ENG

წარუმატებელი საინვესტიციო პროექტები: ითხოვს თუ არა სახელმწიფო კუთვნილს?

25 აგვისტო, 2011

პრესტიჟული უძრავი ქონებისა თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზებისას საქართველოს მთავრობა გამარჯვებულ მყიდველებს ერთჯერადი ფულადი ანგარიშსწორების გარდა (რაც ხანდახან სიმბოლურ ფასს გულისხმობს) ზოგ შემთხვევაში სპეციალურ პირობებს უყენებს.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ისეთი მნიშვნელოვანი უძრავი ქონების პრივატიზება განახორციელა, როგორიც იყო მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან” მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობა, რუსთაველის გამზირზე მდებარე „იმელის“ შენობა ან თუნდაც კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა. ხელისუფლებამ გამარჯვებულ შემსყიდველებს ამ ობიექტების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების გახორციელებაც მოსთხოვა. ამ სამი პროექტის შედეგად, შესაბამისად, სავაჭრო ცენტრი „ვილბრუკ პლატინუმ თბილისი პლაზა” (Willbrook Platinum Tbilisi Plaza), სასტუმრო კემპინსკი (Kempinski Hotel Tbilisi) და სასტუმრო „ინტერკონტინენტალი” (Intercontinental Hotel Tbilisi) უნდა აშენებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა დიდ ხანია გავიდა, როგორც ჩანს, სამივე ჩამოთვლილი პროექტი შეჩერებული და მიტოვებულია.

გახმაურებულ საინვესტიციო პროექტებს შორის მხოლოდ ეს სამი როდი გამოდგა წარუმატებელი. მაგალითისთვის ასევე შეგახსენებთ “პარკ ჰაიატ თბილისის” სასტუმროსა (Park Hyatt Tbilisi) და “ცარისტული” პერიოდის ლიკანის კომპლექსის გავითარების პროექტებს.

საპრივატიზაციო/საინვესტიციო ხელშეკრულებები, როგორც წესი, მოიცავს პირობებს, რომლებიც ერთ–ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისას უნდა ამოქმედდეს. მაგრამ საზოგადოებისთვის დღეისათვის უცნობია, მოსთხოვა თუ რომელიმე ინვესტორს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტომ, რომელიც ამ ხელშეკრულებებში საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს, აღნიშნული პირობების შესრულება.

2010 წლის გაზაფხულზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს არ გამოუყენებია დამსჯელი ღონისძიება არც ერთი ინვესტორის მიმართ, რომელმაც არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მინისტრის განცხადებით, ყველა კომპანიის საკითხი ინდივიდუალურ ფორმატში განიხილება, რათა ურთიერთშეთანხმების გზით პრობლემის მოგვარება მოხერხდეს, თუმცა ამ დროს სახელმწიფო ინტერესების შელახვა არ უნდა მოხდეს. მაშინ ეს განცხადება იმ ჭორის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელის, კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ- „კალა კაპიტალს“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო უჩიოდა და დაჯარიმებას უპირებდა. ეს ხმები ჯერ კიდევ არ გაქარწყლებულა. ამასთან, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია შეიცვალა თუ არა სახელმწიფოს მიდგომა ინვესტორების პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

ამა წლის 10 ივნისს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს წერილი გაუგზავნა. ჩვენ ვითხოვდით ბოლო ორი წლის განმავლობაში გაფორმებული ყველა საინვესტიციო პროექტის ჩამონათვალსა და ინფორმაციას იმ ინვესტორების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებები გაუწყვიტა. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ იმ საინვესტიციო კონტრაქტების ასლები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პროექტის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ასევე დავინტერესდით შეასრულეს თუ არა აღნიშნულმა ინვესტორებმა ნაკისრი ვალდებულებები.

წერილის გაგზავნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა სატელეფონო საუბარი სამინისტროს წარმომადგენლებთან, როდესაც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კვლავაც მივესალმებით კანონმდებლობით განსაზღვრული 10 დღის ვადის გასვლის შემდეგაც კი მიგვეღო მოთხოვნილი ინფორმაცია. თუმცა ორი თვის გასვლის შემდეგაც კი პასუხი არ მიგვიღია. იმის გამო, რომ ჩვენი წერილის ადრესატი საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროა ჩვენ არ გვაქვს ჩვენი კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილების სხვა საშუალება გარდა იმისა, რომ სასამართლოს მივმართოთ ქობალიას უწყების წინააღმდეგ .

Author: მარიამ გაბედავა