ENG

„დევნილი“ ქველმოქმედება აჭარაში

25 ოქტომბერი, 2011

რამდენიმე ხნის წინ აჭარის ეკონიმიკის და ფინანსთა სამინისტრომ უსახლკარო ადამიანები, მათ შორის მარტოხელა დედები, მოხუცები და ინვალიდები აიძულა აჭარაში ერთადერთი საქველმოქმედო სახლი დაეტოვებინათ. ბათუმის საქველმოქმედო სახლი „წმინდა ფრანჩესკას და წმინდა ნინოს სახელობის საქვემოქმედო ფონდმა“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსა. იმავე წელს, სპეციალური განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ფონდს საქველმოქმედო სახლისთვის გამოყოფილი შენობა პირად სარგებლობაში გადასცა. 2006 წელს, აჭარის ახალმა მთავრობამ აბაშიძის განკარგულება უკანონოდ სცნო და ამ სახლით მოსარგებლე ადამიანები აიძულა შენობა დაეცალათ. მოგვიანებით, ახალმა მფლობელმა, რომლის ვინაობა უცნობია, სახლი დაანგრია.

ჩვენ არ ვეხებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, თუმცა გვჯერა, რომ ბათუმის საქველმოქმედო სახლის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი საზოგადოებისთვის. მიგვაჩნია, რომ მთავრობას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო, რათა სათნოების სახლს საქველმოქმედო საქმიანობა გაეგრძელებინა. საქველმოქმედო სახლისთვის თავდაპირველად მიცემული დაპირება ახალი შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით კვლავ დაპირებად რჩება.

სახლის ხელმძღვანელი, სვეტლანა კუდბა ეთნიკურად აფხაზია და სათნოების სახლში აფხაზური ენის გაკვეთილებსაც ატარებდა. სახლის დახურვის დროისათვის ამ გაკვეთილებს 25 ადამიანი ესწრებოდა. აფხაზური ენის კურსების გარდა სათნოების სახლში უფასო სასადილოც იყო გახსნილი და სახლი მარტოხელა დედებსაც იფარებდა. ”არ ვიცი რა გავაკეთო. ამ წუთში ქუჩაში ვარ უმწეო, პატარა ბავშვით მარტოხელა დედა” – ამბობს საქველმოქმედო სახლის ყოფილი მობინადრე ინგა ბლადაძე. „ძირითადად შემოწირულობების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების წყალობით ვარსებობთ, მაგრამ იმის გამო, რომ შენობა აღარ გვაქვს, ამ დახმარებას ვეღარ მივიღებთ“ - გვითხრა ფონდის ხელმძღვანელმა.

სვეტლანა კუდბამ 2010 წლის მარტში ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. წერილი “24 საათში” დაიბეჭდა. მასზე პასუხი კუდბას დღემდე არ მიუღია. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან:

„მოგახსენებთ, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას №42-ში მდებარე “სათნოების სასახლე” 1995 წლიდან ფუნქციონირებს. სასახლეში მოქმედებს 100 ადამიანზე გათვლილი ერთი უფასო სასადილო, თანამედროვე სტანდარტის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და გზასაცდენილ მოზარდთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. ბათუმის სათნოების სასახლეში ყოველდღიურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ინვალიდი, უსახლკაროდ დარჩენილი 100 ადამიანი იკვებება. გარდა ამისა, ფონდი დაარსების დღიდან სამართალდამცავ ორგანოებთან და ბავშვთა სახლებთან თანამშრომლობს, მოზარდი ბავშვების მშობლების მოძიებისა და, პირიქით, ოჯახებიდან გამოქცეული მცირეწლოვანი ბაშვების ოჯახში დაბრუნების მიზნით. დღემდე ფონდში არსებულ ჟურნალში 35 ფაქტია დაფიქსირებული და შექმნილია იმ ბავშვების ისტორია, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთის ქვეყნებშიც დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მოგეხსენებათ, ბათუმი საპორტო ქალაქია და ამ ქალაქში უამრავი ეროვნების ადამიანი ჩამოდის საცხოვრებლად თუ სტუმრად. არსებობს დოკუმენტალური ჩანაწერები, რამდენ უცხოელ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა ფონდი. 15 წლის განმავლობაში ძველ ბათუმში მდებარე სათნოების სასახლე ერთგვარი სავიზიტო ბარათი და დასტური გახდა იმისა, რომ ამ ქალაქში გაჭირვებულები ახსოვთ და ეხმარებიან.

ბატონო პრეზიდენტო, უმორჩილესად მოგმართავთ თხოვნით, თქვენ მიერ აღიარებულ პრიორიტეტებს ნუ გადაუხვევთ და ნუ შექმნით პრეცედენტს, რომ ბათუმის სათნოების სასახლე, რომელიც ყოველდღიურად გაჭირვებულებს და უსახლკაროებს ეხმარება და ლუკმა-პურს აწვდის, შენობის ფასადის რეკონსტრუქციის მოტივით დაიხუროს”.

მიგვაჩნია, რომ აჭარის მთავრობამ უნდა გაანალიზოს სათნოების სახლთან დაკავშირებული ქმედებების მოსალოდნელი შედეგები, რადგან მისი საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი სოციალურიად დაუცველი ადამიანებისთვის. ვფიქრობთ ამგვარ წამოწყებას ადგილობრივმა მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს, რადგანაც სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი და ზრუნვას მოკლებული ადამიანების დახმარება მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

Author: ლიკა ბასილაია-შავგულიძე