„რუსთავი 2”-ს წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მსხვილ ტელევიზიებს საგრძნობლად ჩამორჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„რუსთავი 2”-ს წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მსხვილ ტელევიზიებს საგრძნობლად ჩამორჩება

24 ოქტომბერი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ გამართულ საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატების პირველ რაუნდს პირდაპირ ეთერში დაახლოებით 57,000–მა ამომრჩეველმა უყურა, მეორეს – 12,000–ზე ნაკლებმა. (საუბარია ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ სრულწლოვან მაყურებლებზე).

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შოუებისა და საინფორმაციო გადაცემების რამდენიმე კვირის სარეიტინგო მონაცემების მიხედვით, „რუსთავი 2“–ის გადაცემებს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, „იმედსა“ და „მაესტროს“ დაახლოებით თანაბარი მაჩვენებლები აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სამივეს ჩამორჩება.

„პირველი არხის“ რეიტინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კრიზისიც აისახა. წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მხოლოდ მცირე ნაწილმა არჩია ინფორმაცია „პირველი არხისგან” მიეღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში სასწრაფოდ არის განსახორციელებელი შესაბამისი ცვლილებები, რათა მაუწყებელმა შეძლოს მაყურებლის დაინტერესება თავისი გადაცემებით და მასზე დაკისრებული მისიის შესრულება.

რომელი ტელეარხები არჩია ამომრჩეველმა წინასაარჩევნოდ ახალი ამბების გასაგებად? რომელი გადაცემებია უფრო პოპულარული და, შესაბამისად, რომლებს შეუძლიათ მეტი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „თი-ვი ემ-არ საქართველოსგან“ (ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი)  მიმდინარე ამბების შესახებ გადაცემების სატელევიზიო სარეიტინგო მონაცემები მოიპოვა. აღნიშნული კომპანია ელექტრონული „ფიფლმეტრების“ გამოყენებით ურბანულ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებში  სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს.

ქვემოთ მოცემული ინტერაქტიული ვიზუალიზაციის მეშვეობით თქვენ თავად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ მონაცემებს. მარჯვენა მხარეს მოცემულია ფილტრები, რომელთა გამოყენებით შეგიძლიათ გამოაცალკევოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი სატელევიზიო არხი, გადაცემა ან თარიღი.

აღნიშული მონაცემები საშუალო წუთობრივ რეიტინგს (AMR) ეყრდნობა და რეპრეზენტატულია საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში (მინიმუმ 45,000 მოსახლე) მცხოვრები ამომრჩევლებისთვის (მინიმუმ 18 წლის). მონაცემები არ ასახავს ქვეყნის სხვა ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობის ტელემედიის მოხმარების ჩვევებს. ანალოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი დანარჩენი ტელემაუწყებლებისთვის, მაგალითად „TV3“, „ტაბულა TV“ და რეგიონული მაუწყებლები.

 

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
GMedia, Media