ENG

ახალი სასამართლო რეფორმების შედარებითი ანალიზი

27 თებერვალი, 2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი

მოსამართლეთა კონფერენცია

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი

სადისციპლინო კოლეგია

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია


საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა სასამართლო სისტემის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მომზადებული. ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნლოვნად შეიცვლება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების უმთავრესი რგოლის -საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე მის უფლებამოსილებები, სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი და მოსამართლეთა თვითმმართველობის - მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებები. შეიცვლება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესი და პროცედურა. ცვლილებები ასევე შეეხება მოსამართლეთა სასწავლო დაწესებულება იუსტიციის უმაღლეს სკოლას  და სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობის საკითხებს.

გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების ანალიზი და მათი შედარება დღეს მოქმედ წესებთან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც შექმნილია როგორც სასამართლო სისტემის ადმინისტრირების უმთავრესი რგოლი. საბჭოს კომპეტენციებია: მოსამართლეთა დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

დღეს მოქმედი წესი

საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანაც უმრავლესობას, 9 წევრს, მოსამართლეების წარმოადგენენ. მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოში თანამდებობრივად შედის და ამავდროულად ხელმძღვანელობს მას. 8 მოსამართლე წევრი აირჩევა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ (საბჭოს წევრების არჩევის უფლება ასევე გააჩნია კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს). თუმცა კანდიდატურის მოსამართლეთა კონფერენციისთვის წარდგენის უფლებამოსილება ერთპიროვნულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მინიჭებული. პარლამენტს საბჭოში 4 დეპუტატი წარმოადგენს. საბჭოს 2 წევრი კი პრეზიდენტის მიერაა დანიშნული.

ცვლილებების შემდეგ

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების შემდგომ იუსტიციის საბჭოს წევრთა რაოდენობა იგივე რჩება (15 წევრი). მოსამართლე წევრები კვლავაც უმრავლესობას წარმოადგენენ (9), თუმცა რამდენიმე ძირეული ცვლილებება განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესში, კერძოდ:

  • საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება იუსტიციის საბჭოში წევრების დანიშვნის უფლებამოსილება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე 6 წევრს აირჩევს საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული პირები არ იქნებიან დეპუტატები და ისინი შეირჩევიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ადვოკატთა ასოციაციისგან ან იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმოამდგენლებისგან.
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება წარუდგინოს მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრობის და მდივნის კანდიდატები, აღნიშნული უფლებამოსილება გადაეცემა მოსამართლეთა კონფერენციას, უფრო ზუსტად კი, კონფერენციაში მონაწილე თითოეულ მოსამართლეს ენიჭება უფლება კანდიდატად დაასახელოს მისთვის სასაურველი პიროვნება. მოსამართლეთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით დასახელებული კანდიდადებისგან აირჩევს საბჭოს მოსამართლე წევრებსა და მდივანს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით უფლებამოსილება უწყდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს (გარდა საბჭოს თავმჯდომარისა). ცვლილებების თანახმად ახალი საბჭო ცვლილებების მიღებიდან 3 კვირის ვადაში უნდა იქნას არჩეული.

ჩვენი შეფასება

მიგვაჩნია, რომ დადებითი ფაქტორია, ის რომ პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში დანიშნული წევრები არ იქნებიან დეპუტატები, სანაცვლოდ ისინი შეირჩევიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ადვოკატთა ასოციაციისგან ან იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმოამდგენლებისგან. შესაბამისად ამ ცვლილებებით, საბჭო გათავისუფლდება პირდაპირი პოლიტიკური ნიშნის მატარებელი წევრებისგან.

მოსმართლეთა კონფერენციაში მონაწილე ყოველი მოსამართლისთვის საბჭოს წევრობისა და მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლების მინიჭებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსამართლეთა თვითმმართველობის როლი და შედეგად დამკვიდრდება კანდიდატების არჩევის  დემოკრატიული წესი.

ვფიქრობთ, რომ იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მეტ დაფიქრებას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების შეჩერება, განსაკუთრებით კი იმათთვის, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციის ჩართულობით  დაინიშნენ, მიზანშეწონილი არ არის.

მოსამართლეთა კონფერენცია 

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი ყველა მოსამართლე. კონფერენცია მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ. მოსამართლეთა კონფერენციის საქმიანობისა და მისი მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის კონფერენციასთან შექმნილია ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც 9 მოსამართლე წევრისგან შედგება.

დღეს მოქმედი წესი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია აირჩიოს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს სხვა წევრები და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით მიიღოს სამოსამართლო ეთიკის წესები და სხვა.

მოსამართლეთა კონფერენციის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები არ არის ექსკლუზიური, მაგალითად ადმინისტრაციული კომიტეტი მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის უფლებამოსილია განახორციელოს თითქმის იგივე უფლებამოსილებები, რაც გააჩნია კონფერენციას (მაგალითად: აირჩიოს საბჭოს მოსამართლე წევრები, საბჭოს მდივანი, სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები და სხვა).

ცვლილებების შემდეგ

  • მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენცია იქნება უფლებამოსილი აირჩიოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები და მდივანი ფარული კენჭისყრის საფუძველზე. შესაბამისად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს აღარ ექნება უფლებამოსილება აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საბჭოს მდივანი და საბჭოს მოსამართლე წევრები.
  • მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს  ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს და მის წევრებს. კანდიდატების წარდგენის ულფება ექნება კონფერენციაში მონაწილე ნებისმიერ მოსამართლეს.
  • მოსამართლეთა კონფერენცია  აირჩევს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესაც.
  • მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს სადისციპლინარო კოლეგიის მოსამართლე წევრებსაც.
  • მოსამართლეთა კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვა ფარული კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდება.
  • მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები გახდება საჯარო.

ჩვენი შეფასება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლება მოსამართლეთა კონფერენციაზე წარადგინოს იუსტიციის საბჭოს წევრობის, საბჭოს მდივნისა და საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრობის კანდიდატები ვერ შეესაბამება თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებს და აფერხებს სასამართლო სისიტემის დამოუკიდებლობას.

დადებითად ვაფასებთ იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისასა მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება. აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს მოსამართლეთა არჩევანის მიუკერძოებლობასა და თავისუფლებას.

მიგვაჩნია, რომ ცვლილებები დადებითად აისახებ სასამართლო სისიტემის დამოუკიდებლობის ხარისხზე, მოსამართლეთა სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩართულობის ზრდა კი გამოიწვევს მათი როლის ამაღლებასა და მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ქმედით მოსამართლეთა თვითმმართველობას შეეძლება დაიცვას და განამტკიცოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ხელი შეუწყოს სასამართლოსადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებასა და მოსამართლეთა ავტორიტეტის განმტკიცებას.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი 

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, მისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც 9 მოსამართლე წევრისგან შედგება. მის შემადგენლობას 3 წლის ვადით ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია.  

დღეს მოქმედი წესი

ადმინისტრაციული კომიტეტი ხშირ შემთხვევაში ითავსებს კონფერენციის უფლებამოსილებებს. მაგალითად იგი უფლებამოსილია კონფერენციის გარეშე აირჩიოს ან თანამდებობიდა გაათავისუფლოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები. დღეს საბჭოში 8 მოსამართლე წევრიდან 3 ადმინისტრაციული კომიტეტის არჩეულია. ადმინისტრაციული კომიტეტი ასევე უფლებამოსილია აირჩიოს და გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანიც. კომიტეტს თავმჯოდმარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ცვლილებების შემდეგ

  • ადმინისტრაციულ კომიტეტს აღარ ექნება უფლება აირჩიოს და გაათავისუფლოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და იუსტიციის საბჭოს მდივანი.
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უწყდება და ეზღუდება ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
  • ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილი იქნება შეიმუშავოს აქტები სასამართლოთა ადმინისტრირების საკითხებზე, აღნიშნული აქტები კი დასამტკიცებლად მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება.

ჩვენი შეფასება

ადმინისტრაციული კომიტეტის უფლებამოსილებების შემცირება დადებითად უნდა შეფასდეს, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად ზღუდავს მოსმართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებებს, შედეგად კონფერენცია რეალურად ვერ გამოხატავს მოსამართლეთა კორპუსის ინტერესებსა და პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეების მონაწილეობას სასამართლო სისტემის მართვაში. აუციელბელია, რომ მოსამართლეებს მიეცეთ რეალური შესაძლებლობა დემოკრატიული და გამჭვირვალე მექანიზმების მეშვეობით ჩაერთონ სასამართლო სისტემის მართვაში. მოსამართლეთა თვითმმართველობის გაძლიერებით ყველა მოსამართლეს მიეცემა შესაძლებლობა აქტიურად ჩაერტოს სისტემის მართვაში, წარმოადგინოს მისი ხედვები და შეხედულებები, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, სხვა და სხვა ორგანოებში წარადგინოს და აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატები. მოსამართლეთა როლის ამგვარი ზრდით, გაიზრდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხიც.

სადისციპლინო კოლეგია 

მოსამართლეთა მიერ ჩადენილ დარღვევებზე დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია ასევე სადისციპლინო პალატა, სადაც საჩივრდება სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებები.

დღეს მოქმედი წესი

სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან ამათგან, 3 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრია, 2 კი – არამოსამართლე წევრი.

სადისციპლინო კოლეგიაში 3 მოსამართლე წევრის დანიშვნის გადაწყვეტილებას  იღებს მოსამართლეთა კონფერენცია, მაგრამ კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება აქაც ერთპიროვნულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეკუთვნის.  კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. რაც შეეხება სადისციპილნო კოლეგიის 2 არამოსამართლე წევრს, მათ საკუთარი შემადგენლობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

სადისციპლინო კოლეგია საქმიანობის წესს ადგენს კანონი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ცვლილებების შემდეგ

  • სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვეღარ იქნებიან უენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს წევრები, სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
  • სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს აირჩევს მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენცია. კანდიდატის დასახალების უფლება ენიჭება კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტს აღარ ექნება 3 მოსამართლე წევრის არჩევის უფლება.
  • სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე 2 წევრს იუსტიციის საბჭოს ნაცვლად აირჩევს საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული პირები შეირჩევიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ადვოკატთა ასოციაციისგან ან იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმოამდგენლებისგან.
  • სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესებით (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად).
  • სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. კანონპროექტის მიხედვით უქმდება ჩანაწერი, რომელიც აწესებდა აღნიშნული გადაწყვეტილებების პერსონალური ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნებას.

ჩვენი შეფასება

საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგია ნაწილობრივ გამოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენის სფეროდან, რაც პირველ რიგში გამოწვეულია კოლეგიის დაკომპლექტების წესის ცვლილებით. აღნიშნული ცვლილება მიგვაჩნია, რომ დადებითი ეფექტის მქონე იქნება და ხელს შეუწყობს სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ამაღლებას. კოლეგიის საქმიანობის წესების დადგენის უფლების მოსამრთლეთა კონფერენციისთვის მინიჭება დადებითად მოქმედებს მოსამართლეთა თვითმმართველობის ამაღლებასა, ლოგიკურია, რომ თავად მოსამართლეებმა დაადგინონ მათი დისციპლინური წარმოების მნიშვნელოვანი დეტალები. ამ კუთხით მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს თავად მოსამართლეთა მიერ შეთანხმებული წესები და პროცედურები.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა 

იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჯარო სამართლის იურდიული პირია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის პროფესიული მომზადება. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლეების პროფესიული გადამზადება, ასევე მოსამართლეთა თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება და გადამზადება.

საკოლის საქმიანობის ძირითადად მიმართულებებს განსაზღვრავს, სკოლის დამოუკიდებელი საბჭო. იგი ასევე უზრნველყოფს სკოლის საქმიანობის კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საბჭო ასევე ახდენს სკოლის მსმენელთა საბოლოო შეფასაბასაც.

დღეს მოქმედი წესი

დამოუკიდებელი საბჭო შედგება 6 წევრისგან, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. დამოუკიდებელი საბჭოს დარჩენილ ხუთ წევრს, რომელთაგან ერთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, 3 წლის ვადით.

ცვლილებების შემდეგ

  • დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერეცნცია.
  • დამოუკიდებელი საბჭოს დარჩენილ 5 წევრს, თავმჯდომარის წარდგინებით, დანიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ჩვენი შეფასება

აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის ზრდას და იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციების აშკარა გამიჯვნას. სკოლის დამოუკიდებლობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამაღთლოს თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად იკავებს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის ადგილს, არ უნდა იყოს წარმოდგენილი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობაში.  

ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია

დღეს მოქმედი წესი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს ასევე აქვს უფლებამოსილება გაავრცელოს მის ხელთ არსებული მასალები. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში სასამართლო პროცესის გადაღება არ ხორციელდებოდა.

ცვლილებების შემდეგ

  • სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისათვის ან/და სხვა პირთათვის.
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად მოახდინოს სასამართლო პროცესების ფოტო გადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია. აღნიშნული უფლებამოსილება  წარმოშობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
  • საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი სხვა პირი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ჩაწერა თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ან ვერ სარგებლობს ამ განსაზღვრული უფლებამოსილებით. ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შესაძლებელია სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს რომელიც ახორციელებს უფლებამოსილებას, ეკისრება ჩანაწერის სხვა საშუალებებისათვის გადაცემის  ვალდებულება.
  • მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, მხარეები ან/და სხვა პირები დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ჩაწერას ახორციელებენ სასამართლოს თანხმობით.  ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს   სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით.

ჩვენი შეფასება

სასამართლო სხდომების განსაჯაროვება წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ამაღლებისკენ, თუმცა, ჩვენი აზრით, კანონპროექტმა უნდა მოახდინოს კერძო და საჯარო ინტერესის ბალანსის დადგენა. შესაბამისად ერთის მხრივ უნდა დაკმაყოფილდეს საჯარო ინტერესი და ამავდროულად დაცული უნდა იყოს კერძო პირის კანონიერი უფლებებიც.

გამჭვირვალობის ხარისხი განსხვავებული უნდა იყოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში. სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციული სამართალწარმოების შემთხვევებში, სადაც მხარედ ყოველთვის წარმოსდგება სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, საზოგადოებრივი  ინტერესის არსებობა აშკარაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ერთი მხარე ყოველთვის კერძო პირია და შესაბამისად დაცული უნდა იქნას მისი ინტერესიც. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სასამართლო განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლირება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ კერძო მხარის თანხმობის შემთხვევაში.

სამოქალაქო სამართალწარმოების შემთხვევაში, სადაც კერძო ინტერესი უფრო მაღალია, მიგვაჩნია, რომ საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლირება უნდა მოხდეს მხოლოდ მხარეთა ერთობლივი თანხმობით. ერთობლივი თანხმობა ქმნის კერძო პირთა ინტერესების დაცვის საუკეთესო მექანიზმს.

მხოლოდ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი სასამართლო პროცესზე ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლირება მოსამართლის (სხდომის თავმჯდომარის) გადაწყვეტილების საფუძველზე. განსაკუთრებული ინტერესი შესაძლოა არსებობდეს ისეთ საქმეებში, სადაც მხარედ მონაწილეობს სახელმწიფო მოხელე (პოლიტიკური თანამდებობის პირი), ან საქმე ეხება სამოხელეო დანაშაულს, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს, ტერორიზმს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და ა.შ. მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა დადგინდეს განსაკუთრებული საჯარო ინტერესის უფრო ფართო განმარტებაც. ამგვარი საქმის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს მიიღოს სხდომის გადაღების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
parliament