ENG

ქართული ლატარია ნაციონალიზაციის შემდეგ საქართველოს ფოსტას მმართველობის უფლებით გადაეცა

03 სექტემბერი, 2011

საქართველოს მთავრობის მიერ ლატარიის მონოპოლიის დე ფაქტო რენაციონალიზაცია განხორციელდა, რასაც ქართული მედიის მხრიდან სათანადო ყურადღება არ დაეთმო. საქართველოს ლატარიის კომპანიის კუთვნილი 70% გადაეცა საქართველოს ეონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ ეს წილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საქართველოს ფოსტას მმართველობის უფლებით გადასცა.

საქართველოს ლატარიის კომპანია

2009 წლის ივნისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული „ბუნდოვანი“ აუქციონის შედეგად საქართველოს ლატარიის კომპანიამ საქართველოში ლატარიის ორგანიზებისექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ლატარიის კომპანიამ ლიცენზია შემდეგი დანაპირების საფუძველზე მიიღო – კომპანიის შემოსავალი მომდევნო 10 წლის განმავლობაში 4,428,129,000 ლარი გახდებოდა და შესაბამისად 913,351,000 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანდა (რაც კომპანიის შემოსავლის 21.5% შეადგენს). ლატარიის კომპანიის მიერ წარდგენილი ბიზნეს გეგმა პრაქტიკაში ითვალისწინებდა ლატარიის ყოველდღიურ გაყიდვებს 1,164 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე 15 წლის ასაკზე ზევით ლატარიის ბილეთებისათვის შემდეგი ათი წლის განმავლობაში 1,168 ლარს დახარჯავდა.

საქართველოს ლატარიის კომპანია 2009 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს (შ.პ.ს.) სტატუსით დაფუძნდა. კომპანია ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შ.პ.ს. ლექსორ კაპიტალ კორპ. (ID 1458139). კომპანიის წარმომადგენელია დიმიტრი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა. ბატონ ჩიქოვანს უკავია ასევე რამოდენიმე სარეკლამო კომპანიების დირექტორის თანამდებობა, როგორიცაა შ.პ.ს. ბი ეს ემ ჯორჯია, სამკუთხედი და შ.პ.ს. აუთდორ.ჯი. ეს უკანასკნელი კი თბილისის გარე რეკლამის ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 2011 წლის 9 აგვისტოს შ.პ.ს. ლექსორ კაპიტალ კორპ. საქართველოს ლატარიის კომპანიის 70% წილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა, კერძოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრომ კი ორი დღის შემდეგ საქართველოს ლატარიის კომპანიის მართვის უფლება ხუთი წლის ვადით საქართველოს ფოსტას გადასცა. ქართული მედიის მიერ აღნიშნული საკუთრების ცვლილებები სათანადოდ არ გაშუქებულა, პროცესებიც მეტწილად დახურულ კარს მიღმა განხორციელდა. თუმცა ამ ცვლილებების მოძიება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით. ლატარიის კომპანიის 30% წილი კი შ.პ.ს. ლექსორ კაპიტალ კორპ. საკუთრებაში დარჩა.

საქართველოს ფოსტა

საქართველოს მთავრობამ საუბარი თითქმის უფუნქციო საფოსტო მომსახურების პრივატიზაციის თაობაზე პირველად 2009 წლის ბოლოსათვის დაიწყო. 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო იღებს ინვესტორების წინადადებებს სახელმწიფოს კუთვნილი საქართველოს ფოსტის, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული 87 000 კვ.მ. მიწისა და 100 000 კვ. მ. შენობის ფართის შესყიდვის თაობაზე. პოტენციური ინვესტორებისათვის განაცხადების შემოტანის ვადა 2011 წლის დასაწყისისათვის გადაწიეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალბატონმა ვერა ქობალიამ ივნისის თვეში განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტის შესყიდვის სურვილი სამმა კომპანიამ გამოხატა. ქალბატონმა ვერამ ასევე დასძინა, რომ სამინისტრო სამ პოტენციურ ინვესტორთან, რომლებიც საქართველოდან, შვეიცარიიდან და რუმინეთიდან იყვნენ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს კომპანიის გაყიდვის განსხვავებული კონცეფციების თაობაზე (2011 წლის 7 ივნისი BlackSeaPress).

ათი დღის შემდეგ კახა ბაინდურაშვილი გადადგა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ბატონი კახა გახდა ასევე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

მიმდინარე წლის 24 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით წყვეტს საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის პროცესს რათა მოახდინოს კომპანიის ხელახალი რეკლამირება და ამით გაზარდოს საქართველოს ფოსტის ღირებულება (2011 წლის 24 ივნისი GBC Daily News)

დღესდღეობით, როდესაც საქართველოს ფოსტას ლატარიის კომპანიის 70% წილის მართვის უფლება გადაეცა, სავარაუდოა, რომ პრივატიზაციის პროცესი უახლოს მომავალში განახლდება. რაც შეეხება კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ ლატარია დაპირებულ შემოსავალს არ შეიტანს სახელმწიფო ბიუჯეტში,ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება.

Author: მათიას ჰუტერი, მამუკა ანდღულაძე