ENG

2014 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება: ხარჯების ათვისებაში კვლავ სერიოზული პრობლემებია

09 სექტემბერი, 2014

 

საქართველოს პარლამენტი ამჟამად 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს განიხილავს. ბიუჯეტის შესრულების წინამდებარე მიმოხილვაში ვაანალიზებთ, თუ რა გაკვეთილს სთავაზობს მთავრობას 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პრობლემები, ამ პერიოდის მანძილზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრობლემებს. მიმდინარე ანალიზში ასევე წარმოდგენილია შედარება 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან და რეკომენდაციები მთავრობისთვის.

წინამდებარე შეფასებაში  გამოვყოფთ როგორც პრობლემებს, ისე პოზიტიურ ცვლილებებს, კერძოდ:

  1. 2014 წლის 6 თვის მდგომარეობით, უმთავრეს პრობლემად, წინა წლის მსგავსად, სახსრების ათვისება რჩება. 2014 წლის პირველ 6 თვეში მთავრობამ გეგმაზე დაახლოებით 401,5 მილიონი ლარით (9.22%) ნაკლები აითვისა. უწყებებს შორის ყველაზე მეტი ასათვისებელი თანხა – 114 მილიონ ლარზე მეტი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დარჩა.
  2. სერიოზული პრობლემებია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებული გრანტების და კრედიტების ათვისებაში: I-II კვარტლებში აუთვისებელი დარჩა 150 მილიონ ლარზე მეტი (გეგმის 37.48%).
  3. ხარჯების აუთვისებლობის ფონზე, გაუგებარია რატომ დაიგეგმა დეფიციტური ბიუჯეტი.
  4. საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის ამოღების მაჩვენებელი 91.8% იყო, ხოლო საშემოსავლო გადასახადის – 106.1%. თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევაა: (1) სხვა შემოსავლების შესრულებაში (78.9%), რომლებიც, ძირითადად, მოიცავს არასაგადასახადო შემოსავლებს, შემოსავლებს საკუთრებიდან და საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან, სანქციებიდან და სხვა; (2) კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში შეფერხებების გამო, არ ჩამოირიცხა უცხო სახელმწიფოებისაგან მისაღები გრანტების 53% და შეღავათიანი კრედიტების 46.8%.
  5. 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარით გაზრდილი ხარჯების ფონზე საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოითხოვს
  6. სახელმწიფო სამსახურში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული თანხები 2013 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით დაახლოებით 12.5%-თ (70 მილიონი ლარი) გაიზარდა.
  7. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და სარეზერვო ფონდებიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის ხარჯების გასაიდუმლოება მოხდა უცნობი მიზეზებით. სამწუხაროდ, უცნობია, თუ რომელი კონკრეტული მიმართულებებით გაიხარჯა ეს სახსრები.
  8. წინა წლებთან შედარებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული: მაგ., ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შესრულების ნაწილში მოცემულია ბენეფიციარების რაოდენობა, რისი მითითებაც 2013 წლამდე, როგორ წესი, არ ხდებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა.

1. 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება: რა უნდა გავითვალისწინოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების გამოცდილებიდან

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პირველი 6 თვის შედეგებით შეუძლებელია განვსაზღვროთ, როგორი იქნება წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობამ შესაბამისი ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყოს. 2013 წლის მე-3 კვარტლის დასაწყისის მდგომარეობით, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ იდგა და საგადასახადო შემოსავლებმა კლება 2013 წლის მე-4 კვარტალში დაიწყო, რასაც 2012-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების ჩვენს ანგარიშში დაწვრილებით შევეხეთ.

2014 წლის პირველი 6 თვის შედეგებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.4%-ით შესრულდა, თუმცა სერიოზულ პრობლემად კვლავ სახსრების ათვისება რჩება, რასაც დაწვრილებით ქვემოთ შევეხებით.

2014 წლის პირველი 6 თვის შედეგებით, მოგების გადასახადის სახით მობილიზებულია 423.21 მილიონი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 91.8%-ია, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია 802.88 მილიონი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 106.1%-ია. რადგან მოგების გადასახადს ციკლურობა გაცილებით მეტად ახასიათებს, ვიდრე საშემოსავლოს, პირველ 6 თვეში გადასახადის ამოღების გეგმისგან ჩამორჩენა არ არის საგანგაშო. 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, მოგების გადასახადი 100.2%-ით შესრულდა, მაგრამ წლის ბოლოს ამოღების მაჩვენებელი 87.3% იყო. 2014 წლის პირველი 6 თვის შედეგებით, არც მოგების გადასახადის გეგმის შეუსრულებლობა იძლევა განგაშის და არც საშემოსავლო გადასახადის გადაჭარბებით შესრულება – თავის დამშვიდების საფუძველს.

დიაგრამა 1. გადასახადების პროცენტული შესრულება, 2014 წლის I-II კვარტალი (მილიონი ლარი)

2. პრობლემები

არცერთი პრობლემა, რასაც ბიუჯეტის შესრულების წინამდებარე პუბლიკაციაში მიმოვიხილავთ, ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, სამწუხაროდ, არ არის დანახული. თუ ფინანსთა სამინისტრო კრიტიკულად არ შეაფასებს პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, ცხადია, ვერც ამ პრობლემების მოგვარებას მოახერხებს.

დიაგრამა 2. 2011-2014 წლებში I-II კვარტლებში აუთვისებელი თანხები (მილიონი ლარი)

2.1. საბიუჯეტო სახსრების ათვისების პრობლემა: 2014 წლის 6 თვის მდგომარეობით საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის უმთავრეს პრობლემად კვლავ სახსრების ათვისება რჩება. 2014 წლის პირველ 6 თვეში მთავრობამ გეგმაზე დაახლოებით 401.54 მილიონი ლარით ნაკლები აითვისა, რაც გეგმის 9.22%-ია, მაშინ როცა 2013 წლის პირველ 6 თვეში გეგმის მხოლოდ 4.71% ვერ იქნა ათვისებული.

საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული:

  1. ადმინისტრაციული ბარიერები და მხარჯავი დაწესებულებების არასათანადო მუშაობა: მაგალითისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2014 წლის I-II კვარტალში ვერ მოახერხა 114.12 მილიონი ლარის დახარჯვა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ  70.56 მილიონი ლარის,ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – 24.08 მილიონი ლარის, რაც ჯამში 208.78 მილიონ ლარს, ანუ მთლიანი დაუხარჯავი რესურსის (401.54 მილიონი ლარი) 52%-ს შეადგენს.
  2. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა: დარჩენილი 192.76 მილიონი ლარის დაუხარჯავი რესურსი მოდის უამრავ სხვადასხვა საბიუჯეტო მხარჯავ დაწესებულებაზე: ეს დაწესებულებები ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ დახარჯონ, შემდეგ ვეღარ ხარჯავენ და ამ დაუხარჯავ რესურსს წლის დასრულებამდე ვერც სხვები იყენებენ. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის პრობლემა, რაც შედეგად იწვევს იმას, რომ თანხების ათვისება ვერ ხდება, რასაკვირველია, 2014 წლის პირველ 6 თვეში არ დამდგარა, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის პირველი 6 თვე უპრეცედენტოა რომელიმე სხვა საბიუჯეტო წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაგეგმილზე მინიმუმ ნახევარი მილიარდი ლარით ნაკლები ხარჯები გაწია, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე. ცნობისათვის, მთავრობამ 2012 წლის დაახლოებით 213.7 მილიონი ლარი ვერ აითვისა, ხოლო 2011 წლის – დაახლოებით 31 მილიონი ლარი. 2013 წლის ამ დაუხარჯავი ნახევარი მილიარდი ლარის დაახლოებით 45% (220 მილიონი ლარი) რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზეზით ვერ დაიხარჯა. მთავრობის მიერ ნახევარი მილიარდი ლარის ვერათვისება უთითებს როგორც არასწორ მენეჯმენტზე, ისე ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვაზე. მაშასადამე, 2013 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა – დაგეგმილი სახსრების ათვისება – კვლავ მწვავედ დგას. მთავრობის მიერ დაგეგმილზე ნაკლები სახსრების ათვისება კი უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო III-IV კვარტლებში გამალებული ხარჯვა იმის საკომპენსაციოდ, რომ ხარჯები I-II კვარტლებში არ იქნა გაწეული, ინფლაციის სრულიად აშკარა რისკებთან არის დაკავშირებული.

 

დიაგრამა 3. სახსრების ათვისებაში ჩავარდნა ყველაზე მსხვილი მხარჯავების მიხედვით (მილიონი ლარი)

 

2.1.1 უცხოური გრანტების და კრედიტების ათვისება: კიდევ უფრო სერიოზული პრობლემებია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებული გრანტების და კრედიტების[1] ათვისებაში. 2014 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ დაგეგმილი გრანტების და კრედიტების გეგმის 402.33 მილიონი ლარიდან[2] 151.05 მილიონი ლარი (37.48%) ვერ დახარჯა. 

2014 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან გრანტების სახით დაგეგმილის მხოლოდ 47% მიიღო: გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 100.12 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა მთავრობამ მხოლოდ 47.09 მილიონი ლარი მიიღო. გრძელვადიანი შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტების 6 თვის გეგმის (276.27 მილიონი ლარი) მხოლოდ 53.2%-ია ჩამორიცხული (146.92 მილიონი ლარი).

მიუღებელი გრანტების და გრძელვადიანი შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო განკუთვნილი. ინფრასტრუქტურული პროექტების კრედიტების და გრანტების ჩამორიცხვა დამოკიდებულია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროგრესზე და ეს პროგრესი, სამწუხაროდ, ხელშესახები ნამდვილად არ არის.

თუ სახსრების ათვისებაში არსებული პრობლემები გაგრძელდა, გაუგებარია 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2012 წელთან შედარებით რისთვის გაიზარდა 781.5%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 95.7%-ით. 2014 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 874.73 მილიონ ლარს მიაღწია, რაც დეფიციტის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, მთავრობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის 52.6% ვალით ფინანსდება.

დიაგრამა 4. 2014 წლის I-II კვარტლის გრანტებით და კრედიტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების დაუხარჯავი თანხები

2.2. საგადასახადო ადმინისტრირება: მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 165.64 მილიონი ლარით მეტი საშემოსავლო გადასახადის ამოღება დაიგეგმა, საშემოსავლო გადასახადის ამოღების გეგმა 2013 წლის 99.6%-ით შესრულდა. 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, 133.6 მილიონი ლარით მეტი საშემოსავლო გადასახადის ამოღება დაიგეგმა და გეგმა 6 თვის მონაცემებით გადაჭარბებით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა, საშემოსავლო გადასახადის დამალვის მასშტაბის გათვალისწინებით, აქ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების შემთხვევაში, ზრდის სრულიად აშკარა პოტენციალია, რადგან საშემოსავლო გადასახადი როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში ყველაზე მიმზიდველი გადასახადია დასამალად.

იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი 2013 წლის 2012 წელთან შედარებით შემცირდა, შემოსავლების სამსახურის მიერ 165.64 მილიონი გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის გეგმის 99.6%-ით შესრულება შეიძლება 2013 წელს როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო სექტორში ხელფასების ზრდით აიხსნას. ხელფასების ზრდა გაგრძელდა 2014 წელსაც, თუმცა 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 32 მილიონი ლარით ნაკლები საშემოსავლო გადასახადის ამოღება დაიგეგმა.

ეკონომიკის ზრდის ტემპის მატების მიუხედავად, მთავრობას გადასახადების დამალვის მაჩვენებელის კიდევ უფრო მეტად შემცირების გარეშე ძალიან გაუჭირდება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, ვინაიდან 2012 წელთან შედარებით 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები თითქმის 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ  გადასახადების მობილიზება ვერ მოხდა. გადასახადების დამალვა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება, რის შესახებაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორები და დონორები, სამწუხაროდ, უკვე წლებია აღარ ახსენებენ.

2.2. სხვა შემოსავლების შესრულება: მნიშვნელოვანი გარღვევაა სხვა შემოსავლების შესრულებაში (78.9%). სხვა შემოსავლები ძირითადად მოიცავს არასაგადასახადო შემოსავლებს, შემოსავლებს საკუთრებიდან და საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან, სანქციებიდან და სხვა. სხვა შემოსავლების შემცირება არ უთითებს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის სხვა შემოსავლები 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 180 მილიონი ლარით უკვე შემცირდა, მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს სხვა შემოსავლების შემცირების ტენდენციის გაგრძელების მიზეზები.

2.3. სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება: აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2014 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურებაზე 2013 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით დაახლოებით 12.5%-თ (70 მილიონი ლარი) მეტი დახარჯა, რაც, თავისთავად, აჩენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის 2014 წლის პირველ 6 თვეში დახარჯული ამ 70 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯის ღირებულება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ 6 თვეში ეს 70 მილიონიანი ზრდა მოხდა მაშინ, როდესაც 2013 წლის სახელმწიფო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით უკვე 13.6%-თ (138.14 მილიონი ლარი) იყო გაზრდილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სექტორში ხელფასებს არ მიუღწევია იმ ზღვრისთვის[3], რომლის ზემოთაც ხელფასების ზრდა არაგონივრული იქნებოდა, შრომის ანაზღაურების ზრდა სრულიად გამართლებულია, თუ ეს ნაკარნახევია უკეთესი ანაზღაურების მქონე პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის სურვილით. თუმცა ზუსტი სტატისტიკის არქონის გამო შეუძლებელია ვთქვათ, ანაზღაურების ზრდა საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული თუ – მათი ანაზღაურების.

დიაგრამა 5. შრომის ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურში, 2013-2014 წლების I-II კვარტალი (მილიონი ლარი)

2.4 საბიუჯეტო ინფორმაციის გასაიდუმლოება: 2014 წლის პირველ 5 თვეში პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით და მთავრობის განკარგულებებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ჯამში დაახლოებით 5 მილიონი ლარის ხარჯების გასაიდუმლოება მოხდა[4]. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი ვერც მთავრობის კანცელარიისა და ვერ ფინანსთა სამინისტროსგან იმასთან დაკავშირებით, თუ სახელმწიფო საიდუმლოების კანონით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რომელი სფეროს რომელ მიმართულებას განეკუთვნება ეს გასაიდუმლოებული ხარჯები.

2.5 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი: მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის თებერვალში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაარსებიდან პირველად განისაზღვრა დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები, რაც ანგარიშვალდებულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გრძელდება ისეთი ხარჯების გაწევა, რასაც არაფერი აქვს საერთო რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებთან, მაგალითად, მწერალთა სახლის შენობის სარემონტო-სრეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება.

3. პოზიტიური ცვლილებები

3.1. ბიუჯეტის ოპტიმისტური დაგეგმვა: როგორც 2012-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალიზში აღვნიშნეთ, მთავრობამ 2014 წლის 2012 წელთან შედარებით საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯების დაახლოებით მილიარდი ლარით ზრდა დაგეგმა, რაც წინა მთავრობის მიერ ბიუჯეტის პესიმისტური დაგეგმვიდან შედარებით ოპტიმისტურ დაგეგმვაზე მიანიშნებს. 2012-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალიზში ბიუჯეტის პესიმისტური დაგეგმვიდან შედარებით ოპტიმისტურ დაგეგმვაზე გადასვლა პოზიტიურ მოვლენად შევაფასეთ, თუმცა პრობლემატურია ის, რომ ამ ოპტიმისტური გეგმების შესრულება დიდწილად 2013 წელთან შედარებით დეფიციტის 95.7%-ით ზრდის ხარჯზე ხდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2013-2014 წლების ბიუჯეტების ოპტიმისტურად დაგეგმვის მიზეზი არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება იყო, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და შედეგად გადასახადების დამალვის მაჩვენებლის შემცირება. ამ შემთხვევაში მთავრობის მიერ საგადასახადო შემოსავლების ოპტიმისტურად დაგეგმვა, მაშინაც კი როცა საფრთხე ექმნება ბიუჯეტის შესრულებას, პოზიტიურ მოვლენად შეიძლება იქნას განხილული.

3.2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების გაუმჯობესება: 2014 წლის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული; მაგალითად, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შესრულების ნაწილში მოცემულია ბენეფიციარების რაოდენობა, რისი მითითებაც 2013 წლამდე, როგორ წესი, არ ხდებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების ბენეფიციარების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის არაერთი ხარვეზი დღეს სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსება ბენეფიციარების რაოდენობებზე არ არის აგებული.

4. რეკომენდაციები:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია:

  1. მთავრობამ გაითვალისწინოს 2013 წლის გამოცდილება და ხარჯების ათვისებაში შეფერხებებზე მოახდინოს დროული რეაგირება და პოლიტიკის ადეკვატური ცვლილებები, მაგალითად: (1) აღმოფხვრას ის მიზეზები, რის გამოც ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე 2014 წლის I-II კვარტალში ვერ დაიხარჯა 114.12 მილიონი ლარი; (2) თუ, მაგალითად, მთავრობა მე-3 კვარტლის დასაწყისიდან შეამჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ასიგნებების ათვისებას ვერ ახერხებს, ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სხვადასხვა მდგომარეობებისთვის პაციენტთა მხრიდან თანაგადახდის შემცირება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული დაავადებების და მდგომარეობების ჩამონათვალის გაფართოვება.
  2. მთავრობამ კარგად უნდა გაანალიზოს სხვა შემოსავლების შემცირების ტენდენციის გაგრძელების მიზეზები.
  3. მთავრობამ უნდა დაადგინოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოეთის სახელმწიფოებიდან გრანტების და კრედიტების ჩამორიცხვა რომელი მხარჯავი დაწესებულებების რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო შეფერხდა და არ დაუშვას მომავალში მსგავსი ფაქტების გამეორება. თუ მთლიანად 2013 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვერ დაიხარჯა 189 მილიონი ლარი, 2014 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი გრანტების და კრედიტების გეგმის 402.33 მილიონი ლარიდან[5] 151.05 მილიონი ლარი (37.48% ) ვერ დახარჯა.
  4. მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კერძო სექტორში საშემოსავლო გადასახადის დამალვის მასშტაბის შემცირებას.
  5. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაითვალისწინოს ის მიზეზები, რის გამოც ვერ მოახერხა 2014 წლის I-II კვარტალში 114.12 მილიონი ლარის დახარჯვა.

 


[1] ძირითადად გრძელვადიანი შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტები.

[2] აქ შედის საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება 56.60 მილიონი ლარის ოდენობით. მაშასადამე, უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტების და კრედიტების 2014 წლის 6 თვის გეგმა იყო 346.39 მილიონი ლარი.

[3] აქ, MPL-ის ანალოგიით, იგულისხმება შრომის ანაზღაურების  ერთი დამატებითი ერთეულის  მწარმოებლურობაზე ზღვრული გავლენა. შრომის ანაზღაურება შეიძლება იქამდე გაზარდოს მთავრობამ კვალიფიციური კადრების მოზიდვის მოტივით, სანამ  შრომის ანაზღაურების ერთი დამატებითი ერთეულის  მწარმოებლურობის ზღვრული პროდუქტი ნულს არ გაუტოლდება.

[4]2014 წლის 13 თებერვლის N02-ს და 6 მარტის N10-ს მთავრობის განკარგულებებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 4,370,000 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯი.

2014 წლის 13 მარტის N 11-ს მთავრობის განკარგულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი 400,844 ლარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 30 იანვრის N01-ს ბრძანებით, 2014 წლის 24 თებერვლის N02-ს ბრძანებით, 2014 წლის 21 მარტის N03-ს ბრძანებით, 2014 წლის 16 აპრილის N04-ს ბრძანებით, 2014 წლის 16 მაისის N05-ს ბრძანებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის ჯამში გამოყოფილი 133,413 ლარი.

[5] აქ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედის საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება 56.60 მილიონი ლარის ოდენობით. მაშასადამე, უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან მიღებული გრანტების და კრედიტების 2014 წლის 6 თვის გეგმა იყო 346.39 მილიონი ლარი.

Author: მიხეილ კუკავა