ENG

„ქველმოქმედი“ ნაციონალური მოძრაობა

01 მარტი, 2012

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ - ეს წარწერა ოზურგეთში სასადილოს 2012 წლის 17 თებერვლის დაახლოებით 15:10 საათამდე „ამშვენებდა“. აბრები ანალოგიური წარწერებით განთავსებული იყო ზუგდიდსა და დუშეთში არსებული უფასო სასადილოების შესასვლელებშიც. აღნიშნული ფაქტები ერთდროულად რამდენიმე კანონს ეწინააღმდეგება.

ახალი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას საქველმოქმედო საქმიანობა ეკრძალება და პოლიტიკური ნიშნით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთანავე, პოლიტიკურ პარტიას აკრძალული აქვს კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა, გამოყენებული რესურსის წარმომავლობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედებები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების გარეშე არ შეიძლება დარჩეს.

გარდა იმისა, რომ ასეთი ქმედებები უხეშად არღვევს საქართველოს კანონდებლობას, სახეზე ასევე გვაქვს სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება. როგორც გავარკვიეთ, უფასო სასადილოს პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასადილოებზე პოლიტიკური პარტიის სახელის მოხსენიება. მიუღებელია, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ საბიუჯეტო ფინანსები არამიზნობრივად - საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფოს საქმიანობის აღრევა დაუშვებელია საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებითაც. ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მკაფიო განსხვავება უნდა არსებობდეს. ამასთანავე, სახელმწიფომ პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით უნდა უზრუნველყოს, რათა მათ ერთმანეთთან შეჯიბრების თანაბარი პირობები ჰქონდეთ.

აღსანიშავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნოდ პარტიას სააგიტაციო მასალის შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე განთავსებას არ უკრძალავს იმ შემთხვევაში, თუკი ეს ობიექტის მესაკუთრის თანხმობით ხდება. თუმცა მესაკუთრის თანხმობაც კი არასაკმარისია, როცა აგიტაციის მასალა იმ ობიექტებზე თავსდება, რომლებიც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ასეთ ქმედებას მაინც შეიძლება მიეცეს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენების კვალიფიკაცია.

მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს, სათანადო ყურადღება მიაქციონ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღონ სათანადო ზომები.

ბლოგის მომზადებაში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით:

შორენა ღლონტს, გურია ნიუსი
ელისო ჯანაშიას, თიესპრესი
მანანა ქველიაშვილ, მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრი

Author: ლევან ნატროშვილი, დავით მესხიძე
elections