ENG

1 ლარად გასხვისებული ქონება აჭარაში 2013-2017 წლებში

21 ივლისი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა.

გასხვისების საკანონმდებლო საფუძველი

ქონების გასხვისებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონი არეგულირებს. 2007 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მთავრობის თავმჯდომარეს (ერთპიროვნულად) გადაეცა ქონების გასხვისების უფლება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების მომზადება დაევალა. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით კი (2010 წელს მიღებული კანონით) მთავრობის თავმჯდომარეს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გადაეცა ექსკლუზიური უფლებამოსილება. კერძოდ, მას შეუძლია, თავისი შეხედულემისამებრ, აირჩიოს ქონების მიყიდვის ფორმა და სუბიექტიც. ეს ინფორმაცია კი, როგორც წესი, არ ვრცელდება საჯაროდ. კანონის თანახმად, როდესაც ხდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკრეტული შერჩევის საფუძველზე, დადგენილი უნდა იყოს გარკვეული პირობები და ქონების მიმღები სუბიექტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებს, ასევე მას უნდა შესწევდეს უნარი სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მოცემული საპრივატიზაციო ვალდებულება.

სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას გამოვლინა შემდეგი ტენდენციები:

  • სიმბოლურ თანხად - 1 ლარად 2013-2017 წლებში სულ 23 ერთეული ობიექტი. ამათგან ყველაზე მეტი - 11 ობიექტი 2013 წელს გასხვისდა (ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გასხვისდა 30 849,6 კვ/მ შენობა-ნაგებობება და მასზე მიმაგრებული 76 015 კვ/მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები). საინვესტიციო თანხის ოდენობამ ამ წელს ჯამში შეადგინა 5 231 600 ლარი, აქედან 9 ობიექტის საინვისტიციო თანხა შეადგენდა მხოლოდ 731 600 ლარს. ამასთან ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიულ პირები, რომელთაც სიმბოლურ ფასად გადაეცათ ქონება, რეგისტრირებული არიან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით, ერთ შემთხვევაში ერთი დღით ადრე. მათ უმრავლესობას ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია.

  • 2014 წლიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დეველოპერული კომპანიებისთვის გადაცემა დაიწყო მაშინ, როცა ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია. დევეოლოპერული კომპანიების შერჩევა არ მომხდარა კონკურენტულ გარემოში.

  • 2014 წელს დეველოპერულ კომპანია “დს ჯგუფს” ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ#5-ის მიმდებარე 1115 კვ/მ (ს/კ05.24.08.123) მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნული ტერიტორია 2014 წლამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება იყო და მას რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა.

  • დადებით ტენდეციად შეიძლება მივიჩნიოთ 2016 ”მეტრო ატლას ჯორჯიასთვის” გაფორმებული ხელშეკრულება. კომპანიას ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 1 ლარად, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით გადაცა: კომპანიას არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა (მაღალმთიან აჭარას აქვს სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების რესურსი და ასეთი ინვესტიციის მოზიდვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას.)

  • 2013-2017 წლებში, 2008-2012 წლებთან შედარებით, სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისებული ქონების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. (მაგალითად, მხოლოდ 2011 წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გაასხვისა).

  • არის შემთხვევები, როცა ქონება იურიდიულ პირს სიმბოლურ ფასად გადაეცა, მაგრამ კომპანიამ დათქმულ ვადებში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა.

  • აჭარის ა/რ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ის დოკუმენტები, სადაც საუბარია დასაბუთებაზე, რომლის გამოც კომპანიამ წინასწარ შეთანხმებული ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულა, მაგრამ მას მაინც გაუგრძელდა ხელშეკრულება (მაგალითად, შპს “მექანიზტორი”, შპს ”TCF GEORGIA”).

წარმოგიდგენთ 1 ლარად ქონების გასხვისების ხელშეკრულებებს წლების მიხედვით:

2013 წელი

2013 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საინვესტიციო პირობით ქონების გასხვისების უფლება 11-ჯერ გამოიყენა. საინვესტიციო თანხის ოდენობამ ჯამში 5 231 600 ლარი შეადგინა, აქედან 9 ობიექტის საინვესტიციო თანხა შეადგენდა მხოლოდ 731 600 ლარს. სულ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო პირობით გაასხვისა 30 849,6კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 76 015 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 11-დან 10 შემთხვევაში აჭარის მუნიციპალიტეტებში: ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის დამახარისხებელი საწარმო ამოქმედდა.

11 გასხვისებული ქონებიდან ყველაზე მსხვილ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს “TCF GEORGIA-სთვის” ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა #67-ში მდებარე 6 შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 23 344 კვ/მ არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემა, აღნიშნულ პროექტში 3 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელების პირობა ჩაიდო. პირობის მიხედვით, ამოქმედებულ საწარმოებში წელიწადში მინიმუმ 2 თვე 175 მოქალაქე უნდა დასაქმდეს.

2013 წელს 11 კომპანიასთან და ინდივიდუალურ მეწარმესთან გაფორმებული ხელშეკრულებები იხილეთ შემდეგ ბმულზე;

2014 - 2015 წელი

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცის თანახმად, 2014 წელს ქონების სიმბოლურ თანხად ერთ ლარად გასხვისების მხოლოდ ერთი ფაქტი იყო, ხოლო 2015 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კანონით მინიჭებული ესკლუზიური უფლებამოსილება სამჯერ გამოიყენა.

ამ წლებში აჭარის მთავრობამ 1 ლარად ჯამში 16 730 კვ.მ მიწის ნაკვეთები გაასხვისა ოთხ კომპანიაზე, რის სანაცვლოდან მთავრობამ და ბათუმის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სანაცვლო მიწის ნაკვეთი,  ახალაშენებულ კორპუსებში 3075  კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 1 200 000 ლარის ინვესტიის განხორციელების პირობა მიიღო.

2014-2015 წწ სამინისტროს პოლიტიკა ქონების გასხვისების საკითხში შეიცვალა: 2013 წელს ქონება გასხვისდა საწარმოების ამოქმედების პირობით, 2014-2015 წლებში კი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გასხვისდა დეველოპერულ კომპანიებზე ბინათმშენებლობისთვის. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმში, აბუსერიძის ქუჩის მიწის ნაკვეთს რეკრაციული სტატუსი ჰქონდა და ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო - მიწის ნაკვეთს ჯერ რეკრაციული სტატუსი მოეხსნა და ინვესტიიციის უკეთ მიზიდვის მიზნით აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. სამინისტრომ კი შპს “დს გრუპზე” სიმბოლურ ფასად გაასხვისა. “დს გრუპი” 2012 წლის 22 ივნისს დაფუძნებული შპს-ა, რომლის 100%-იანი მეწილე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბენია დავიდოვია, დირექტორი კი დავით სალაძე. კომპანია ერთ-ერთი ბინათმშენებლობის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა აჭარაში. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, სიმბოლურ ფასად გაასხვისა საინვესტიციო პირობის გარეშე. ამ კომპანიების ვალდებულებას ორ შემთხვევაში წარმოადგენდა ბათუმის მერიისთვის და აჭარის ა/რ საცხოვრებელი ფართების გადაცემა.

იხილეთ 2014-2015 წლებში აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გასხვისებული ქონების ნუსხა და ხელშეკრულები

2016 წელს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გასხვისებული ქონება

2016 წელს, აჭარის მთავრობამ 10 ათას კვადრატულ მეტრამდე ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად სულ 4 კომპანიას გადასცა, ჯამში 10 მილიონი დოლარისა და 950 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით ამავე წელს რამდენიმე ობიექტი გადაეცა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური მიზნებისთვის (ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად და სატრანსპორტო პუნქტის განსათავსებლად).

ყველაზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა სააქციო საზოგადოება “მეტრო ატლას ჯორჯიასთან” დადებული ხელშეკრულება - ინვესტორს 1 ლარად ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის თემში მდებარე 3926კვ/მ (ს/კ23.14.36.2640) და 2246 კვ/მ (ს/კ23.14.36.263) არასასაოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. კომპანიამ უნდა უზრვუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (სასტუმრო არანაკლებ 100  ნომრით, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქნაზე გათვლილი ავტოპარკინგი) მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტში მყიდველმა უნდა განახორციელოს 10 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, 60 მოქალაქის დასაქმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

2017 წელს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გასხვისებული ქონება

2017 წლის იანვრის მონაცემებით, აჭარის მთავრობამ ჯამში 2 კომპანიას გადასცა ჯამში 6, 396 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთები 730 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. მათ შორის 2017 წლის 10 იანვარს შპს “ახალსოფლის ცისტრუსის კომბინატს” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლსოფელში მდებარე 2616,54კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 440ვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2229.01273) გადაეცა შემდეგი ვალდებულებით: ციტრუსის დამახარისხებელი ხაზის (სიმძლავრით არანაკლებ 7 ტ/სთ წვენის საამქროს ამოქმედება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების მწარმოებელი დაზგის მონტაჟი, სამიცივრე მეურნეობის ამოქმედება, ახალსოფლის ციტრუსკომბიმატზე დაკისრებული 20 000 ლარის გადახდა, 640 000 ლარის ინვესტიიცის განხორციელება,პროფილის 20 წლით შენარჩუნება, მინიმუმ რვა მოქალაქის დასაქმება.

შპს “სკოლა ნიკეს” 2017 წლის 17 იანვარს 1 ლარად ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა #96-ში მდებარე საბავშო ბაღის მიმდებარედ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 956 კვ/მ (ს/კ 5.26.03.065) გადაეცა 50 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა  და სპორტული მოედნის და სკვერის უვადოდ შენარჩუნების პირობით.

დასკვნა

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გასხვისება მრავალ ქვეყანაშია მიღებული. როგორც წესი, აღნიშნული ემსახურება ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, რაც შესაბამისად სტიმულს აძლევს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. ქონების პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფლება უნდა გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება. სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს (ქონების შემძენს), რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.

2013-2017 წწ აჭარაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გაცემული ქონების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიებს, რომელთაც გადასცეს სიმბოლურ ფასად ქონება, ზოგ შემთხვევაში მნიშნელოვანი ინვესტიციების განხორციელების პირობა არ ჰქონიათ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია, დეველოპერული კომპანიებისთვის არასასოფლო ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისება აჩენს ეჭვებს, ვარაუდებს კორუფციაზე და ასევე იმაზე, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე. სასურველია, ქონება გასხვისდეს კონკურენტუნარიან გარემოში და პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს.

სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან. შესაბამისად პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია მოხდეს:

  • საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა;

  • პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ეფექტური ინფორმირება;

“საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო” აგრძელებს აღნიშნული საკითხის კვლევას და მონიტორინგს გაუწევს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კვლევის მეორე ნაწილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად გასხვისებულ ქონებას დაეთმობა, რომლის საპრივატიზაციო პროექტის ღირებულება ერთ ლარზე მეტს შეადგენს.