ENG

აჭარაში სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი უკანონოდ ჩატარდა

17 მარტი, 2014

 

2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც იმ პირთა ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებში კონკურსის ჩატარების წესი არსებითად დარღვეული იყო და ის უკანონოდ უნდა გამოცხადდეს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თუმცა, ამ წესიდან გამონაკლისს იმავე კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომელიც განსაზღვრავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო ატარებს.

კონკურსის ჩატარების შინაარსსა და ფორმას განსაზღვრავს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანება. ამ ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. ამავე ბრძანების მიხედვით, სერტიფიცირების ეტაპიც ორ ნაწილად იყოფა: ტესტირება და გასაუბრება. თუ კონკურსის ორივე ნაწილი წარმატებით გადალახა, კანდიდატი  დირექტორის სერტიფიკატს იღებს, რის შემდეგაც, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, ის კიდევ ერთ გასაუბრებას გადის მინისტრის მიერ დამტკიცებულ კომისიასთან.

აგვისტოსა და ნოემბერში განათლების სამინისტრომ კონკურსის ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაატარა, მათ შორის, აჭარის სკოლებისთვისაც, სადაც არც გასაუბრების ჩატარებაში ან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გააჩნდა ტერიტორიული კომპეტენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ჩაეტარებინა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სამინისტროს აქტი, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონკურსის ჩატარების შესახებ და ასევე აქტი, რომლითაც მოხდა შედეგების გამოცხადება, უნდა ჩაითვალოს არარა აქტად. ამ მოთხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

Author: გიგი ჩიხლაძე