ENG

ახალი პარტიული დავალებები გურჯაანში

11 ივლისი, 2012

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალა ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია, რომელთაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მინიმუმ ათი მხარდამჭერი უნდა მიიყვანონ. ასეთი დახმარების სანაცვლოდ კი ანაზღაურებადი შვებულების მიცემას პირდებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საგანგაშო ტენდენციას, რის შესახებაც ჩვენს წინა ბლოგში ვწერდით.

ჩვენი წყაროს ცნობით, ივნისის ბოლოს იგი თავის სოფელს სტუმრობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მასთან მივიდა ამავე სოფლის რწმუნებული და უთხრა, რომ საარჩევნოდ ახდენდნენ იმ ხალხის მობილიზაციას, ვინც წარმოშობით ამ სოფლიდან არის და სოლიდურ საჯარო სამსახურში მუშაობის გამო, სოფელში ავტორიტეტითაც სარგებლობს. რწმუნებულის თქმით, ეს პიროვნებები წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე სოფელში უნდა იყვნენ და არჩევნებზე მინუმუმ ათი ისეთი ადამიანი მიიყვანონ, რომლებიც ხმას აუცილებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. ამ სამსახურის სანაცვლოდ კი ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება გარანტირებული ექნებათ. რწმუნებულმა ჩვენს წყაროს ასევე განუცხადა, რომ ეს დავალება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა უშუალოდ მისცეს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ერთდროულად რამდენიმე კანონს და მნიშვნელოვან პრინციპს არღვევს:

  • ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პარტიული დავალებების მიმცემი საჯარო მოხელეები (გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და ა.შ.) არღვევენ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის”. შესაბამისად, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის” 332-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისათვის (თავისთვის ან სხვისთვის) გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო მოხელეები სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გასცემენ უკანონო დავალებებს სხვა სახელმწიფო მოსამსახურეების ნების საწინააღმდეგოდ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებით. ამასთან, გუბერნატორი თავისი ქმედებით აქეზებს სხვა მოხელეებს ამავე დანაშაულის - მათი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების - ჩასადენად.
  • გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას. ამასთანავე, ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების დაპირებით ხდება სახელმწიფოს ფინანსური რესურსების არამიზნობრივი - პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, რაც ასევე კანონშეუსაბამოა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.
  • ამასთან, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის შესაბამისად ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის მკაფიო გამიჯვნა.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ:

  • ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რამდენადაც, შესაძლებელია, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
  • საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას მსგავსი შემთხვევების გამეორება, მიიღოს სათანადო ზომები და უზრუნველყოს თანასწორი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, რათა არ დაირღვეს პოლიტიკური პარტიების, მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები.
Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
elections