2 მილიონიანი დაფინანსებით თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ინიციატივა კითხვებს აჩენს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2 მილიონიანი დაფინანსებით თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ინიციატივა კითხვებს აჩენს

12 მარტი, 2015

 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის მარტის პირველ ნახევარში შეიქმნება თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელსაც ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც მერიის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადებებიდან ირკვევა, ცენტრის ბიუჯეტი ორი მილიონი ლარით განისაზღვრება. მერის თქმით, ახალი ცენტრის ფუნქცია ინვესტორების საქმიანობის წახალისება და კაპიტალდაბანდების განხორციელებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება იქნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ასეთი უწყების შექმნის საჭიროება არ არსებობს, რადგან: (1) მეწარმეობის ხელშეწყობით უკვე არაერთი უწყებაა დაკავებული ქვეყნის მასშტაბით და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი საბიუჯეტო დაფინანსებაც არის გამოყოფილი; (2) ამ ახალი უწყებისთვის დაანონსებულია არაადეკვატურად დიდი დაფინანსება, რაც, მაგალითად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ასიგნებას დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.

მერიის ეს ინიციატივა კითხვებს აჩენს, რადგან:

1. თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა იგივე საკითხებზე პასუხისმგებელი სხვა უწყებების ფუნქციების დუბლირება შეიძლება მოახდინოს

საინტერესოა, ასეთი სამსახურის შექმნის რა განსაკუთრებული საჭიროება არსებობს თბილისის მერიაში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მეწარმეობის განვითარებით არაერთი სახელმწიფო ორგანოა დაკავებული, ხოლო თვითონ თბილისის მერიაში არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, რომლის ფუნქციებში შედის ინვესტიციების ხელშეწყობა და ინვესტორთა მხარდაჭერა. იმ უწყებათა ყოველწლიური საერთო დაფინანსება, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი) დაახლოებით 225 მილიონ ლარს შეადგენს.

2. დამატებითი გაუმართლებელი დანახარჯების გაწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან

გაუგებარია რატომ იქმნება თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მთავრობის მიერ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის დაანონსების ფონზე.

3. საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის გაუმჭვირვალე პრაქტიკის დამკვიდრება

საინტერესოა, რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული ბატონი მარგიშვილი კონკურსის გარეშე ამ ორგანოს ხელმძღვანელად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს გაურკვევლობა მისი ვიცემერის თანამდებობიდან წასვლის საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებაში ისმის კითხვები იმის თაობაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადადგომა მერიის თანამშრომლების კორუფციულ სქემებში შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით ბოლო დროს გახმაურებელ ფაქტებს.

4. მაღალი დაფინანსება

გაუგებარია, რაზე დაყრდნობით განისაზღვრა ამ ახალი სამსახურის ბიუჯეტი ორი მილიონი ლარით, რაც აღემატება ბიზნესომბუდსმენის აპარატის დაფინანსებას (დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი) და თითქმის უტოლდება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაფინანსებას (2.5 მილიონი ლარი).

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“