აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი შეთანხმება ყაზახურ კომპანიასთან კვლავ კითხვებს აჩენს
აჭარაში ბოლო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ყაზახურ ინვესტიციად”1 წოდებულ კომპანია „აჭარა რიზორთ ბვ-სთან” გაფორმებული ხელშეკრულება.
2006 წელს, ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიას აჭარის სანაპირო ზოლზე, 21 ტურისტული ობიექტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა საპრივატიზაციო პროექტის ღირებულება 4 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ობიექტეში სხვადასხვა დროს შესახლებული დევნილი ოჯახების საკომპესაციო თანხად კომპანიას 13,5 მილიონი დოლარი განესაზღვრა. ხელშეკრულების პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, მყიდველს 21 ობიექტი ექსპლუატაციაში 36 თვის განმავლობაში უნდა გაეშვა, სასტუმრო “მედეასა” და მესხეთის რეაბილიტაციაზე კი კომპანიას ჯამში 50 მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა. კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილის შეუსრულებლობის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა 2015 წლის 24 ივნისს გამოაქვეყნა: 21 ობიექტიდან მხოლოდ ერთი სასტუმრო „რედისონი” (სასტუმრო “მედეას” ადგილზე) აშენდა, დანარჩენი 20 ობიექტი კი ფაქტობრივად მიტოვებული და განადგურებული იყო (კვლვის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგაც რეალობა არ შეცვლილა). ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში კომპანიამ მის მიერ აღებული ვალდებულები ვერ შეასრულა, სახელმწიფომ კი, ამ შემთხვევაში ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ვერც “ნაციონალური მოძრაობისა” და ვერც კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში საინვესტიციო პროექტის ეფექტური მონიტორინგი ვერ განახორციელა.
ყაზახური ინვესტიციის მიმართ ბოლო დროს გაჩენილი ინტერესი გააძლიერა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის საჯარო განცხადებებმა, რითაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიასთან, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, ახალი შეთანხმება გაფორმდა. ამ განცხადებების თანახმად, ქონების ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა, ნაწილი კი კვლავ კომპანიის მფლობელობაში დარჩა.
“საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით, არაერთხელ მიმართა (და მიუხედავდ იმისა, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით, ცვლილებები 2016 წლის 22 აპრილს განხორციელდა), დოკუმენტები მხოლოდ 2016 წლის 26 ივლისს მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მივიღეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, არასრულად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, თავის პასუხში არ განგვიმარტა, რის საფუძველზე შეუცვალა სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო პირობები.
ინვესტორთან გაფორმებული ახალი შეთანხმების ანალიზი
ცვლილების მიხედვით, კომპანიის მფლობელობაში დარჩა 12 ობიექტი (21-დან) საერთო ჯამში 13,893.5 კვ.მ შენობის და 16,986 კვ.მ მიწის ფართობით. ცვლილებების თანახმად, კომპანიის ობიექტების ჩაბარების ვალდებულება 2025 წლამდე გადაუვადდა. ამ პერიოდში, “აჭარა რიზორთ ბი ვი-მ” 30,000,000 დოლარის ინვესტიციის უნდა განახორიელოს.
-
თუ პირვანდელი ხელშეკრულებით, სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი (05.2.02.006) ისევ სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ახალ დოკუმენტში პირობა შეიცვალა - არანაკლებ 100 ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს, ამ პროექტში 11,500,000 აშშ დოლარის ინვესტიციით.
-
„ნარინჯის“ რეაბილისტაციისთვის უნდა დახარჯოს 300,000 აშშ დოლარი, ხოლო ტურბაზა „ციხისძირის“ რეაბილიტაციაზე 200,000 აშშ დოლარი;
-
მწვანე კონცხზე 6 ობიექტის მშენებლობისთვის კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიზიდოს;
-
2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სასტუმრო ბობოყვათის პროექტის (4 ჰა მიწის ნაკვეთი ს/კ ( 20. 12 05 046; 20.42 09 078) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება. 2019 წლის 1 დეკემბრამდე მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს, 2025 წლამდე კი მყიდველმა პროექტის დასრულება 15 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვით უნდა შეძლოს.
ახალი შეთანხმების მიხედვით, შეცვლილია ნასყიდობის ხელშეკრულების მუხლები (7.3, 7.4), რომელიც მყიდველზე გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვას ეხება. თუ წინა შეთანხმებით, მყიდველს ქონების იპოთეკით დატვირთვა შეეძლო, ახლა, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებამდე მას ამის გაკეთება მხოლოდ გამყიდველთან (ა/რ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან) შეთანხმების შემდეგ შეეძლება.
თუ 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, დავის წარმოშობის (ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის) შემთხვევაში, მხარეებს პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოსთვის უნდა მიემართათ, ახალი შეთანხმების მიხედვით, თუ მყიდველი ვალდებულებას არ შეასრულებს, კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცალმხრივად შეუძლია.
ამავდრულად კომპანია სრულად გათავისუფლდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან (პირგასამტეხლო მხოლოდ ერთ ობიექტზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იყო დაკისრებული, ჩვენთვის მოწოდებულ წერილებში თანხის რაოდენობა მითითებული არ არის).
დასკვნა და რეკომენდაციები
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ინვესტიციების ხელშეწყობა და კონკრეტული მსხვილი ინვესტორებისათვის შემხვედრ ნაბიჯებზე წასვლა სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია, და ვფიქრობთ, რომ ასეთი ქმედებები უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.
თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ინვესტორის მხრიდან არ მომხდარა საინვესტიციო ვალდებულებების სრულად შესრულება, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყოლია ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციების ამოქმედება, საზოგადოების კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით სრულიად ლეგიტიმურია და სახელმწიფოს, ასეთ შემთხვევაში, ეკისრება გამჭვირვალობის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების განსაკუთრებული ვალდებულება, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი სახელმწიფო ქონების არამართლზომიერ განკარგვასა და კონკრეტულ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გასაჯაროვდეს ინვესტორთან შემდგარი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების დეტალები, მათ შორის, ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გათვლებზე დაყრდნობით მოხდა ინვესტორთან ახალ პირობებზე შეთანხმება წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების სანაცვლოდ. ასევე, საინტერესოა, კონკრეტულად როგორ განისაზღვრა კომპანიის მხრიდან სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი და დატოვებული ობიექტების ნუსხა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დადებითად ვაფასებთ შეცვლილი ხელშეკრულების იმ მუხლებს, სადაც საუბარია სამართლებრივი დავების საქართველოს ტერიტორიაზე მოგვარების შესაძლებლობასა და ქონების იპოთეკით დატვირთვისას გამყიდველის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს) ნებართვის მიღების აუცილებლობაზე.
ასევე, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა მსგავს პროექტებში განსაზღვრული იყოს ინვესტორის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების ეტაპობრივი მონიტორინგის მექანიზმები. აღნიშნულ პროექტში, ახალი შეთანხმების მიხედვით, ეტაპობრივი მონიტორინგის ვალდებულების შესრულება მხოლოდ ერთ ობიექტზე - ბობოყვათის პროექტზეა გათვალისწინებული და ისიც საკმაოდ ზოგადია.
_________________________________________
2005 წლის 21 ოქტომბერს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და („აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვის“-თან დაკავშირებულ პირს) „Silk Road Group S.A“ ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც „სილქ როუდ გრუპმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მოიხსენება ეს პროექტი “ყაზახურ ინვესტიციად”.