ახალი კანონპროექტი ნოტარიული მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი კანონპროექტი ნოტარიული მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნის

15 ოქტომბერი, 2015

 

საქართველოს პარლამენტში განიხილება მთავრობის მიერ ინიცირებული (ავტორი იუსტიციის სამინისტრო) კანონპროექტები „ნოტარიატის შესახებ” კანონსა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ახლადდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას განახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატის უარი შესაბამის დასახლებაში განწესების შესახებ გამოიწვევს მის ნოტარიუსად დანიშვნაზე უარის თქმას. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ნოტარიუსს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ნოტარიუსთა პალატა. კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ფინანსურ დახმარებაში იგულისხმება მცირეშემოსავლიანი ნოტარიუსებისათვის ყოველთვიური 100 ლარიანი დახმარების გაცემა, ბინის ქირის საფასურის ანაზღაურება და საჭირო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს ნოტარიულ მომსახურებაზე. კანონპროექტი წარმოდგენილი შინაარსით ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას - ქვეყანის მოსახლეობის იმ ნაწილის სანოტარო მომსახურებით უზრუნველყოფას, რომელიც ამჟამად აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. ხოლო სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსთა საქმიანობაში უხეში ჩარევა  ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან რისკებს წარმოშობს.

მცირეშემოსავლიანი ნოტარიუსებისათვის ფინანსური დახმარების გაცემა დღესაც ხდება. დღეისათვის ის ნოტარიუსი, რომლის შემოსავალიც 1500 ლარზე ნაკლებია (ე.წ. მცირეშემოსავლიანი ნოტარიუსი), ნოტარიუსთა პალატისაგან ღებულობს ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ზოგ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელს ნოტარიუსთა პალატა უნაზღაურებს ბინის ქირის საფასურს, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენით და სხვ. კანონის მიღების შემთხვევაში ფინანსური დახმარება (რომლის სახე და ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული) ამ კატეგორიის ნოტარიუსებისათვის სავალდებულო ხდება. შესაბამისად კანონპროექტით იცვლება არა წამახალისებელი ნორმები, არამედ არსებულ პირობებში სავალდებულო ხდება სანოტარო საქმიანობის განხორციელება იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირება წარმოადგენს ნოტარიუსთა შრომით უფლებებში უხეშ ჩარევას. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერში ნოტარიუსის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნოტარიუსის თანამდებობა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმას. შესაბამისად, იგი უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს თანამდებობის დასაკავებლად. კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირება ასევე აჩენს კითხვებს, თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება კონსტიტუციის მოთხოვნებს. პარლამენტში ამჟამად განიხილება კანონპროექტი, რომლის თანახმად, იუსტიციის საბჭოს ეკრძალება მოსამართლე მისი ნების საწინააღმდეგოდ სამუშაოდ დროებით მიავლინოს სხვა ადგილზე. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსთა შრომითი ადგილის სავალდებულო განსაზღვრა წარმოადგენს შრომითი უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

სამართლებრივი პრობლემების გარდა, საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება ეკონომიკურადაც გაუმართლებელია. კანონმდებლობის თანახმად ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო, თუმცა მოგების მიღება მნიშვნელოვანი მოტივატორია ამ საქმიანობის განხორციელებისათვის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „2013 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა წამოიწყო კამპანია - „ხელმისაწვდომი სანოტარო მომსახურება“, რაც გულისხმობდა ნოტარიუსობის კანდიდატების იმ პირობით დანიშვნას, რომ ისინი იმ დასახლებებს მოემსახურებოდნენ, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო (მოსახლეობას ნოტარიუსი არ ჰყავდა)”. გაურკვეველია, თუ რა ფორმით და საშუალებით მოითხოვა მინისტრმა შესაბამისი პირობა. ამ „ექსპერიმენტმა”, რომელსაც საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნდა შედეგი არ გამოიღო, რაც ასევე ჩანს განმარტებითი ბარათიდან და ამგვარი პირობით დანიშნულმა ნოტარიუსებმა მალე დიდ ქალაქებში გადაინაცვლეს. სავალდებულო წესით 3 წლით სანოტარო საქმიანობის განხორციელება, რაც შეიძლება ფინანსურად წამგებიანიც კი იყოს სანოტარო ბიუროსთვის, მოტივაციას დაუკარგავს კვალიფიციურ კადრებს, გახდნენ ნოტარიუსები. ეს კი, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია ნოტარიუსების დეფიციტის მიზეზიც გახდეს, რაც თავის მხრივ, ნოტარიული მომსახურების ხელმისაწვდომობას შეამცირებს არა მხოლოდ მცირე დასახლებებში, არამედ დიდ ქალაქებშიც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარი თქვას სავალდებულო წესით ნოტარიუსების 3 წლით მათთვის არასასურველ ადგილას გამწესებაზე და ქვეყნის მასშტაბით ნოტარიული მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენოს არასავალდებულო წამახალისებელი ინიციატივები.

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“