ENG

21 წლიდან პარლამენტში – რას ფიქრობთ თქვენ?

07 მაისი, 2012

რამდენიმე კვირის წინ მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას და პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 25-დან 21 წლამდე დაწევას ითვალისწინებს. დღეს, 7 მაისს პარლამენტში შედგა შეხვედრა, სადაც ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის შედეგების შეჯამება მოხდა. გადაწყდა, რომ მიზანშეწონილია, ინიციატივა სტანდარტულ საკანონმდებლო პროცესის ფაზაში შევიდეს. ასაკობრივი ცენზის დაწევასთან დაკავშირებით ჩვენ აზრი პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებს ვკითხეთ და გვსურს შევიტყოთ, რას ფიქრობს ჩვენი მკითხველი. მას შემდეგ, რაც გაეცნობით ჩვენი რესპონდენტების მოსაზრებებს, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია სოციალურ ქსელში ან დაწეროთ კომენტარი ქვემოთ.

ინიციატივის მიზნები, განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკურ პროცესში მეტი ახალგაზრდის ჩართვა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერაა:

„პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქმიანობის შედეგიანობა და მის მიერ საზოგადოების წარმომადგენლობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია პარლამენტის შემადგენლობა, რამდენად აქვთ სათანადო მომზადებისა და განათლების მქონე ნებისმიერი თაობის პროფესიონალ მოქალაქეებს მის საქმიანობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.

„საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი 25 წლის ასაკიდან. დემოკრატიის მშენებლობისა და სამართლებრივი რეფორმების მოცემულ ეტაპზე, მიზანშეწონილია გადაიხედოს აღნიშნული შეზღუდვა, რათა სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების სახელმწიფოებრივ მართვაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ხალხის ნდობის მოპოვების შემთხვევაში არჩეული იქნებიან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ამ გზით მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.“

განმარტებითი ბარათი ასევე ხსნის, რომ პარლამენტის წევრად არჩევისთვის მინიმალური ასაკი სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც 21 ან 18 წელია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიაკვლია კიდეც ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდა კანონმდებლების არჩევის მაგალითებს. ევროპის პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ამელია ანდერსდოტერი, რომელიც შვედეთის მეკობრეთა პარტიას წარმოადგენს, 24 წლის ასაკში იქნა არჩეული; სიმონ ჰარისი, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატიც 24 წლის იყო, როდესაც პირდაპირი არჩევნების გზით  მოიპოვა მანდატი; ფლორიან ბერნშნაიდერი კი 22 წლისა აირჩიეს გერმანიის ბუნდესტაგში.

თუმცა, საპარლამენტო ფრაქციის, „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე სკეპტიკურად აფასებს ასეთ მსჯელობას და განმარტავს, რომ „ევროკავშირის ქვეყნებზე აპელირება არ არის საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ბევრად ჩამოუვარდება ამ ქვეყნებისას.“ დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ „სინამდვილეში, მოცემული საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ვიწრო ელექტორალურ მიზნებს, ანუ ეს არის მცდელობა მმართველი პარტიის დასაყრდენის საზღვარგარეთ განათლება-მიღებული ახალგაზრა მოქალაქეებში პოვნის.“

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის აზრით, შეთავაზებული ინიციატივა სულაც არ არის განსაკუთრებით მომგებიანი მმართველი პარტიისთვის, რადგან „ახალგაზრდული ორგანიზაცია აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს [ცვლილება] მათაც შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც ახალი აქტიური წევრების თავისთვის მიზიდვის ინსტრუმენტი.” გიორგი კანდელაკი არ თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივა გამოიწვევს პარლამენტის წევრების ასაკობრივი სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას, რადგან „ასეთი ახალგაზრდები, თუ მათ ხალხი აირჩევს, იქნებიან გამორჩეულები და ყველაზე აქტიურები,” შესაბამისად, მათი რიცხვი დიდი არ იქნება. თუმცა, დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის უფრო მნიშვნელოვანი კომპეტენციის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც ის ეჭვს გამოთქვამს: „ნიშანდობლივია, რომ 21 წლის ახალგაზრდა არ არის სრულფასოვანი განათლების მფლობელი, მას არ აქვს არანაირი სამუშაო პრაქტიკა. ის შეიძლება გახდეს მსხვერპლი მოცემული სისტემის, რადგან გადაწყვეტილებები თავს მოხვეული ექნება.“

ვარაუდი შეთავაზებული ცვლილების პოლიტიკური დატვირთვის შესახებ ჩვენთან საუბრისას ასევე გამოთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფის ლაბორატორია 1918-ის წევრმა ანი ჭანკოტაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ინიციატივა უფრო სხვა მიზეზით არის მოტივირებული, ვიდრე – სტანდარტთან მიახლოებით. მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავს კონკრეტული ადამიანები. შესაძლოა, ესენი არიან აქტიური პიროვნებები, რომელთა დაკარგვაც მათ არ უნდათ და ახლა ამ მიზნით ცდილობენ რესურსების მობილიზებას.“

დიმიტრი გეგენავამ, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, ელსა საქართველოს გენერალურმა მდივანმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უთხრა, რომ „სამართლებრივად, არ არის გაუმართლებელი პარლამენტის წევრის ასაკის გაახალგაზრდავება,“ მით უმეტეს, რომ „ეს პროცესი ახალ დემოკრატიებს ახასიათებს, რომელიც უკვე მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში.“ კიდევ ერთი საკითხია, რომ პარლამენტის წევრს არ მოეთხოვება, აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა განათლება და სამუშაო გამოცდილება, რაც ელსა საქართველოს გენერალური მდივნის აზრით, სამართლიანია, რადგან პარლამენტში წარმოადგენილია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის არააკადემიური სფეროებიდან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სპორტი და „გარკეულწილად, შეიძლება დისკრიმინაციადაც კი ჩაითვალოს, თუ მსგავსი მოთხოვნები იქნება წაყენებული.”

ლაბორატორია 1918-ის წევრი ანი ჭანკოტაძე ასევე მიიჩნევს, რომ „თავისთავად ის, რომ 21 წლის ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, იყაროს კენჭი პარლამენტში, არ არის ტრაგედია, მით უმეტეს არსებობენ პოტენციალით სავსე ახალგაზრდები. თუმცა გაუმართლებელი იქნებოდა, თუ ამას მიეცემოდა მასობრივი სახე.“ ამასთან დაკავშირებით, დიმიტრი გეგენავა თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება უფრო ფორმალურად ანიჭებს პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლებას მეტი ადამიანისთვის.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2012 წლის 30 მარტს შეიქმნა საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ საყოველთაო-სახალხო განხილვების მოსაწყობად (კომისიის წევრების შემადგენლობა თანდართულია). ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით, კომისიამ 5 ქალაქში გამართა შეხვედრები: რუსთავში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში. შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 მაისს კომისიამ შეაჯამა საჯარო განხილვების შედეგები და მიზანშეწონილად მიიჩნია, ინიციატივას საკანონმდებლო მსვლელობა მიეცეს.  

ამასობაში კი, საინტერესოა, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე ინტერნეტ-საზოგადოება. გთხოვთ, უპასუხოთ ჩვენს გამოკითხვას სოციალურ ქსელში და გამოხატოთ თქვენი შეხედულება. 

ფოტოს ავტორი: დერეკ დოლერი

30 მარტი, 2012 საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.pdf

Author: ეკა როსტომაშვილი და დერეკ დოლერი