ENG

რატომ არის შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგზე“ დადებული ყადაღა უკანონო

22 ივნისი, 2012

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს.

სასამართლომ ჩათვალა, რომ „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომელიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ კი ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებული ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა“.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგი მიზეზების გამო:

 

1. ყადაღის დადების შესაძლებლობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს სსსკ-ის 151-ე მუხლი ადგენს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ.

აქედან გამომდინარე, თუ პირი ბრალდებული არ არის ან ბრალდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც ქონების ჩამორთმევა

1კანონით გათვალისწინებული არ არის, მაშინ  აღნიშნული ნორმით ქონებას ყადაღა ვერ დაედება და ამ შემთხვევაში სსსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილი საერთოდ ვერ იქნება გამოყენებული.

სასამართლოს განჩინების თანახმად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებას დაედო ყადაღა, რადგან შესაძლებელი იყო მისი დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად გამოყენება.

ამომრჩეველთა მოსყიდვა არის სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისას ქონების ჩამორთმევა არ არის კანონით გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში  სსსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყადაღა ვერ იქნებოდა გამოყენებული.

 

2.  ყადაღის დადების შესაძლებლობა სსსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით

სსსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის

2მომზადებისას, აგრეთვე მისი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება ამგვარი დანაშაულის ჩასადენად3.

სასამართლოს განჩინების ტექსტის მიხედვით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს ყადაღა უნდა დაედოს, ვინაიდან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული ქონება გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად.

განჩინების ტექსტიდან გამომდინარე, სასამართლოს სწორედ სსსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ყადაღა დაადო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებას.

მიგვაჩნია,რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა, რადგანაც სსკ-ს 1641-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის მაქსიმალური ზომა, რომელიც შეიძლება ამომრჩეველთა მოსყიდვაში მსჯავრდებულ პირს დაეკისროს, არის სამი წელი, რაც მას  ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში ახვედრებს 4ამისთვის კი კანონით ყადაღის დადება გათვალისწინებული არ არის.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებებსთვის ყადაღის დადების თაობაზე კანონშეუსაბამოა.




1 აღნიშნული ნორმის მიზანია რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, რაც პირის ქონების შესაძლო ჩამორთმევას გამოიწვევს არ მოხდეს ასეთი ქონების გადამალვა/გახარჯვა, რამეთუ ეს გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას.

2 განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

3 აღნიშნული ნორმის თანახმად ქონებაზე ყადაღის დასადებად აუცილებელი არ არის პირი იყოს ბრალდებული ისეთ დანაშაულში, რომლის ჩადენისთვისაც ერთ-ერთი სანქციის სახით კანონით გათვალისწინებულია ქონების ჩამორთმევა.

4 ნაკლებად მძიმე დანაშაული - რომლის ჩადენისათვის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
elections, Media