გასული თვეების მანძილზე არაერთი დისკუსია და მსჯელობა გაიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ დისკუსიების შედეგად წამოიჭრა, საქართველოში ტყეების განკარგვას უკავშირდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ აღნიშნული საკითხი ხშირად იყო განხილვის საგანი.
საქართველოს ტყეების იჯარით გაცემის ახალი სისტემა პირველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2006 წელს იქნა ინიციირებული. 2008 წლიდან ამ პროცესს კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობდა. 2009 წელს ტყეების იჯარით გაცემა შეწყდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალდანიშნული მინისტრის ლაშა ჟვანიასა და გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის გადაწყვეტილებით. 2006 წლის კანონმდებლობას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, ასევე აუცილებელი იყო სატყეო სექტორთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შემუშავება და ტყეეების ინვენტარიზაციის ჩატარება. 2011 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შედეგად, ამ სამინისტროს ჩამოშორდა ბუნებრივი რესურსების მართვის უფლება და ეს უფლება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა.
2011 წლის ივლისში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა დანერგოს სატყეო სექტორის იჯარით გაცემის ახალი სისტემა და რომ პირველი აუქციონი ჩატარდება აგვისტოს შუა რიცხვებში. განცხადება მწვავედ გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორმა. შედეგად 4 აგვისტოს ხეთაგური შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს და მათ სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მონახაზი წარუდგინა.
ახალი ინიციატივები
ხეთაგურის განცხადებით, აგვისტოს დასასრულისათვის შემუშავდება სატყეო კოდექსის ახალი კანონპროექტი, რომელიც ხე–ტყის მართვასა და იჯარით გაცემას დაარეგულირებს. საქართველოს ახალი სატყეო კოდექსი დაფუძნებული იქნება ავსტრიის სატყეო კოდექსზე.
ხეთაგურმა აგრეთვე განაცხადა, რომ სექტემბერში ახალი ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რაც შესაძლებელს გახდის ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდეს ხე–ტყის ჭრა. მოჭრილ ხეებს უნიკალური შტრიხკოდების მქონე ეტიკეტებს – ფირნიშებს მიამაგრებენ, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და კონტროლი. სამინისტროში შეიქმნება სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული ქვედანაყოფი. ისინი კონტროლს გაუწევენ ხე–ტყის ჭრას, ტრასპორტირებასა და რეალიზაციას. აღნიშნული დანაყოფის პერსონალი აღიჭურვება ფირნიშების წამკითხველი დანადგარებით, რის მეშვეობითაც ინფორმაციას ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადააგზავნიან. ხეთაგური დარწმუნებულია, რომ ამ სისტემის დანერგვა ხე–ტყის უკანონო გაჩეხვის პრობლემას გადაჭრის, რადგან აღნიშნული სისტემა ხე–ტყის მოჭრის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის უკეთესად კონტროლის საშუალებას იძლევა. საქართველოში მოქმედი ყველა ხე–ტყის გადამამუშავებელი საამქრო გაივლის რეგისტრაციას და აიკრძალება იმ ხე–ტყის გადამუშავება, რომელიც ფირნიშით არ იქნება მარკირებული.
ტყეკაფები და ხე–ტყის ჭრის ტიპები
ხეთაგურმა განაცხადა, რომ ტყეკაფების რაოდენობა შემცირდება და თუკი აქამდე ყველა სოფელში ერთი ტყეკაფი მაინც არსებობდა, ეხლა უკვე 4–5 სოფლისათვის საერთო მოზრდილი ტყეკაფები შეიქმნება. ხე–ტყის ჭრა იქნება შემდეგი სახის:: „სოციალური ჭრა”, რაც გულისხმობს ხეების მოჭრას არაკომერციულ მიზნით და “კომერციული ჭრა”. რაც შეეხება ლიმიტებს, ადგილობრივი მოსახლეობას შესაბამისი პროცედურების გავლის და გადასახადების გადახდის შემდეგ შეეძლება იმდენი ხე–ტყე მოჭრას, რამდენიც ესაჭიროება.
სატყეო ფართობი
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სატყეო კოდექსი ამკვიდრებს ახალ ტერმინს, „სატყეო ფართობი“, რაც მოიცავს ყველაფერს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, კერძოდ: მინდვრებს, ტბებს, ცხოველებს, თევზებს და ა.შ. მთელი ტყით დაფარული ტერიტორია, გარდა ნაციონალური პარკებისა და დაცული ტერიტორიებისა, დაიყოფა უბნებად და იჯარით მფლობელობაში გაიცემა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული უბნები საკმაოდ დიდი ფართობის უნდა იყოს, რომ შეძლოს ინვესტორების მოზიდვა.
დაცული ტერიტორიები
მთლიანი სატყეო ფართობის იჯარით გაცემა ნიშნავს, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების რიცხვი აღარ გაიზრდება. პარლამენტს უფლება აქვს ამა თუ იმ ტერიტორიას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა აღნიშნული ქმედება მოიჯარეებთან კონტრაქტის შეწყვეტას გამოიწვევს და სახელმწიფო ვალდებული იქნება მოიჯარეს ხელშეკრულების დარღვევისათვის სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს. აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხეთაგურმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ისედაც საკმარისზე მეტი დაცული ტერიტორიები გააჩნია. (მიმდინარე პერიოდისათვის საქართველოში
511,123 ჰექტარი დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაახლ. 7%–ს შეადგენს). მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმჯობესია საკუთარი რესურსები შემოსავლის წყაროდ აქციოს, ვიდრე უბრალიოდ დაიცვას და შეინარჩუნოს ის. უფრო მეტიც, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუკი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხი წამოიჭრება, იგი მხარს არ დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას და შეეცდება, მთავრობის სხვა წევრებსაც შეაცვლევინოს აზრი.
იჯარის ხანგრძლივობა და ინვესტორის ვალდებულებები
ხეთაგურის განცხადების თანახმად, პოტენციური ინვესტორს მოეთხოვება წარადგინოს საიჯარო ფართობის განვითარების გეგმა, რომელიც ღია იქნება საჯარო განხილვისთვის. საიჯარო კონტრაქტის ვადა 49 წლით განისაზღვრება. ხეთაგურის განმარტებით, თუ ინვესტორი არ დაარღვევს დადებული შეთანხმების პირობებს, 49 წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად გახდება უვადო.
ინვესტორები ვალდებულნი იქნებიან იზრუნონ ტყის საფარზე, დაიცვან იგი ხანძრისაგან და ეროზიისაგან. მათ ნება უნდა დართონ მოსახლეობას გააგრძელონ “სოციალური ჭრა” და სხვა ისეთი აქტივობები, რომლებიც არ საჭიროებენ წინასწარ ლიცენზირებას. ინვესტორებმა უნდა განავითარონ სატყეო ინფრასტრუქტურა, დარგონ სამი ახალი ხე ყოველი მოჭირლი ხის სანაცვლოდ და ამავდროულად შეინარჩუნონ ტყის მოცულობა. თუ ინვესტორი არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მას მიეცემა დრო გამოასწოროს დარღვევები და თუკი ამ დროის განმავლობაშიც არ მიიღებს აუცილებელ ზომებს, კონტრაქტი შეწყდება. ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოამზადებს ტყეებს იჯარით გასაცემად და აგრეთვე გააკონტროლებს კონტრაქტის პირობების შესრულებას.
ტყის ინვენტარიზაცია
ავსტრიის სატყეო კოდექსისაგან განსხვავებით, საქართველოს განახლებული სატყეო კოდექსი არ ავალდებულებს სახელმწიფოს განახორციელოს სატყეო სექტორის ინვენტარიზაცია. ხეთაგურმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ სამინისტროს მიერ ინვენტარიზაციის განხორციელება ძალიან დიდ დროს წაიღებს და ტყეების იჯარით გაცემის პროცესს შეაფერხებს. თუმცა, სავარაუდო ინვესტორებს წაეყენებათ მოთხოვნა, დაიქირავონ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის
“სატყეო სამეურვეო საბჭოს” მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტები და მათი დახმარებით განახორციელონ ტყეების ინვენტარიზაცია. ხეთაგური დარწმუნებულია, რომ ინვესტორებს ტყეების ინვენტარიზაციის შედეგების გაყალბების არანაირი ინტერესი არ ექნებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინვესტორი არასწორად მიუთითებს ტყის საფარის ზომას, რათა გვერდი აუაროს იმ მოვალეობების შესრულებას, რაც ტყის მოსავლელად და შესანარჩუნებლადაა საჭირო, სახელმწიფო მის ხელთ არსებული ახალი ბერკეტებით (ელექტრონული მონაცემთა ბაზა და ხე–ტყის მარკირება) არ მისცემს ინვესტორს უკანონო მოგების მიღების შესაძლებლობას.
სატყეო სამეურვეო საბჭოს სტანდარტები
მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყეების იჯარით გაცემის პროცესი სატყეო სამეურვეო საბჭოს სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. შეხვედრაზე მყოფმა რამდენიმე ექსპერტმა განაცხადა, რომ სატყეო სამეურვეო საბჭოს სტანდარტები ძალიან მაღალ მოთხოვნებს აწესებენ და თითქმის შეუძლებელია ახლად დაარსებულმა სატყეო კომპანიებმა მათი დაკმაყოფილება შეძლონ. მათი აზრით, შედეგად შესაძლოა იგივე შედეგები მივიღოთ, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში ტყეების იჯარით გაცემის დროს, როდესაც ინვესტორების უმრავლესობამ ვერ შეძლო სატყეო სამეურვეო საბჭოს სტანდარტების დაკმაყოფილება და შედეგად უბრალოდ განთავისუფლდნენ ამ ვალდებულებებისაგან.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება ყველა მცდელობას, რომელიც საქართველოს ბუნებრივი რესურსების მმართველობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განახორციელოს ტყის სრული ინვენტარიზაცია, სანამ დაიწყებს ტყის იჯარით გაცემას კერძო ინვესტორებზე. ასევე აუცილებელია საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე საკონსულტაციო პროცესში ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და დარგის ექსპერტრები.