აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ

20 იანვარი, 2021

 

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი  - 41,334,208.2 ლარი იხარჯება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აჭარის მუნიციპალიტეტებისგან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი პირია დასაქმებული (შტატით და შტატგარეშე) დაწესებულებებში 2020 წლის ივნისის მდგომარეობით და რა თანხა იხარჯება მათი შრომის ასანაზღაურებლად.

2016 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც შეჯამებულია 2014-2015 წლების სტატისტიკა, 2019 წელს კი ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოვამზადეთ კვლევა. შესაბამისად, 2020 წლის მონაცემების წინა წლების მაჩვენებლებთან შედარების საშუალებაც მოგვეცა.

რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მუნიციპალური ა(ა)იპების არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი. ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ხულოში არსებული ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი „ხიხანი”, ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა” და ბათუმის „საცხენოსნო კლუბი.” ამ ბოლო ორი იურიდიული პირის მიერთება „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის”, ვფიქრობთ, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასევე, აუცილებელია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპების საქმიანობის სრულყოფილი შესწავლა, მკაცრი მონიტორინგი და მხოლოდ იმ იურიდიული პირების შენარჩუნება, რომელთა საქმიანობასაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს შესყიდვებით ვერ განახორციელებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ 2020 წლის ივნისის მდგომარეობით:

  • აჭარის მუნიციპალიტეტებში მუშაობს 52 ა(ა)იპი, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე 2-ით მეტია. ა(ა)იპებში ჯამურად დასაქმებულია 6,991 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებს (4,415) დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება;
  • აჭარის მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით ჯამურად 3,444,517.35 ლარს გასცემს ყოველთვიურად, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებზე (1,648,211.79) 2-ჯერ მეტია;

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპი მოქმედებს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. ამ 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2,828 ადამიანია დასაქმებული - 2019 წელთან შედარებით ამ რიცხვმა 331-ით მოიმატა. ამასთან, დასაქმებულ პირთა თვიური სარგო დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1,920,147.35 ლარი გახდა;
  • ქედაში ა(ა)იპების რაოდენობა კვლავ 5-ია. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობამ 122-ით მოიმატა და 461 გახდა. შესაბამისად, თვიური თანამდებობრივი სარგოც გაიზარდა - 93,754.2 ლარიდან 155,415 ლარამდე;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 5-ია. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობამ აქაც 454-დან 855-მდე იმატა, რამაც თვიური თანამდებობრივი სარგოს 129,787.1 ლარიდან 323,394 ლარამდე გაზრდა გამოიწვია;

  • ხულოს მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)აიპ-ების რაოდენობა (10) 2015 წლის სექტემბრის  მონაცემზე 1-ით მეტია. შტატზეც და შტატგარეშედაც დასაქმებულია 800 ადამიანი, რაც 2015 წელთან  შედარებით (404) თითქმის გაორმაგდა. თვიური თანამდებობრივი სარგო ჯამში 267,889 ლარს შეადგენს - 2015 წლის სექტემბრის მონაცემზე (108,290) დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 1-ით გაიზარდა  8-მდე, ხოლო დასაქმებულთა მთლიანმა რიცხვმა  201-ით მოიმატა და 504 შეადგინა. რაც შეეხება თვიურ თანამდებობრივ სარგოს (183,032 ლარი), 2015 წელთან შედარებით, ეს მონაცემი დაახლოებით გაორმაგდა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11 ა(ა)იპ მოქმედებს, რაც 2015 წლის მონაცემებს 1-ით აღემატება. ამასთან, წინა წლებთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვმა (1,543) დაახლოებით 2-ჯერ მოიმატა, ყოველთვიური სარგო (594,640 ლარი) კი 2.7-ჯერ გაიზარდა.
  • იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ზოგიერთ ა(ა)იპ-ში დიდი რაოდენობის დასაქმებულ პირთა საჭიროება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ახსნა-განმარტებითი წერილები გამოითხოვა. ამ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა”, „ქობულეთის კულტურის ცენტრმა”, „ხელვაჩაურის სასაფლაოებმა” და „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა”.   

აჭარის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში არსებული შტატით დასაქმებული პირების საშუალო თვიური ანაზღაურება[1]

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

695.45 ლარი

ხულოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

369.12 ლარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

383.04 ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

387.64 ლარი

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპ მოქმედებს. მათში სულ 2,828 ადამიანია დასაქმებული - 2,298 შტატზე მომუშავე და 530 ხელშეკრულებით დასაქმებული. დასაქმებულ პირთა თვიური სარგო მთლიანობაში 1,920,147.35 ლარია, საიდანაც 1,598,147.41 ლარი ხელფასის სახით იხარჯება შტატზე მომუშავე, ხოლო 321,999.94 ლარი - შტატგარეშე დასაქმებულ პირებზე.

თვალში საცემია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დასაქმებულ პირთა (შტატით და შტატგარეშე) საკმაოდ მაღალი რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”  ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დირექტორისგან, ირაკლი არჩაიასგან  ახსნა-განმარტება მიიღო - მისი თქმით, თანამშრომელთა არსებული რაოდენობა აუცილებელია ბოტანიკურ ბაღზე  დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განსახორციელებლად: ბაღის  ტერიტორია აღემატება 110 ჰექტარს, არსებული მცენარეები „თავმოყრილია 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, სამ პარკში და სხვადასხვა კოლექციებში”. თითოეულ კოლექციასა და განყოფილებას სჭირდება სათანადო მოვლა, რაზეც პასუხისმგებელია მებაღეობის განყოფილება (ბაღის უდიდესი განყოფილება). ამასთან, გაირკვა, რომ  ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” შემადგენლობაში ასევე შედის ქალაქ ბათუმის ზოოპარკი და გოდერძის ალპური ბაღი ხულოში.

ჩვენს ორგანიზაციას თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები და საშტატო განრიგი თანამდებობრივი სარგოებით მოაწოდა ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა”. დასაქმებული პირების დიდ რაოდენობას “სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების” საჭიროებით ხსნიან.

დასაქმებულთა რაოდენობისა და მათზე გაღებული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის მიუხედავად, ბოტანიკური ბაღი და ბათუმის გამწვანებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია არ მონაწილეობენ ბათუმის ბულვარის გამწვანებაში. სსიპ „ბათუმის ბულვარი” ყოველწლიურად ასიაათასობით ლარს ხარჯავს სეზონური ყვავილების დარგვა-მოვლაზე. აუცილებელია, რომ ასეთი ადმინისტრაციული ხარჯების პირობებში, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ორივე იურიდიული პირის რესურსი და ბათუმის ბულვარის ხე-მცენარებიით მომარაგება ყოველწლიურად სწორედ ზემოაღნიშნული ა(ა)იპ-ების რესურსებიდან მოხდეს.

ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრს” 289 პირი ჰყავს შტატით დასაქმებული, ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ა(ა)იპ-სგან საშტატო ნუსხა და ახსნა-განმარტება გამოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად, ცენტრში მუშაობს 9 შემოქმედებითი კოლექტივი. ცენტრის დირექტორის თქმით, დასაქმებული თანამშრომლების აღნიშნული რაოდენობა საჭიროა კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვების განსახორციელებლად, ოფისის ხარჯების, კომუნალური სერვისების, გასართობი მომსახურებების, სასცენო კოსტიუმებისა და ინსტრუმენტების შესასყიდად, და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ ბათუმის კულტურის ცენტრი ყველაზე მეტს ხარჯავს ქალაქში კულტურული  ღონისძიებების გამართვაზე და თანხის უდიდეს ნაწილს პირდაპირი ხელშეკრულებებით განკარგავს, რაც კორუფციის დამატებით რისკებს ქმნის. მუნიციპალური ხარჯების ოპტიმიზაციის და ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, აუცილებელია, რომ შეძლებისდაგვარად, ქალაქის მიერ დანიშნული ყველა მსგავსი ღონისძიება სწორედ მუნიციპალური ა(ა)იპ-ის რესურსებით გაიმართოს და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამოცხადდეს ტენდერი/გაფორმდეს პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანიებთან/იურიდიულ პირებთან. გაუგებარია, ა(ა)იპი დამატებით რატომ აცხადებს შესყიდვებს, როდესაც 289 თანამშრომელზე, ყოველთვიურად, თითქმის 200 ათას ლარს გასცემს შრომის ანაზღაურების სახით.

ხულოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

ხულოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 10 ა(ა)იპი, სადაც სულ 800 ადამიანია დასაქმებული. აქედან, 502 პირი შტატზე მომუშავეა, ხოლო 298 ხელშეკრულებითაა დასაქმებული. ხულოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში თვიური თანამდებობრივი სარგო ჯამში 267,889 ლარს შეადგენს, საიდანაც 185,300 ლარი შტატზე მომუშავე, ხოლო 82,589 ლარი შტატგარეშე დასაქმებულ პირებს ერიცხებათ.

ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრში” 168 პირია დასაქმებული. ცენტრის დირექტორი ასეთ სტატისტიკას „აუცილებელი საჭიროებით” ხსნის.  მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციასა და შემოქმედებით განყოფილებაში 10-10, ბიბლიოთეკაში - 12, სამ მუზეუმსა და ერთ სამხატვრო გალერეაში - 35, კულტურის 7 სახლში - 30, ხოლო 10 სასოფლო კლუბში 11 პირია შტატით დასაქმებული. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, ხულოს კულტურის ცენტრში მოქმედი 9 ანსამბლის წევრები და დამატებითი სპეციალისტები შრომითი ხელშეკრულებით არიან აყვანილი.

მსგავსი კითხვა გაჩნდა ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის” მიმართაც. მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შტატგარეშე დასაქმებულ პირთა საკმაოდ მაღალი რიცხვი გამოწვეულია იმით, რომ ცენტრში 11 მძღოლი, 47 მედდა და თითო საქმისმწარმოებელი, შესყიდვების სპეციალისტი და სპეციალური დამხმარეა დასაქმებული. თუმცა, რატომ არის საჭირო ამდენი თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულებით აყვანა, ცენტრის დირექტორმა ტელეფონით საუბრისას ვერ განგვიმარტა და მოთხოვნილი წერილობითი განმარტებაც არ გამოგვიგზავნა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ა(ა)იპ „ხულოს საფეხბურთო კლუბ „ხიხანში” სულ დასაქმებულია 10 პირი. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შტატში მომუშავე 8 პირიდან 4 მწვრთნელია, ხოლო შტატგარეშე დასაქმებული 2 თანამშრომლიდან, ერთი მწვრთნელია, ხოლო მეორე - მისი დამხმარე. ა(ა)იპ-ის დირექტორთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ მოთამაშეები შემოწირულობების სახით იღებენ ანაზღაურებას, რაც ასევე აჩენს კითხვებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

შუახევის მუნიციპალიტეტში შექმნილია 8 ა(ა)იპი, სადაც მთლიანობაში 504 პირი მუშაობს - 481 ადამიანი შტატზე მომუშავეა, ხოლო 23 - შტატგარეშე დასაქმებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გამოგვიგზავნა დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენია თვიური თანამდებობრივი სარგო ცალკე შტატზე მომუშავე და ცალკე შტატგარეშე დასაქმებული პირებისთვის. აქედან გამომდინარე, 504 დასაქმებული პირის თვიური თანამდებობრივი სარგო მთლიანობაში 183,032 ლარს შეადგენს.

ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

ქედაში ა(ა)იპების რაოდენობა 5-ია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 461. ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოგვიგზავნა დასაქმებულ პირთა შესახებ მხოლოდ შეჯამებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ა(ა)იპებში ხელშეკრულებით, რამდენია შტატიანი თანამშრომელი და რამდენია თანამდებობრივი სარგო ცალ-ცალკე, მთლიანობაში კი თვიური თანამდებობრივი სარგო ა(ა)იპ-ებში 155,415 ლარს წარმოადგენს.

ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა საშტატო ნუსხები და ახსნა-განმარტებითი ბარათები ა(ა)იპ „ქედის ისტორიული მუზეუმიდან” და ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრისგან”. მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ა(ა)იპ „ქედის ისტორიულ მუზეუმში” 1 დამლაგებელი შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული, ხოლო 8 პირი შტატით მომუშავეა. რაც შეეხება ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრს”, 53 პირი შტატგარეშე დასაქმებულია, ხოლო 93 პირი შტატით. განსაკუთრებით საყურადღებოა ქედის კულტურის ცენტრის დასაქმებულ პირთა რიცხვი, საიდანაც 15 ადამიანი ანსამბლი „ბეთლემის” წევრია, ხოლო 23 - სოფლის კლუბის ხელმძღვანელი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რიცხვი 5-ია, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა კი 855, საიდანაც 711 პირი შტატზე მომუშავეა, ხოლო 144 - შტატგარეშე.  მთლიანობაში, თვიური თანამდებობრივი სარგო 323,394 ლარია. აქედან, 272,344 ლარს თვიურად შტატზე მომუშავე, ხოლო 51,050 ლარს ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იღებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 11 ა(ა)იპი, სადაც 1,543 პირია დასაქმებული, რომელთა ყოველთვიური სარგო 594,640 ლარს წარმოადგენს. აქედან, 1,292 შტატზე მომუშავე პირი ყოველთვიურად 500,840 ლარს იღებს ხელფასის სახით, 251 შტატგარეშე დასაქმებული პირი კი -  93,800 ლარს.

ცხრილიდან ჩანს, რომ ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრში” სულ 63 პირია დასაქმებული. არსებულ მოცემულობას ა(ა)იპ-ის დირექტორი გამოგზავნილ განმარტებით წერილში დეტალურად ხსნის. კერძოდ, ცენტრში, რომელიც მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების სფეროში არსებული პროგრამების ეფექტური მართვისთვის შეიქმნა, 13 მძღოლი და 46 მედდა შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის 13 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს უკეთესი სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები  ემსახურება. შესაბამისად, აქედან არის გამოწვეული ცენტრში დასაქმებული მძღოლების მაღალი რიცხვი. 

რაც შეეხება ა(ა)იპ „ქობულეთის მუზეუმს”, მიღებულ დოკუმენტში წარმოდგენილია მუზეუმის საშტატო ნუსხა თანამშრომელთა მოვალეობების აღწერილობით. თუმცა დოკუმენტს თან არ ერთვის მოცემული რაოდენობის დასაქმებულ პირთა საჭიროების ახსნა-განმარტება.

დასკვნა და რეკომენდაციები

საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი - ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი - საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

41 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

  • შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე - ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს;
  • გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

[1] რადგანაც ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებმა ცალ-ცალკე არ გამოგვიგზავნეს შტატით მომუშავე და შტატგარეშე დასაქმებულ პირთა რიცხვი, შეუძლებელი გახდა მოცემული სტატისტიკის გამოანგარიშება.