ENG

ახალი კურორტი აჭარაში vs ადგილობრივთა დაუცველი საკუთრების უფლება

05 ივლისი, 2012

მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს ეხება. 2011 წლის 21 ოქტომბერს გოდერძის უღელტეხილის ტერიტორია მთავრობის განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ აჭარის მთავრობას გადაეცა. სახელმწიფო რეგისტრაციამ მოიცვა ათობით ადგილობრივი მოსახლის მიწა. ამის მიუხედავად, ამ ტერიტორიაზე მათი გაფრთხილების გარეშე დაიგეგმა და დაიწყო სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა.

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით (იხ. პირველი არხის 2011 წლის აგვისტოს თვეში გასული სიუჟეტი) მთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილის მახლობლად, ზანკების დასახლებაში დაიწყო სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს ამ ეტაპზე ქართული კომპანია შპს Goderdzi Resorts აწარმოებს, რომლის 100% წილის მფლობელი  აჭარის ავტონომიური რესპულიკაა და მისი ხელმძღვანელია აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბატონი ვაჟა დიასამიძე. ამ დროისთვის ზანკების დასახლების ტერიტორიაზე მიწის მფლობელებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაწყებულია გზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გადის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ზანკების დასახლებაში 70-მდე ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს, რომელთაგან 11-ს აქვს საცხოვრებელი სახლიც. ადგილობრივი მოსახლეობა აქ წლების მანძილზე ამუშავებდა მიწის ნაკვეთებს. 1998 წელს კი ოფიციალურად გადაეცათ სარგებლობაში, თუმცა უდიდესმა ნაწილმა ვერ მოახერხა მიწის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. რეგისტრაციის არქონის მიუხედავად, ისინი დღემდე  შეუფერხებლად ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწებით, დღემდე იხდიან მიწის გადასახდსაც.

იმ მომენტიდან, როდესაც გამოცხადდა გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ სათხილამურო კურორტის მშენებლობის ინიციატივა, ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს  მიწის (მათ შორის საკარმიდამო) ნაკვეთებისა და სახლების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. რამდენიმე მიწის მფლობელმა მიმართა კიდეც საჯარო რეესტრის ადგილობრივ სამსახურს, თუმცა მიწის რეგისტრაციაზე უარი მიიღო. მიზეზად ის დასახელდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მიწის ნაკვეთები მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი წლების მანძილზე მხოლოდ ამ მიწებით ირჩენენ თავს. რეგისტრაციის შეუძლებლობას ემატება ისიც, რომ ადგილობრივებს არ ააქვთ ზუსტი ინფორმაცია ხელისუფლების სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, მათ არ იციან რა სახის სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მათ მიწებზე, კონკრეტულად ვის შეეხება ეს მშენებლობა და გათვალისიწნებულია თუ არა კომპენსაცია.

მიუხედავად ინფორმაციის არარსებობისა, ადგილობრივი მოსახლეობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ისინი მიესალმებიან კურორტის მშენებლობას და თავადაც შეუწყობენ ხელს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას. „გოდერძის უღელტეხილზე არაფერი გაკეთებულა აქამდე. ჩვენ წლებია არავის ვახსოვდით. ოღონდ რამე გაკეთდეს აქ და თუ საჭირო გახდება და სხვა გამოსავალი არ არის, გაკეთდეს ჩემი სახლ-კარის ხარჯზე. ჩვენ მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ კურორტის განვითარებას.” - აცხადებს ერთ-ერთი მოსახლე.

აჭარის ხელისუფლება და ინვესტორი იზიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს და გამოხატეს მზადყოფნა მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები. კერძოდ, ხულოს რაიონის გამგებლის მოადგილე ბატონ გივი ქედელიძე, ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს წინასწარი სამუშაოები და ადგილობრივი ხელისუფლება აჭარის მთავრობასთან და მშენებელ კომპანიასთან ერთად აუცილებლად მოახდენენ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას.

Goderdzi Resorts-ის დირექტორის ბატონ ვაჟა დიასამიძის თქმით, მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი გამოწვეულია იმით, რომ პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებულად იმაზე ადრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო. შესაბამისად, ვერ მოხერხდა მოსახლეობის დროულად გაფრთხილება, თუნდაც იმისათვის, რომ მოსავალი არ მოეყვანათ ზარალის თავიდან ასაცილებლად. ვაჟა დიასამიძის განცხადებით, ყველა ადგილობრივი მოსახლე დაკმაყოფილებული იქნება სანაცვლო მიწის ნაკვეთით და შესაბამისი კომპენსაციით, მოსავლის მიუღბლობით ან მონაცველობით გამოწვეული ხარჯების დასაფარავად.

კურორტის მშენებლობის პროექტი 2012-2015 წლებზეა გაწერილი რაც ეტაპობრივ მშენებლობას გულისხმობს. 2012 წლის მანძილზე განსახორციელებელი მშენებლობების ფარგლებში 18 მაცხოვრებლის განსახლება მოხდება. თითოეული მათგანი მიიღებს სანაცვლო მიწის ნაკვეთს საკუთარი არჩევნით და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას. კომპანია ეცდება შესაძლებლობის ფარგლებში მოსავლის აღებაც აცალოს მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაპირების შესრულება აჭარის ა/რ აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, რა სახით მოხდება სანაცვლო მიწების გადაცემა, რათა მოსახლეობას საკუთრებაში რეგისტრაციაზე არ შეექმნას პრობლემა და სამომავლოდ დაცული იქნეს მათი უფლებები და ინტერესები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად ჩაერთო გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე მოვლენებში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. აქტიურად შევეცდებით აჭარის ა/რ ოფიციალური პირების ჩაბმას ამ პროცესში და საჯარო შეხვედრების ორგანიზებას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ პირველწყაროდან შეძლოს მაქსიმალური ინფორმაციის მიღება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედს გამოთქვამს, რომ გოდერძის უღელტეხილზე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელება ადგილობრივთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე არ მოხდება. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზევე, არათუ სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის შედგენამდე, უნდა ხდებოდეს. აუციელბელია, რომ მოსახლეობის კომპენსირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს, მივესალმებით Goderdzi Resorts-ის მზაობას, ადგილობრივთა ინტერესების დასაცავად, თუმცა ამ პროცესში სახელმწიფო ორგანოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კომპენსირება იყოს რეალური და გარანტირებული ყველასათვის.

 

მიმაგრებული ფაილები:

გოდერძის ინფრასტრუქტურის სქემა

გოდერძის განვითარების საბოლოო მოხსენება

გოდერძის განვითარების პრეზენტაცია

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო