ENG

აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის შეფასება

19 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აჭარის რეგიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შედეგებს და მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოძიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის საჭიროებების ლობირებისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით იქმნება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომლის ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან 5000 ლარით ანაზღაურდება.

2013 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს გაეგზავნათ წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო თითოეული მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების ჩამონათვალი. ასევე დავინტერესდით, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული ბიუროებში და რამდენია მათი სახელფასო ფონდი.  

მიღებული პასუხებით დგინდება, რომ მაჟორიტარების ბიუროების უმრავლესობას  საჭიროებების კვლევას არ ატარებს, თუმცა მოქალაქეების წერილობითი განცხადებების თუ გასვლითი შეხვედრების საფუძველზე ხდება საერთო პრობლემების იდენტიფიცირება.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის რეგიონის მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ისევ დასაქმების, ჯანდაცვის, პენსიების, ეკომიგრანტების და სოციალურად დაუცველი ფენის შემწეობის საკითხებია. ასევე, აქტუალურია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები, ხელყოფილი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თემა და რეგიონის მასშტაბით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების არასაკმარისი რაოდენობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე აჭარის 6 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან 4-მა დროულად  გაგვცა პასუხი, თუმცა ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის ომარ მეგრელიძის ბიუროებისგან ვერც წერილობითი პასუხი მივიღეთ და პარლამენტის საიტზე მითითებულ ტელეფონზეც არავინ გვიპასუხა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კითხვაზე, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე გაცემული ხელფასის ოდენობას შეეხებოდა, ბიუროებმა არასრული ინფორმაცია გასცეს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის და ქობულეთის  მაჟორიტარი დეპუტატის ფატი ხალვაშის ბიუროებმა ხელფასების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის აპარატისთვის მიმართვა გვირჩიეს, თუმცა რა საფუძვლით, უცნობია.

ბათუმი: მურმან დუმბაძე

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო 2012 ნოემბერიდან ფუნქციონირებს და იქ 3 ადამიანია დასაქმებული. ამ დრომდე ბიუროს წერილობით 550-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო დაახლოებით 6000 მოქალაქეს დეპუტატი პირადად შეხვდა. ბიუროს განცხადებით, მოქალაქეების ძირითადი პრობლემა დასაქმებაა. ასევე, აქტუალურია სხვადასხვა ჯგუფის ინვალიდობის სტატუსის მქონე ადამიანების პენსიების და სოციალურად დაუცველი ფენის დახმარების, საკუთრების და დაუკანონებელი მიწების,  ახალი საბავშვო ბაღების ნაკლებობის საკითხები.

მურმან დუმბაძემ საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთა კანონპროექტს, რომელიც „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატან ცვლილებებს შეეხებოდა და გულისხმობდა აჭარის ტელევიზიის ცალკე საჯარო იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას. ასევე, დეპუტატი აქტიურად აწარმოებს ეკომიგრანტების პრობლემების შესწავლას და ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებულ პირებზე გაცემული ხელფასებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას, ბიურომ პარლამენტის აპარატთან დაკავშირება გვირჩია, თუმცა რატომ ვერ გასცემს ბიურო თანამშრომლების სახელფასო განაკვეთის შესახებ ინფორმაციას, გაურკვეველია.

ხულო:  ანზორ ბოლქვაძე

ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ფუნქციონირება 2013 წლის იანვრიდან დაიწყო და ბიუროში 5 ადამიანია დასაქმებული. ფუნქციონირების დღიდან ბიუროს წერილობით 20-მა, ხოლო ზეპირად 180-მა მოქალაქემ მიმართა. საჭიროებების კვლევის ანალიზი ბიუროს არ ჩაუტარებია, თუმცა მომართვების შინაარსიდან გამომდინარე  იკვეთება უკუმიგრირებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების, სამკურნალო ხარჯების დაფარვის, დასაქმების, მეწყერსაშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაციის და ახალი მიწების გაცემის და საბავშვო ბაღის მშენებლობის საჭიროება. მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატიურად ესწრებიან როგორც თვითმმართველობის, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

ანზორ ბოლქვაძეს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება არ მოუხდენია, თუმცა დეპუტატმა აჭარის მთავრობაში დააყენა ინიციატივა სოფელ ოქროშუაშვილების, ვაშლოვანის და ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

ბიუროს ცნობით, თანამშრომლებზე განვლილ პერიოდში გაიცა საშუალოდ 350 ლარი, თუმცა რას ნიშნავს საშუალო ხელფასი და რა წესით დაიანგარიშა ბიურომ ეს თანხა, უცნობია.  სახელფასო დანამატი ან პრემია არ გაცემულა.

ხელვაჩაური:  როსტომ ხალვაში

ბიურო 2012 წლის 20 ნოემბრიდან არსებობს და 2 ადამიანია დასაქმებული. წერილობით 74-მა, ხოლო ზეპირად  1200-მა მოქალაქემ მიმართა. 5 საჯარო შეხვედრის შედეგად დეპუტატმა გამოავლინა მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის განსახლების, საკუთრების უფლების აღიარების და სამედიცინო მომსახურების ობიექტების არარსებობის პრობლემები.  

მზადების პროცესშია დეპუტატის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ხელვაჩაურის ადმინისტრაციული საზღვრებიდან ქ. ბათუმისთვის ადრე უსაფუძვლოდ გადაცემული მიწის ნაკვეთების უკან დაბრუნებას, რადგან ოჯახებს რომლებსაც არ უსარგებლიათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით განსაზღვრული რეფორმით, ვერ ახორციელებენ  თავისი უფლებების რეალიზებას  და უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციას.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს განცხადებით, 2012 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაცემულია 18 364 ლარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბიუროში დასაქმებული 2 თანამშრომლის ხელფასი საშუალოდ 918 ლარია. ბონუსები და დანამატები ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე არ გაცემულა.

ქობულეთი:   ფატი ხალვაში  

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ფუნქციონირება 2012 წლის 6 ნოემბერს დაიწყო, სადაც 4 თანამშრომელია დასაქმებული. ბიუროს წერილობით 250-მა, ხოლო ზეპირად 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

პრობლემების იდენტიფიცირების კვლევა ბიუროს არ განუხორციელებია, თუმცა ზოგადად აქტუალურია სოციალური, ეკონომიკური, საბანკო და საკუთრების თემასთან დაკავშირებული საკითხები. მოქალაქეთა თხოვნებს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო წერილობით და ზოგიერთ შემთხვევაში ზეპირად აცნობებს შესაბამის ორგანოებს, თუმცა რა შედეგი დგება მიმართვების საფუძველზე, უცნობია.

ფატი ხალვაშს საქართველოს პარლამენტში არც ერთი კანონპროექტის ინიცირება არ მოუხდენია. ბიურომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია დასაქმებულ პირთა სახელფასო განაკვეთის ოდენობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის ფინანსთა და ეკონომიკის განყოფილებისთვის მიმართვა გვთხოვა.   

თანამშრომელთა რაოდენობა და ყოველთვიური ჯამური ხელფასი

ბიურო

თანამშრომელთა რაოდენობა

ხელფასის ოდენობა

ბათუმი

3

პასუხგაუცემელია

ქობულეთი

3

პასუხგაუცემელია

ხულო

5

საშუალოდ 350 ლარი (არასრული მონაცემი)

ხელვაჩაური

2

10 თვის ვადაში - 18,364 ლარი (არასრული მონაცემი)

ქედა

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

შუახევი

პასუხგაუცემელია

პასუხგაუცემელია

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ხშირად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და კარგად იცნობენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაჟორიტარი დეპუტატის მოვალეობა მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრები და მათგან ინფორმაციის მიღება არ არის. დეპუტატი ვალდებულია პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები დასახოს და ლობირება გაუწიოს მათ შესრულებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში, იყოს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი. სამწუხაროდ, მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ შესაბამისი უწყებების მიმართ წარდგენილი ინიციატივები არ არის რეგიონში არსებული პრობლემების პროპორციული.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“