ENG

საქართველოდან გადინებულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

18 აპრილი, 2011

Update: 27.04.2011 უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზაციას, რომელმაც ბლოგში აღწერილი კვლევა ჩაატარა, კერძოდ, "Global Financial Integrity" შემდეგ ნომერზე +1 202 293 0740. ორგანიზაციის ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. gfip@gfip.org ”განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ” ანგარიშის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია ორგანიზაცია ”გლობალური ფინანსური ერთიანობის” (GFI) მიერ, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან გასულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4.1-დან 4.3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შეადგინა. ამავე ანგარიშის თანახმად, 2008 წლის განმავლობაში ღარიბ ქვეყნებში არალეგალური გზით შექმნილი დაახლოებით 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი მდიდარ ქვეყნებში გაედინა. არალეგალური ფინანსური ნაკადების მოცულობის დასადგენად ორი კარგად შემუშავებული ეკონომიკური მიდგომა იქნა გამოყენებული. თავდაპირველად მკვლევარებმა ქვეყნების საგადამხდელო ბალანსები (ასახავს საზღვარგარეთიდან მიღებულ ყველა შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობას) შეამოწმეს. შედეგად, დაურეგისტრირებელი ფულადი რესურსების გადინებაზე მიუთითებდა მიღებული ფულადი რესურსების მეტობა (მაგალითად წმინდა საგარეო ვალის ზრდა) ანგარიშებში ასახულ გამოყენებულ ფულად რესურსებზე. მეორეს მხრივ, მკვლევარები ცდილობდნენ განესაზღვრათ საფასო ცდომილებები, რაც გამოწვეული იყო საერთაშორისო სავაჭრო ზედნადებების გაყალბებით. ქვეყნების საექსპორტო ანგარიშების შედარებით საქონლის მიმღები ქვეყნების საიმპორტო ანგარიშებთან შესაძლებელი გახდა ზედნადებების გაყალბების გზით მიღებული ღირებულების დადგენა. ქვეყნის მიერ ანგარიშებში გატარებული იმპორტის ღირებულება შედარებულ იქნა დანარჩენი მსოფლიოს მიერ ამავე ქვეყანაში ესპორტირებული საქონლის ღირებულებასთან, რა გზითაც დადგინდა ქვეყანაში შემოდინებული უკანონო ფინანსური რესურსების მოცულობა. უკანონო ფინანსური ნაკადების ფარული მოძრაობის პირობებში GFI-ის ანგარიში უხეშად შეფასებულ მაჩვენებელს იძლევა. მკვლევარებსაც სჯერათ, რომ მათ მიერ მიღებული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია და სინამდვილეს ნაკლებად ასახავენ, რადგან ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა კონტრაბანდა და აქტივების სვოპი, არ იქნა გათვალისწინებული უკანონო ფინანსური ნაკადების მოცულობის განსაზღვრაში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საგადამხდელო ბალანსმა უფრო მეტი უკანონო ფინანსური ნაკადების შემოდინება განიცადა ვიდრე გადინება (გარდამავალი პერიოდის 2002-2004 წლების გამოკლებით). ნაკადებს შორის არსებული განსხვავების მომგებიანობა ქვეყნისათვის საეჭვოა. ზიანის მომტანია უკანონო ფინანსური რესურსების როგორც გადინება, ასევე შემოდინება - გადინება გულისხმობს კაპიტალის დანაკარგს, ხოლო შემოდინება განისაზღვრება ისეთი უკანონო ქმედებებით, როგორიცაა კონტრაბანდული გზით საქონლის შემოტანა (საიმპორტო ვალდებულებებზე ან დამატებული ღირებულების გადასახადზე თავის არიდება) და ფარული ეკონომიკის სტიმულირება. საფასო ცდომილებების შეფასების პროცესში გამოვლინდა, რომ საქართველოდან არალეგალური კაპიტალი სტაბილურად გაედინებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საბაჟოზე დაფიქსირებული იმპორტის სასაქონლო ღირებულება აჭარბებდა პარტნიორი ქვეყნის საექსპორტო ანგარიშზე ასახულ სასაქონლო ღირებულებას. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე, რომლის რეალური ღირებულება შემცირებულად იქნა გატარებული ქვეყნის საექსპორტო ანგარიშზე. პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შორის შეუსაბამობა უკანონო ფულის გადინებაზე მეტყველებს. GFI-ის მკვლევარებმა, საქართველოდან გადინებული უკანონო ფინანსური რესურსების შესაფასებლად, საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული საფასო ცდომილებების მონაცემები გამოიყენეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2000-2008 წლების განმავლობაში საქარველოდან გადინებული უკანონო ფულის რეალური მოცულობა მოთავსებული იყო 4.1 მილიარდ აშშ დოლარსა(ქვედა ზღვარი) და 4.3 მილიარდ აშშ დოლარს (ზედა ზღვარი) შორის, საშუალო წლიური მონაცემი კი 456 – 474 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რის მიხედვითაც უკანონო ფულის გადინების მოცულობის თვალსაზრისით დალაგებულ ქვეყანათა ჩამონათვალში საქართველო 74-ესა და 87-ე ადგილებს შორის განთავსდა. აღნიშნულ ”რეიტინგში”, 2000-2008 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, პირველ 5 ადგილს ინაწილებდნენ: ჩინეთი (2.18 ტრილიონი აშშ დოლარი), რუსეთი ($427 მილიარდი), მექსიკა ($416 მილიარდი), საუდის არაბეთი ($302 მილიარდი) და მალაიზია ($291 მილიარდი). ეკონომიკის მასშტაბებით საქართველოს მსგავს ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი და მოლდავეთი, საქართველოს მსგავსი ”რეიტინგი” ჰქონდათ წლიური უკანონო ფულის გადინების მაჩვენებლებით - 550 და 380 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად. შესადარისობის თვალსაზრისით საინტერესოა აზერბაიჯანისა და რუმინეთის მონაცემები, რომელთაც გაცილებით პრობლემატური სიტუაცია ჰქონდათ უკანონო ფულის გადნების კუთხით ვიდრე საქართველოს. აზერბაიჯანიდან გადინებული უკანონო ფინანსური რესურსების საშუალო წლიური მოცულობა მოთავსებული იყო 2298 – 4490 მილიონი აშშ დოლარის შუალედში, ხოლო რუმინეთის მაჩვენებელი 3678 – 4209 მილიონ აშშ დოლარის შუალედში განთავსდა.

Author: სარა დე სლოოვერი