ENG

“კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“- საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები

05 სექტემბერი, 2011
2010 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა “კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია“, რადგან კონკურენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა აპირებს კონკურენციის სფეროში ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეფორმას - ჩამოყალიბდება კონკურენციის სააგენტო, რომელიც იქნება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ერთადერთი უწყება და, შესაბამისად, შეითავსებს კონკურენციის სფეროში არსებული სექტორული მარეგულირებლის ფუნქციებს. დოკუმენტი ითვალისწინებს კონცენტრაციების (კომპანიების სრული ან ნაწილობრივი შერწყმის, პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის მოპოვების ex-post (შემდგომი) რეგულირების შემოღებას ლიბერალურ სექტორებში (იქ, სადაც რეგულირება არ ხორციელდება) და ex-ante (წინასწარ) რეგულირებას არალიბერალურ სექტორებში (იქ, სადაც რეგულირებას ახორციელებენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები). სტრატეგია ასევე გულისხმობს კომპანიების მიერ კონკურენციის სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნას თავიანთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა კომპანიასთან გაერთიანებას ან სხვა კომპანიაზე (პირდაპირი ან არაპირდაპირი) კონტროლის მოპოვებას შეეხება. ეს გულისხმობს შემდეგს: თუ მოქმედი ნორმით კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიამ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მისი სექტორის მარეგულირებელს, სტრატეგიის მიხედვით ეს მონაცემები მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს მიეწოდება. შესაბამისად, არსებითად შეიზღუდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ძირითადი ფუნქციები, კერძოდ, ბაზარზე კონკურენციის კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების გამოვლენა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, მათ შორის, სატარიფო რეგულირება. ამ ფუნქციების გარეშე, ვფიქრობთ, მარეგულირებელი სტრუქტურის მიერ უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელება შეუძლებელი იქნება. შემოთავაზებული მოდელით მივიღებთ, ერთი მხრივ, კონკურენციის რეგულირების სფეროში მოქმედ სააგენტოს უნივერსალური ფუნქციებით, ხოლო მეორე მხრივ – დაკნინებულ სექტორულ მარეგულირებელ ორგანოებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელია სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებლებისა და კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების გამიჯვნა, რასაც საერთაშორისო გამოცდილებაც ითვალისწინებს. აღნიშნული უზრუნველყოფს ბაზრის ეფექტიან რეგულირებას. ასევე ორგანიზაციის აზრით, საფუძვლიან დასაბუთებას მოითხოვს ქვეყნის კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობა და ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის ორიენტაცია ევროპის სამართლებლივ გამოცდილებაზე.
Author: ნათია კუტივაძე