აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკა გასაუმჯობესებელია
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკაში ცვლილებებია შესატანი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციას პროაქტიულად ყველაზე უკეთ აქვეყნებს, რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დროულად და ეფექტიანად არის აღმოსაფხვრელი საჯარო მმართველობის და ინფორმაციაზე წვდომის ხარისხის ასამაღლებლად.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2014 წლის 20 მარტს მიიღო დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2018 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარაში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა უმაღლეს საბჭოს აქვს.
დღეს არსებული მდგომარეობით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი სრულად ვერ აკმაყოფილებს 2014 წლის დადგენილებით მიღებულ სტანდარტებს. კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება მისი შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვის გარეშე.” ჩვენი ორგანიზაციის დეტალური კვლევით დადგინდა, რომ საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
დოკუმენტების დიდი ნაწილი უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული, რაც არ იძლევა მათი ტექსტური მოძიებისა და ანალიტიკური დამუშავების საშუალებას. ამასთან, ატვირთული დოკუმენტების ნაწილი დიდი მოცულობისაა, რაც აფერხებს ვებგვერდის ფუნქციონირებას. ჩვენმა ორგანიზაციამ „ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმის” (OGP) პროექტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში წარადგინა რეკომენდაციები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ამ საკითხს ეხება.
წარმოდგენილი კვლევა დეტალურად მიმოიხილავს საბჭოს მიერ პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტს, ასევე, საუკეთესო ევროპულ მაგალითებს, რაც შეიძლება საბჭოს შემდგომი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ასევე, მოიცავს ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
კომიტეტები
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე კომიტეტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული 49 დოკუმენტიდან 24 პრობლემურია - დოკუმენტაცია დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული, რაც არ იძლევა მისი ადვილად მოძიების, კოპირებისა და დამუშავების საშუალებას. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შინაარსობრივად, ატვირთული დოკუმენტები დეტალურადაა ჩაშლილი და აკმაყოფილებს 2014 წლის დებულების სტანდარტებს.
ღია მმართველობის საბჭო
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე ატვირთული ღია მმართველობის საბჭოსთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტი არ შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს - დოკუმენტები დასკანერებული ფორმატითაა გამოქვეყნებული, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. კერძოდ ეს დოკუმენტებია:
- ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრთა შემადგენლობის შესახებ
- ბრძანება ღია მმართველობის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე, დანართი Ν1 - დებულება
- ოქმი Ν2
- ოქმი Ν1
სასურველი იქნებოდა, ღია მმართველობის საბჭოს 2020 წლის 15 ივნისის და 14 აგვისტოს სხდომების დღის წესრიგებს თან ერთვოდეს მოცემული სხდომების დეტალური აღწერა. ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებული არ არის ღია მმართველობის საბჭოს 2020 წლის №2 სხდომის დღის წესრიგი.
გენდერული თანასწორობის საბჭო
მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ატვირთული დოკუმენტაცია შინაარსობრივად აკმაყოფილებს 2014 წლის დებულების სტანდარტებს, ქვემოთ ჩამოთვლილი ოფიციალური დოკუმენტები არასათანადო ფორმატშია ატვირთული:
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება - გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანება - ნინო ჩხეტიას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნვის შესახებ
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“
წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის აჭარის 1996-2000 წწ. და 2000-2004 წწ. მოწვევის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტები.
კანონმდებლობა
უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები დეტალურადაა ასახული საბჭოს ვებ-გვერდზე. თუმცა, აღნიშნული დადგენილებები, რეგლამენტები, რეზოლუციები და კანონები დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ართულებს დოკუმენტებთან მუშაობის პროცესს. მსგავსი ხარვეზი უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი აქტების პროექტების დოკუმენტაციაშიც აღინიშნება.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს, ატვირთული 17 დოკუმენტიდან, მხოლოდ 2-ია პრობლემური. ეს დოკუმენტები ასევე დასკანერებული ფორმატითაა გამოქვეყნებული:
- კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ''
- კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ''
რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი
რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია ატვირთულია დასკანერებულ ფორმატში:
- 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი - ბრძანება
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" - დანართი 1
- 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი - ბრძანება
ამასთან, ფაილში №69 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (№69 31.10.2018), დოკუმენტები სახელწოდებით „განკარგულება” და „დედანი” ცარიელია.
სტატისტიკური მონაცემები
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების სექტორში სრულყოფილადაა ატვირთული სამართლებრივი აქტები და ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც არასაპატიო მიზეზით გააცდინეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და პლენარული სხდომები.
რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, 10 დოკუმენტიდან 1 არასრულადაა ატვირთული. ამასთან, გამოქვეყნებული ინფორმაცია დოკუმენტბრუნვისა და მოქალაქეთა მიღების შესახებ სრულად არ შეესაბამება 2014 წლის დადგენილებით მიღებულ სტანდარტებს, რადგანაც 30 დოკუმენტიდან 10 არასათანადო ფორმატშია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტატისტიკური მონაცემების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დეტალურადაა ასახული ატვირთულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ფინანსური სახსრების და მატერიალური საშუალებების შესახებ
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, ინფორმაცია ფინანსური სახსრების და მატერიალური საშუალებების შესახებ არ შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს. კერძოდ, 320 დოკუმენტიდან, 166 დასკანერებულ ფორმატშია გამოქვეყნებული, რაც არ იძლევა მათი ადვილად მოძიების, კოპირებისა და დამუშავების საშუალებას, ან მოცემული დოკუმენტების კოპირებისას, ქართული ტექსტი ლათინური ასოებით აისახება.
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის მიცემული თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ შეიცავს 29 დოკუმენტს. აქედან, ყველა არასათანადო ფორმატშია ატვირთული. ამასთან, დოკუმენტაცია არ მოიცავს დეტალურ საშტატო ნუსხას, სადაც მითითებულია დასაქმებულ პირთა ვინაობა, მათ მიერ მიღებული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების რაოდენობა თვეების მიხედვით.
უმაღლესი საბჭოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამსახურეობრივი მივლინებისას გაწეული ხარჯები თავმოყრილია 68 დოკუმენტში, რომლებიც შინაარსობრივად შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს. თუმცა, 29 დოკუმენტი პრობლემურია.
29 დოკუმენტიდან, რომელიც მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული სატელეფონო საუბრებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, 11 დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული. ამავდროულად, ყველა დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი ზარების ჯამურ მონაცემებს, რაც არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, თუ რა თანხა დაიხარჯა მხოლოდ ადგილობრივ ან მხოლოდ საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე.
უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ სულ 17 დოკუმენტია გამოქვეყნებული. აქედან, ყველა მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალურ სიას. თუმცა, 9 დოკუმენტის ფორმატი არ შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს.
რაც შეეხება ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, 30 დოკუმენტიდან, 22 პრობლემურია.
ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხება უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს (გარდა 2020 წლის მონაცემების) პრობლემურია - ფაილები დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული, რაც არ იძლევა მათი ადვილად მოძიების, კოპირებისა და დამუშავების საშუალებას, ან მოცემული დოკუმენტების კოპირებისას, ქართული ტექსტი ლათინური ასოებით აისახება. თუმცა, მოცემულ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია დეტალურადაა ასახული.
უმაღლესი საბჭოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 24 დოკუმენტია ატვირთული. მხოლოდ 2-ს აქვს ფორმატული ხარვეზი (დოკუმენტი 1; დოკუმენტი 2). ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის და უმაღლესი საბჭოს დამტკიცებული ბიუჯეტის დოკუმენტაციებიდან, რომლებიც შინაარსობრივად ასევე შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს, მხოლოდ თითოს აქვს პრობლემა (დოკუმენტი 1; დოკუმენტი 2) - აღნიშნული დოკუმენტები დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების და უმაღლესი საბჭოს წევრთა თანამდებობრივი სარგოს შესახებ სრულად შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს.
არქივი
არქივი მოიცავს დადგენილებებს, განკარგულებებსა და კანონმდებლობას 2004 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. ყოველწლიური დოკუმენტაცია ორგანიზებულადაა განაწილებული ფაილებში წლების მიხედვით. ეს ფაილები ადვილად იტვირთება, თუმცა არქივში შენახულ დიდი რაოდენობის დოკუმენტთა უმეტესობაც დასკანერებულია. შეუძლებელია ამ დოკუმენტების ტექსტების კოპირება, ან კოპირებული ტექსტი სიმბოლოებით აისახება. ასევე რთულია სასურველი დოკუმენტის სწრაფად პოვნა.
საკადრო ინფორმაცია
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საკადრო ინფორმაციის ნაწილში სრულყოფილადაა ატვირთული შემდეგი დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, მისი მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ
- ინფორმაცია აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ
- მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები
- უმაღლესი საბჭოს წევრების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები და სამსახურებრივი ტელეფონის ნომრები
- ინფორმაცია ფოტოგრაფის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული გამარტივებული საჯარო კონკურსის შესახებ - მარტი, 2019. I ეტაპის შედეგები და გასაუბრების ეტაპის შედეგები
გამოქვეყნებული დოკუმენტაციდან 5 დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო დანარჩენი დოკუმენტების დიდი ნაწილი არ შეესაბამება 2014 წლის დადგენილების სტანდარტებს.
მედია და საზოგადოება
მისასალმებელია, რომ უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაცია, მოამზადა და დაამტკიცა მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი, რომელიც გაცილებით გაამარტივებს ჟურნალისტების და მედიის სხვა წარმომადგენელთა შესვლას საბჭოს შენობაში.
რაც შეეხება სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციას, დასკანერებულ ფორმატშია ატვირთული ბრძანება უმაღლეს საბჭოში სტაჟირების კონკურსის შესახებ, სტაჟირების გავლის წესისა და სტაჟირების კომისიის დოკუმენტაცია. ეს არ იძლევა მათი ადვილად მოძიების, კოპირებისა და დამუშავების საშუალებას.
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის წარმატებული მაგალითები ევროპაში
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. რაც უფრო ხელმისაწვდომია ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, მით უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და მონაწილეობითი ხდება მმართველობითი ორგანოები. OGP დიდ ყურადღებას უთმობს წევრ სახელმწიფოებში ამ უფლების პოპულარიზაციას და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
წარმოდგენილ კვლევაში გთავაზობთ ორი ევროპული სახელმწიფოს მაგალითს: პირველი არის ფინეთი, რომლის ავტონომიური რეგიონი - ალანდის კუნძულები შედგება 16 მუნიციპალიტეტისაგან. ალანდის მთავრობას უფლება აქვს, გადაწყვიტოს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუტურისა და თვითმმართველობის საკითხები. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ადგილობრივი პარლამენტი, რომელიც 4 წლის ვადით არჩეული 30 წევრისგან შედგება და აკონტროლებს ალანდის მთავრობას.
მეორე არის ესტონეთი, რომელიც დემოკრატიული გამჭვირვალე და ინოვაციური მმართველობის მაგალითს წარმოადგენს. 2017 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ ქვეყანა 79 ადგილობრივ მთავრობად დაიყო. თითოეულს მართავს საყოველთაო არჩევნებით არჩეული მუნიციპალური საბჭოები. მიუხედავად ლოკალური მთავრობის სისტემისა, ყველა რეგიონის საჯარო ინფორმაცია ესტონეთში ერთ ვებსაიტზეა თავმოყრილი, რომლის სპეციფიკაც ქვემოთაა განხილული.
ფინეთი
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით ფინეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. RTI (Right to Information) რეიტინგში იგი მსოფლიოში 31-ე, ხოლო ევროპაში მე-8 ადგილზეა.[2] მსგავსი შედეგი განაპირობა ფინეთის მიზანდასახულობამ, რომ ყოველწლიურად გააუმჯობესოს და გაამარტივოს რიგითი მოქალაქეების მიერ საჯარო ინფორმაციაზე წვდომაც და მისი სრულყოფილად გააზრება.
ფინეთი ამჟამად 6 რეგიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ სააგენტოდაა დაყოფილი, რომელთაგან თითოეული თვითმმართველობის პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენ კვლევაში ყურადღება დავუთმეთ ალანდის კუნძულებს, რომელიც, აჭარის მსგავსად, ავტონომიური რეგიონია. ალანდის კუნძულები იზიარებს ღია მმართველობის პრინციპებს და ფინეთის OGP სამოქმედო გეგმებს. ჯერ კიდევ 2013 წელს აქ მიზნად დაისახეს საჯარო ინფორმაციის მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემა, რათა ყველა მსურველს, განურჩევლად მათი განათლების დონისა, შეძლებოდა ინფორმაციის სათანადოდ მოძიება, გაგება და დამუშავება. 2013 წლიდან მოყოლებული, ამ მიზნის მისაღწევად უამრავი რეფორმა განხორციელდა:
ინიციატივების გარდა, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ როგორ მუშაობს ალანდის პარლამენტის ვებ-გვერდი, რათა მასზე დაყრდნობით აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეც შევძლოთ სასარგებლო ცვლილებების შეტანა. ალანდის საჯარო ინფორმაციის მოპოვება ძებნის ღილაკზე ერთი დაჭერით ხდება. აქ შესაძლებელია:
- დოკუმენტების მოძებნა წლისა და ტიპის (ხარჯთაღრიცხვა, სამართლებრივი აქტები, მოქალაქეთა ინიციატივები, ა.შ.) მიხედვით;
- საჯარო ინფორმაციის გაფილტრვა თემატიკის მიხედვით (განათლება, ეკონომიკა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ა.შ.);
- ალანდის პარლამენტის შეხვედრების სრულად ნახვა, როგორც Youtube-სა (ვიდეო) და Spotify-ზე (პოდკასტები) შექმნილი “ფლეილისთების” საშუალებით, ისე კითხვით ფორმატში.
ვებ-გვერდზე შეგვიძლია ვიპოვოთ პარლამენტის წევრები პოლიტიკური პარტიების მიხედვით და დაწვრილებით გავიგოთ მათი პარლამენტში საქმიანობის შესახებ. დეპუტატის ფოტოზე ხელის ერთი დაჭერით შეგვიძლია შევიტყოთ, რა საკითხებზე რა რაოდენობით ისაუბრა მან, რომელ კანონპროექტებს მისცა ხმა და რა გამოსვლები ჰქონდა პარლამენტში. მაგალითად, თუკი გადავხედავთ ალანდის პარლამენტის წევრის, ჯესი ეკერმენის პროფილს, გავიგებთ, რომ პარლამენტში საქმიანობის განმავლობაში, მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის, ცხოველთა დაცვისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის (50%) საკითხებს და იგი ესწრებოდა პარლამენტის უკლებლივ ყველა სხდომას (100%). მსგავსი ინფორმაცია უფრო გამჭვირვალეს ხდის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას და ზრდის მოქალაქეთა ნდობას, როგორც ინსტიტუტის, ისე აქ მომუშავე თანამდებობის პირების მიმართ.
ესტონეთი
საჯარო ინფორმაციაზე ეფექტური წვდომის წარმატებული მაგალითი ესტონეთია. მდგრადი განვითარების ინდიკატორების პლატფორმის (SGI) მიხედვით, ესტონეთს 10-დან 10 ქულით აფასებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში. გარდა იმისა, რომ ოფიციალურ ინფორმაციაზე წვდომა კონსტიტუციითაა გარანტირებული, ესტონეთში 2001 წლიდან მოქმედებს საჯარო ინფორმაციის აქტი.
ესტონეთში ინტერნეტზე წვდომა პრიორიტეტად ითვლება. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ოფიციალური ვებ-გვერდებისა და პორტალების საშუალებით. ამჟამად, ესტონეთის მუნიციპალიტეტებში ყველა საჯარო ინფორმაცია და მომსახურება თავმოყრილია ერთ ვებ-გვერდზე.
აქ განთავსებულია ინფორმაცია ესტონეთის ყველა სამინისტროდან და საჯარო უწყებიდან. ყველა მონაცემი, რომელიც შექმნილია მთავრობის აპარატში, საჯაროა, გარდა მონაცემებისა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ ინფორმაციას. აქვეა გაერთიანებული მონაცემების ბაზები ადგილობრივი მთავრობებიდან. მაგალითად, თუკი დაინტერესებული ვართ ჰარკუს ადგილობრივი მთავრობის საჯარო ინფორმაციით, შეგვიძლია ის მარტივად მოვიპოვოთ HTML ფორმატში. პორტალზე განთავსებულია ადგილობრივი მთავრობის სხდომების დეტალური აღწერები, მთავრობის მისამართზე შესული წერილები, გამოცემული პროტოკოლები, საკანონმდებლო აქტები და შეთანხმებები.
ყველა მუნიციპალიტეტმა, პოლიტიკურმა პარტიამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა იქონიოს ვებ-გვერდი, სადაც განათავსებს კონსტიტუციითა და საჯარო ინფორმაციის აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. გარდა ამისა, არსებობს ესტონეთის ღია მმართველობის მონაცემების პორტალი, რომელიც უშუალოდ საჯარო ინფორმაციას ინახავს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია მოცემული პლატფორმებიდან რეგისტრაციის გარეშე, რაც ამცირებს საჯარო ინფორმაციაზე განაცხადების რაოდენობას და შესაბამისად, საჯარო მოხელეების სამუშაო დატვირთვას. ქვემოთ მოცემულია ის სტანდარტები, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ვებ-საიტი და პორტალი აკმაყოფილებს.
დასკვნა და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად სრული სახით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე. ეს ხელს უწყობს ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდას. დაინტერესებული პირები მარტივად იღებენ ინფორმაციას და აკონტროლებენ წარმომადგენლობით ორგანოს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი დოკუმენტების დიდი ნაწილი განთავსებულია დასკანერებულ ფორმატში, რაც მათ ტექსტურ მოძიებას და შემდგომ ანალიტიკურ დამუშავებას ართულებს, ზოგჯერ კი, შეუძლებელსაც ხდის. ამასთან, აღნიშნული დასკანერებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, რაც ვებ-გვერდის მუშაობას აფერხებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაციით, საჭიროა:
- ვებ-გვერდზე დოკუმენტაციის ღია და ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება მათი შემდგომი გამოყენების და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალის გაზრდა და ასევე, როგორც ახალი, ისე ამჟამად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩაშლა გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად;
- ვებ-გვერდზე იმ დოკუმენტების ატვირთვა, რომლებიც, კვლევის მიხედვით, მიუწვდომელი ან ცარიელია.
ამასთან, ფინეთისა და ესტონეთის მაგალითების საფუძველზე, უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა, იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:
- გადაამზადოს საჯარო მოხელეები ღია მმართველობის პრინციპებზე და მოქალაქეებში აამაღლოს ცნობიერება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;
- გახადოს ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაცია ადაპტირებული მხედველობადაქვეითებული პირებისათვის;
- გამოაქვეყნოს როგორც სხდომების სრული ჩანაწერები, ისე საბჭოს წევრთა აქტივობების უფრო დეტალური აღწერები.
[1] ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობით საბჭოს აპარატმა აღნიშნული წესი მოამზადა და 6 აპრილს საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნული წესის ამოქმედების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
[3] ესტონეთში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს დოკუმენტების ასლების მომზადების მოსაკრებლისგან მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით თავისუფლდება: თუ მოქალაქე ინფორმაციას კვლევითი მიზნებისთვის, ასევე, კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ითხოვს; ასევე, მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებულია საკმარისი შემოსავლის არმქონე მოქალაქე. გარდა ამისა, თუ მოთხოვილი ინფორმაცია 21 გვერდზე ნაკლებს მოიცავს, მოქალაქე მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება. სხვა შემთხვევებში, ინფორმაციის გამცემი ორგანო უფლებამოსილია დააწესოს მოსაკრებელი - https://www.riigiteataja.ee/en/eli/ee/Riigikogu/act/529032019012/consolide