკვალ, ვერ მოახერხა სსკ-ის 323-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტის ტერორისტული მიზნის არსებობის დამტკიცება და ამის მიუხედავად ალექსანდრე ელისაშვილი მაინც ცნო დამნაშავედ ტერორისტული აქტის მცდელობის ჩადენისათვის, მან დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლომ ჯეროვნად უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება და, კერძოდ, მიუთითოს იმ მიზეზებზე, რომლებსაც დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება (Yasak v. Türkiye, no. 15669/20, [GC] 26 September 2023, § 305).

როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ ვერ მიუთითა საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე, რომლებიც კონკრეტულად ამყარებდა სპეციალური სუბიექტური ელემენტის არსებობას, და ვერ უპასუხა დაცვის არსებით არგუმენტს, რომ პოლიტიკური პროტესტის მოტივი არ უდრის კანონით განსაზღვრულ ტერორისტულ მიზანს.

ელისაშვილის საქმეში, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარდა, ასევე იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დაცული უფლების დარღვევის ნიშნებიც.

აღნიშნული მუხლი განამტკიცებს პრინციპს „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“ და იგი ბრალდებულს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის, თვითნებური მსჯავრდებისა და სასჯელისაგან იცავს (Yüksel Yalçınkaya v. Türkiye, no. 17389/20, [GC] 5 May 2026, § 190).

კონვენციის მე-7 მუხლის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა შიდა კანონმდებლობის მიმართ ისეთივეა, როგორც კონვენციის სხვა მატერიალური მუხლებისა - კანონი საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს, ამ მუხლის მოთხოვნებს რომ პასუხობდეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, შიდა სასამართლოების მიერ შესაბამისი კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობამ ან მისმა არაგონივრულმა განმარტებამ და გამოყენებამ, თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა (იქვე, § 192).

მეტიც მე-7 მუხლი განამტკიცებს პრინციპს nulla poena sine culpa („არ არსებობს სასჯელი ბრალის გარეშე“), ვინაიდან იგი იცავს ნებისმიერი პირის უფლებას, არ დაისაჯოს მანამ, სანამ სათანადოდ არ დადგინდება მისი პირადი პასუხისმგებლობა. ბრალის ინდივიდუალიზაციის ეს მოთხოვნა ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე პრინციპს მოიცავს, მათ შორის, კოლექტიური ბრალის პრინციპის უარყოფას და დანაშაულის ობიექტურ მხარესთან ერთად სუბიექტური მხარის - მენტალური ელემენტის (mens rea) დამტკიცების აუცილებლობასაც (იქვე, § 193).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ალექსანდრე ელისაშვილის კანონის აჩენს სერიოზულ კითხვებს კანონის განჭვრეტადობის, სისხლისსამართლებრივი ნორმის თვითნებური ან არაგონივრულად გაფართოებული გამოყენებისა და პირადი ბრალის პრინციპის დარღვევის კუთხით. ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა, შეიძლებოდა თუ არა სსკ-ის 323-ე მუხლის ასეთი გამოყენება გონივრულად განჭვრეტადი ყოფილიყო, თუ პოლიტიკური პროტესტი და სახელმწიფო ორგანოსთვის ზიანის მიყენება, ტერორისტული მიზნის კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, საკმარისად იქნა მიჩნეული ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციისთვის.

რაც მთავარია, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილის ქმედებაში ვერ დაამტკიცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ტერორისტული მიზნის არსებობა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, დიდი ალბათობით, ასევე დაირღვა კონვენციის მე-7 მუხლიც.

დაბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებით, მე-6 და მე-7 მუხლებთან ერთობლიობაში, რომელიც კრძალავს კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენებას არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული.

კერძოდ, ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.

VIII. აკმაყოფილებს თუ არა ალექსანდრე ელისაშვილი ევროსაბჭოს მიერ დადგენილ პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმებს?

ზემოთ აღწერილი გარემოებები ბუნებრივად წარმოშობს კითხვას, შეიძლება თუ არა ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად. ამ საკითხის შეფასება უნდა მოხდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE 1900 (2012)) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული რეზოლუციის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი პოლიტიკური პატიმარი არ არის, თუ იგი ტერორისტული დანაშაულისთვის ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად იქნა დევნილი და მსჯავრდებული.

ამ დებულებიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი პრინციპი: ტერორიზმისთვის ფორმალური მსჯავრდება თავისთავად არ გამორიცხავს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს, თუ თავად ტერორიზმის კვალიფიკაცია ან მსჯავრდება არ შეესაბამება ეროვნულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

ამიტომ ელისაშვილის შემთხვევაში გადამწყვეტია არა ის, რომ მას სასამართლომ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მიუსაჯა სასჯელი, არამედ ის, თუ რამდენად სწორად და კანონიერად იქნა დადგენილი ტერორისტული მიზანი და, შესაბამისად, რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო პროცესი და გამოტანილი განაჩენი.

როგორც ზემოთ დეტალურად იქნა გაანალიზებული, ცნო რა ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ არა სხვის ნივთის დაზიანება/განადგურების, არამედ ტერორისტული აქტის მცდელობაში, სასამართლომ არ უზრუნველყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ტერორისტული მიზნის არსებობის დამტკიცება, რითაც დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და სხვა მუხლები.

როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზემოაღნიშნულ 1900 (2012) რეზოლუციასთან დაკავშირებულ მოხსენებაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, არ არის აუცილებელი, რომ იგი სრულიად “უდანაშაულო” იყოს (იხ. მოხსენების პ. 16). ბრალის მიუხედავად, პირი მაინც შეიძლება იქნეს მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრად, თუ სასჯელი არაპროპორციული ან დისკრიმინაციულია, ანდა სასჯელი მას სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით დაეკისრა (იხ. მოხსენების პ. 10).

შესაბამისად, ალექსანდრე ელისაშვილი სრულიად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ის მსჯავრდებულ იქნა აშკარად არასამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო მისი სასჯელი არის აშკარად არაპროპორციული იმ ქმედების მიმართ, რომელიც მან ჩაიდინა.

საბოლოო დასკვნა

  • საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს ჰქონდა სრული საფუძველი დაესკვნა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა.
  • თუმცა, განაჩენის მთავარი პრობლემა ელისაშვილის ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.
  • სასამართლომ სწორედ დაადგინა ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივი: იგი უკმაყოფილო იყო სასამართლოსა და ხელისუფლების საქმიანობით, საკუთარ ქმედებას პოლიტიკური პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევდა და ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურდა.
  • მაგრამ პოლიტიკური მოტივი და ტერორისტული მიზანი ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი ცნებებია.
  • სასამართლოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად რომელი ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი კონკრეტული მტკიცებულებები ადასტურებდა ამ მიზანს. სასამართლომ ეს მოვალეობა ვერ შეასრულა.
  • ცნო რა ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ტერორისტული აქტის მცდელობაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული მიზნის არსებობა ვერ დაამტკიცა, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები.
  • ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
  • ალექსანდრე ელისაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკური პატიმრების სიაში.