ახალმა კანონმა ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები უნდა შექმნას
საქართველოს პარლამენტის ბიუროში 23 თებერვალს დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობის ახალი კანონის პროექტი, „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“. კანონპროექტის ავტორია საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი.
გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მის პლენარულ სხდომაზე გატანას. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მოსმენა უახლოეს დღეებში იგეგმება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ კანონმდებლობის ცვლილება უმეტესად ტექნიკურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, არამედ იყოს შინაარსობრივი და აძლიერებდეს ამ ინსტიტუტის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმებს. საგადასახადო (ბიზნეს) ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ ეფექტურად ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს, საჭიროებს საკუთარი უფლებამოსილებისა და როლის გაძლიერებასა და დახვეწას, რათა ხელი შეეწყოს ამ საქმიანობის განხორციელებაში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს ბიზნეს ომბუდსმენის მიერ თანამდებობის დაკავების წესის იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების ინსტიტუციური მდგრადობის გაუმჯობესებას და მისცემს მას დამოუკიდებლობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მეტ გარანტიას. ამის განხორციელება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, პირველ რიგში, ამ ინსტიტუტის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევა კონკრეტული ვადით.
დღეისათვის, საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლით და „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N92 დადგენილებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პრაქტიკის ანალიზის შედეგად კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო ომბუდსმენის რიგი უფლებები და მოვალეობები საჭიროებს სრულყოფას, ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. პროექტის თანახმად, ტერმინი „საგადასახადო ომბუდსმენი“ „ბიზნეს ომბუდსმენით“ იცვლება. წარმოდგენილი კანონპროექტიც მთავრობის N92 დადგენილების საფუძველზეა შექმნილი და ძირითადად მის ნორმებს იმეორებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობის კანონით დარეგულირებას. თუმცა ვფიქრობთ, რომ დადგენილების შეცვლა კანონით და საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის ტერმინოლოგიური ცვლილება არ არის საკმარისი ინსტიტუტის ფუნქციონირების სრულყოფისათვის. მნიშვნელოვანია, კანონი ითვალისწინებდეს ბიზნეს ომბუდსმენის დანიშვნის, გათავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების იმ გარანტიებს, რომელიც მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ბიზნეს ომბუდსმენის დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შემდეგი შენიშვნები და მოსაზრებები აქვს:
1. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ბიზნეს ომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით იღებს. თუმცა ბიზნეს ომბუდსმენის გასათავისუფლებლად აღარ სჭირდება არც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმება და არც კონკრეტული გარემოებების დასაბუთება.
ბიზნეს ომბუდსმენი ფუნქციურად არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. ბიზნეს ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. ბიზნეს ომბუდსმენი, რომლის თანამდებობაზე ყოფნა მთავრობის ხელმძღვანელის ნებაზე არის დამოკიდებული, ვერ შეძლებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლების დარღვევის ფაქტების ეფექტურად გამოვლენას და დარღვეულ უფლების დარღვევაზე რეაგირებას. ბიზნეს ომბუდსმენი ადმინისტრაციულ ორგანოსა და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირს შორის არა მხოლოდ მედიატორი უნდა იყოს, არამედ ამ უკანასკნელის უფლების დამცველი.
მიზანშეწონილია, ბიზნეს ომბუდსმენის არჩევა საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ხდებოდეს და მისი გათავისუფლებაც პარლამენტის პრეროგატივა იყოს. დამოუკიდებელი მაკონტროლებელი და უფლებადამცველი თანამდებობის პირები (მაგ. სახელმწიფო აუდიტი, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი) სწორედ პარლამენტის მიერ აირჩევიან და მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. იმისათვის, რომ ბიზნეს ომბუდსმენის კომუნიკაცია მთავრობის წევრებთან ეფექტური იყოს, იგი მთავრობის ნდობითაც უნდა სარგებლობდეს. შესაბამისად, უმჯობესია ბიზნეს ომბუდსმენი პრემიერ მინისტრის წარდგინებით პარლამენტის მიერ აირჩეოდეს განსაზღვრული ვადით, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ხდებოდეს ვადის პარლამენტის გადაწყვეტილებით. ბიზნეს ომბუდსმენი უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყოს მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა.
2. კანონპროექტის თანახმად, ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბიზნეს ომბუდსმენის ანაზღაურება პრემიერ მინისტრის მიერ განისაზღვრება.
ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამ ინსტიტუტის ეფეტური ფუნქციონირებისათვის მიზანშეწონილია ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით დადგენილი წესით წარადგენდეს ბიზნესომბუდსმენი. ბიზნეს ომბუდსმენისა და აპარატის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები განსაზღვრული იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
3. წარმოდგენილი კანონპროექტის თანხმად, ბიზნეს ომბუდსმენი მისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
ბიზნეს ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. მისი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ეკონომიკური უფლებების დაცვასთან და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლებების დარღვევის გამოვლენასთან.
აქედან გამომდინარე, ბიზნეს ომბუდსმენი ანგარიშს უნდა წარუდგენდეს მთავრობას და პარლამენტს და არა ერთ კონკრეტულ კომიტეტს, ვინაიდან მისი ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებთან ერთად ეკონომიკური უფლების დარღვევის ფაქტებსაც შეიძლება მოიცავდეს.
4. კანონპროექტის თანახმად, ბიზნეს ომბუდსმენის თანმდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლება.
ბიზნეს ომბუდსმენის ფუნქციების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევ პირს ჰქონდეს საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება ბიზნესის ან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები.