ENG

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საბჭო – დაჯაბნა თუ არა ნეპოტიზმმა დამსახურება?

13 ნოემბერი, 2013

გასულ კვირას აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დანიშვნის წინააღმდეგობებით სავსე პროცესი დაასრულა. ხუთივე წევრი „ქართული ოცნების” ფრაქციათა წარმომადგენლების მიერ იქნა წარდგენილი. ეს ეწინააღმდეგება ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სულისკვეთებას, რომელიც თავისი არსით აჭარის ახლადჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ მაუწყებელში კვოტის დადგენის გზით ოპოზიციასათვის  ორი წევრის  დანიშვნის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ორ ეტაპად აირჩია: პირველ ეტაპზე მხოლოდ „ქართული ოცნების” ფრაქციების კვოტით წარდგენილმა სამმა კანდიდატმა მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვეს. ამის შემდგომ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა ჩაატარა დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად, რის შედეგადაც ისევ მხოლოდ „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა  მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, ფრაქციებსა და საბჭოს დამოუკიდებელ  წევრებს ახალი კანდიდატების დასახელების უფლება ეძლევათ. კანონი არ აკონკრეტებს, რომელი ფრაქციები არიან უფლებამოსილნი, წარადგინონ კანდიდატები კენჭისყრის მეორე ეტაპზე. ამიტომ შესაძლებელია, ვიგულისხმოთ, რომ ამის უფლება ყველა ფრაქციას აქვს. კანონი არც  უმრავლესობის და უმცირესობის მიხედვით დადგენილ  კვოტებს აღიარებს. ის მხოლოდ საშუალებას აძლევს ფრაქციებსა და  საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, დაასახელონ საბჭოს წევრობის კანდიდატები.

უმაღლესმა საბჭომ პროცედურების იმგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა, რომ „ქართულ ოცნებას” შესაძლებლობა მიეცა, საბჭოს ყველა წევრი თავად შეერჩია. პარლამენტის წევრებმა, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, აღნიშული პროცესი უკანონოდ შეაფასეს. ერთი რამ ნათელია, უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის ივლისში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზნებთან. აღნიშნული ცვლილებებით წერტილი დაესვა აჭარის ტელევიზიის უკანონო არსებობას და ის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა, რომლის საქმიანობაზე კონტროლს პოლიტიკურად დამოუკიდებელი და პლურალისტური საბჭო უნდა ახორციელებდეს.

საბჭოს წევრები ფულად ანაზღაურებას იღებენ. მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. კანონის თანახმად, საბჭოს მთელ ხარჯებზე გამოყოფილი თანხისათვის დადგენილი ზღვარი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს - 2014 წელს დაახლოებით 60 000-70 000 ლარს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარე მომავალი წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრიც იქნება.

საბჭოს არჩეული წევრები:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი ხუთი წევრი აირჩიეს: ოლღა ჟღენტი, ვახტანგ ღლონტი, ზაზა ხალვაში (ის საბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს), გიორგი ირემაძე და რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი.

ვახტანგ ღლონტი: პოეტი, მუშაობდა ბათუმის საკრებულოში 2006 – 2010 წლებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. იგი დღემდე ჩართულია  პოლიტიკურ საქმიანობაში  საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის რანგში. მისი ძმისშვილი სულხან ღლონტი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარეა. სხვა მწერლებთან ერთად ვახტანგ ღლონტი  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლახანს ღლონტმა მწვავე შინაარსის ლექსი გამოაქვეყნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე „ბიჭები და გოგონები" გააკრიტიკა და მათ არაპატრიოტულები უწოდა.

ნატა იმედაიშვილი: ჟურნალისტი და აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი (2004 – 2005 წწ.), ამჟამად რადიო თავისუფლების აჭარის კორესპონდენტად მუშაობს. Media.ge თავის სტატიაში იმედაიშვილის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე წერდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სხვა მაუწყებელში ანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობა ეკრძალებათ. თუმცა „რადიო თავისუფლება“ მაუწყებლობის ლიცენზიას არ ფლობს, იგი მხოლოდ კონტენტს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა კერძო რადიოსადგურის ეთერით გადაიცემა. მისი შოუები ნაციონალური რადიო “იმედის“ საშუალებით აჭარაშიც გადაიცემა. იმედაიშვილმა განაცხადა, რომ იგი ამ ორ თანამდებობას შორის ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს.

იმედაიშვილის მეუღლე კობა ჩხეიძე  აჭარის მთავრობაში სოციალ-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და სათავეში უდგას „თავისუფალი დემოკრატების” ბათუმის განყოფილებას (კოალიცია „ქართული ოცნება”). იმედაიშვილმა ადრე განაცხადა, რომ მისი მეუღლის პოლიტიკაში ჩართულობა ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა, რის გამოც ის არ აშუქებდა არჩევნებს, რომლებშიც მისი მეუღლე მონაწილეობდა.

2012 წ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატად განიხილებოდა. იმედაშვილი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე არხის მომავალ მუშაობაში.

გიორგი ირემაძე: ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. სასულიერო სემინარიის პრორექტორი. იგი პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს და რიგ თემაზე გადაცემების მომზადებას გეგმავს, მათ შორის პოლიტიკის, სოციალურ, სპორტის, გარემოს დაცვის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე. მან განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია ეთერში 24 საათის განმავლობაში უნდა მაუწყებლობდეს და დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიურ გადაცემებს უნდა ეთმობოდეს.

ოლღა (ოლიკო) ჟღენტი: ხელოვნების ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია. 1990-იან წლებში იგი ჟურნალისტად მუშაობდა სახელმწიფო მაუწყებლის „მე-2 არხზე“, ხოლო ახლო წარსულში დოკუმენტური ფილმების წარმოებას კურირებდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან არხზე „პიკი“. ჟღენტი ნობელის პრემიის ნორვეგიელი ლაურეატის  კნუტ ჰამსუნის საზოგადოება საქართველში  საბჭოსა და ასოციაცია „პატრიას“ თავმჯდომარეობს.

ზაზა ხალვაში: კინორეჟისორი და ფილოლოგი, რომელსაც წარსულში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა აჭარის მთავრობაში. ხალვაშის საკუთრებაშია ბათუმის საავტორო ფილმების დამოუკიდებელი სტუდია და  კინოფილმების მწარმოებელი კომპანია შპს „გორაგელის-ი“; იგი არაკომერციული ორგანიზაციის „კინოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელიცაა.

ბოლო დრომდე ხალვაში  ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი იყო. იგი  აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობას ხელმძღვანელობდა 2005 წლამდე და ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც თანამშრომლებმა ცენზურის განხორციელებაში დაადანაშაულეს. ხალვაშის ერთ-ერთი კრიტიკოსი ნატა იმედაიშვილიც იყო, რომელიც მაშინ  საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამ ორ პიროვნებას ახლა ერთად მოუწევს საბჭოში მუშაობა. ხალვაშის განცხადებით, მაუწყებელის ყურადღების ცენტრში ახალგაზრდული და საბავშვო გადაცემები უნდა მოექცეს.

ახლა საბჭომ უნდა დაამტკაცოს, რომ ის ხალხის სამსახურში დგას და მას შესწევს ძალა პარტიული ინტერესებისაგან თავისუფალი მაუწყებლის განვითარება უზრუნველყოს.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: დიანა ჩაჩუა, ანა დაბრუნდაშვილი
Adjara, GMedia, Media