ENG

სტუდენტების „წინასაარჩევნო“ დასაქმება

28 მარტი, 2012

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საგრძნობლად მატულობს ხოლმე ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასშტაბური, ერთჯერადი საბიუჯეტო პროგრამები. უკანასკნელ პერიოდში ამგვარი სიახლე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალი პროგრამის ე. წ. “Summer Job”-ის სახით მოგვევლინა, რომელიც, თავისი არსით, ბევრ კითხვას ბადებს. შესაძლოა, ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო რესურსებით საარჩევნო ამოცანების მიღწევა იყოს. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ხელისუფლების მიერ მსგავსი მასშტაბური დასაქმების პროექტები წარსულში რამდენჯერმე განხორციელდა და რატომღაც, ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, ასეთ პროექტებს ადგილი ჰქონდა 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში (იხ. ცხრილი).

#

დასაქმების პროგრამა

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

პროექტის ღირებულება

არჩევნები

1

2006 წლის აგვისტო - ოქტომბერი

 

კერძო კომპანიებში სტაჟირება.

 

50 000

 

24 მილიონი ლარი

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2

2007 წლის დეკემბერი - 2008 წლის მაისი.

 

კერძო კომპანიებისთვის საჭირო 25-დან 60-წლამდე ასაკის კადრების პროფესიული გადამზადება.

 

100 000

 

60 მილიონი ლარი

2008 წლის 5 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნები და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები

3

2012 წლის ივლისი - აგვისტო სტუდენტების საზაფხულო დასაქმება (Summer Job).

 25 000

 12.5 მილიონი ლარი

2012 წლის ოქტომბრის (სავარაუდოდ) საპარლამენტო არჩევნები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინა წლებშიც ეჭვის ქვეშ აყენებდა ასეთი ერთჯერადი ინიციატივების ეფექტიანობას და აღნიშნავდა, რომ ამ საბიუჯეტო პროგრამების განხორციელება, სავარაუდოდ, საარჩევნო მიზნებისთვის ხდებოდა. იგივე ტენდენცია “Summer Job”-ის შემთხვევაშიც აშკარად ჩანს.

სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა 25 ათასი სტუდენტის ერთი თვით დასაქმებას ითვალისწინებს 500 ლარიანი ანაზღაურებით და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე - 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე განხორციელდება. დასაქმების პროგრამის წინასაარჩევნო ხასიათზე მისი ლოგოც მეტყველებს, რომელშიც ინგლისური ასო „S“ ძალზე წააგავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს - „5“-იანს. ამასთანავე, თავად პროგრამაზე გართულებული რეგისტრაციის შემთხვევები და სტუდენტური თვითმმართველობების, გამგეობებისა და მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წინასწარ გარიგებაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტები ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებულს ხდის. სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არაფორმალურად დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა სიების მომზადება და მათი განათლების სამინისტროში წინასწარი გადაგზავნა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სტუდენტებების ერთმა ჯგუფმა საზაფხულო პროექტში ადგილების წინასწარ გაყიდვა ერთობლივი განცხადებით გააპროტესტა

დასაქმების სტუდენტური პროექტი მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს მოითხოვს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ეფექტიანობა ნაკლებადაა დასაბუთებული. ამასთანავე, ეს ინიციატივა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს აფერმკრთალებს, რითაც ირღევა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უშლის საქართველოში სამართლიანი და პოლიტიკური გაერთიანებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს კეთილი ნება, წინასაარჩევნოდ არ განახორციელოს ასეთი ერთჯერადი და სპონტანური საბიუჯეტო პროექტები და ამ გზით პოლიტიკური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.

Author: ლევან ნატროშვილი
elections