ახალი კანონპროექტი – ხელისუფლება უცხოელი ინვესტორებისთვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას კვლავ აჭიანურებს
2013 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა დროებითი მორატორიუმი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვასა და მემკვიდრეობით მიღებაზე. შეზღუდვა 2014 წლის დეკემბრამდეა ძალაში და ეხება საქართველოში რეგისტრირებულ იმ სუბიექტებსაც კი, სადაც უცხოელები წილთა მხოლოდ უმცირესობას ფლობენ. აღნიშნულ შეზღუდვაში ამჟამად ცვლილებების შეტანა განიხილება.
2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაასაჩივრა დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება, რადგან ის ბუნდოვნად ფორმულირებული, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური იყო და, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმე - „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2014 წლის იანვარში განიხილა და გადაწყვეტილებას ახლო მომავალში გამოიტანს.
ხელისუფლება დროებითი მორატორიუმის აუცილებლობას თავდაპირველად იმით ამართლებდა, რომ მას სჭირდებოდა დრო, 2013 წლის დეკემბრამდე, რათა შეემუშავებინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და შეექმნა მიწის კადასტრისა (რეგისტრაციის) და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა. თუმცა ხელისუფლება ვერ ჩაეტია კანონში გაწერილ ვადაბში, და ახლა მისი 2014 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელება სურს.
ცვლილებები დროებით მორატორიუმში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ახალი ცვლილებები:
-
შეიქმნას კომისია, რომლის წევრებსაც ხელისუფლება დანიშნავს და რომელიც განიხილავს უცხოელთა განაცხადებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენასთან დაკავშირებით. განაცხადების შესაფასებელი კრიტერიუმები ჯერ არ დადგენილა; მათ ხელისუფლება უახლოეს თვეებში შეიმუშავებს.
-
მოქმედი მორატორიუმისგან თავისუფლდებიან კომერციული ბანკები (აკრძალვის შედეგად ბანკები სასოფლო-სამეურნეო მიწას სესხის გირაოში ვეღარ იღებდნენ), თუმცა არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
კანონპროექტი 19 თებერვალს გამართულ გადამწყვეტ მეორე მოსმენაზე 2 წუთში დამტკიცდა. განხილვის სტადიაზე გამართული შეხვედრების დროს კანონპროექტის შემუშავებაში დაინტერესებული მხარეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დღეს კი პარლამენტმა იგი მესამე მოსმენით მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კომისია, რომელმაც მიწის შეძენასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა განაცხადები უნდა განიხილოს, პოტენციურად ნაკლებად შემზღუდავია, ვიდრე უცხოელი აქციონერებისთვის მიწის შეძენის სრული აკრძალვა. თუმცა მისი როლი უაღრესად პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს (რატომ, იხილეთ ქვემოთ), ხელისუფლებას კი აღნიშნული მექანიზმის საჭიროება ნათლად არ დაუსაბუთებია. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და მიწის რეგისტრაციის პროგრამა, რის გაკეთებასაც მთავრობა 2013 წლის დეკემბერისთვის გვპირდებოდა.
მომავალი კომისიის შემადგენლობა და რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მოხდება უცხოელების მიერ მიწის შეძენის განაცხადების განხილვა
თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული მექანიზმის არსებობა აუცილებელია, მაშინ მისი სწორად ფუნქციონირებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:
-
კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზნით, უნდა შემუშავდეს გასაგები, სათანადო, მინიმალური და საჯაროდ ხელმისაწვდომი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდება უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის განაცხადების განხილვა;
-
ამ კრიტერიუმების შემუშავების დასრულებამდე კომისიამ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელ მიწის მესაკუთრეებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან;
-
უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბიზნეს გეგმებში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობა;
-
კომისიის წევრებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საექსპერტო ცოდნა-გამოცდილება;
-
განხილულ იქნას მინიმალური ზღვრების დაწესების შესაძლებლობა, მაგალითად, ევროკავშირმა ესტონეთს ნება დართო, შეეზღუდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა და ტყეების უცხოელებისთვის მიყიდვა (ევროკავშირში შესვლიდან 7 წლის განმავლობაში); შეზღუდვა არ მოქმედებდა 10 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე.
-
უსამართლო ან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების თავიდან აცილების მიზნით, განმცხადებლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მიმართონ საქართველოს სამოქალაქო სასამართლოს;
-
უნდა გამოქვეყნდეს დაკმაყოფილებული განაცხადები და მათი დაკმაყოფილების მიზეზები, რათა გამოირიცხოს განაცხადის დაკმაყოფილების მიზნით მოსყიდვისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევები;
-
ხელისუფლებამ მორატორიუმისგან უნდა გაათავისუფლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (კომერციული ბანკების მსგავსად); კრედიტის ხელმისაწვდომობა ისედაც სერიოზული შეზღუდვაა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
მიწის რეგისტრაცია და სტრატეგია: მთავრობის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯები დღემდე არ შეიმჩნევა
მიწათმოწყობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა (რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში და რომლის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ფინანსთა, ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე). საბჭოს მიზანია შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და შექმნას მიწის კადასტრისა (რეგისტრაციის) და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა.
დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად 2014 წლის ივლისიდან ორი სინქრონული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა ფარგლებშიც 30 თვის განმავლობაში 11 სოფელში 63-68,000 ჰექტარი მიწის აღრიცხვა და რეგისტრაცია მოხდება.
პირველ პროექტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის თაოსნობით განახორციელებს (მისი საბოლოო დამტკიცება მსოფლიო ბანკის მიერ 2014 წლის აპრილში უნდა მოხდეს) და იგი 48,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციას ითვალისწინებს. მეორე პროექტს საჯარო რეესტრი თავად განახორციელებს (იგი 2014 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება) და იგი 15,000 -20,000 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციას ითვალისწინებს (ამ პროექტში შეტანილი არასასოფლო-სამეურნეო მიწა სრულად მოიცავს მსოფლიო ბანკის პროექტში შეტანილი სასოფლო-სამეურნეო მიწის გასწვრივ მდებარე ტერიტორიას).
საჯარო რეესტრის პროექტი 2014 წლის იანვარში უნდა დაწყებბულიყო და ორივე პროექტი, ნაცვლად დღეის მდგომარეობით დასახელებული 30 თვისა, მხოლოდ 12 თვეში უნდა დასრულებულიყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის პროექტის მასშტაბები ძალზე მოკრძალებულია. მეტიც, უწყებათაშორის საკოორდინაციო სამთავრობო საბჭოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროექტის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერაც არ გამოუტანიათ.
საჯარო რეესტრის სტატისტიკის მიხედვით (რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროც ადასტურებს), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 75 - 80 პროცენტი დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის პროექტი რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო მიწების მაჩვენებელს 48 პროცენტიდან 48,85 - 49,13 პროცენტამდე გაზრდის. მსოფლიო ბანკის პროექტი კი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მაჩვენებელს 20-25 პროცენტიდან 23.3-28.8 პროცენტამდე გაზრდის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლის სექტემბერში უწყებათაშორის საკოორდინაციო სამთავრობო საბჭოს თავისი სტრატეგია წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებდა 3 წლის განმავლობაში ყველა არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შესწავლის, დემარკირებისა და რეგისტრირების სახელმწიფო პროგრამის ამუშავებას. სტრატეგიის თანაავტორები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩევლები ლაშა დოლიძე (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანამშრომელი) და ვინსენტ მორაბიტო (USAID-ის თანამშრომელი, რომელმაც ანალოგიური პროექტი მოლდოვაში განახორციელა). უწყებათაშორის საკოორდინაციო სამთავრობო საბჭოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგია ოფიციალურად დღემდე არ დაუმტკიცებია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იზიარებს სამინისტროს სტრატეგიის შეფასებას, რომ მიწის ნაკვეთების ეფექტური რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის განვითარების უცილობელი წინაპირობაა. სამწუხაროდ, ხელისუფლება აჭიანურებს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაციის პროგრამის განხორციელებას.
მიწის ბაზრის განვითარება ისედაც საკმაოდ შეზღუდულია, რადგან მიწის ნაკვეთების 75–80 პროცენტი სათანადოდ რეგისტრირებული არ არის. ამის გამო მფლობელებს არ აქვთ გარანტირებული სტატუსი, ხოლო შესყიდვის მსურველებს უჭირთ შესაძენი მიწის ნაკვეთების განსაზღვრა. ასეთი ვითარება კი ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება და ხელს უშლის მიწის გაყიდვას, გაერთიანებას (სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ფართობები, საშუალოდ, 0,3-1,25 ჰა ფარგლებში მერყეობს), დაფინანსების ხელმისაწვდომობას, პრივატიზაციას (სასოფლო-სამეურნეო მიწების საპრივატიზაციოდ განკუთვნილი 460,000 ჰექტარი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია) და მიწათსარგებლობისა და საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.
რეკომენდაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს თავისი ორი საარჩევნო დაპირების შესრულება:
-
შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა და;
-
შექმნას მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ყოვლისმომცველი პროგრამა.
აღნიშნული მოქმედებები დაიცავს არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და მნიშვნელოვნად წაახალისებს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას.