ENG

საპარტნიორო ფონდის შესახებ

16 ნოემბერი, 2011

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. მასში ნახსენებია „სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდი”, რომელსაც გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება და რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილში შესაბამისი კანონის განხილვა დაიწყო. ჩვენი აზრით, კანონპროექტში უფრო დეტალურად უნდა განმარტებულიყო საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებს შორის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდების განსაზღვრის მექანიზმი. მისასალმებელია,რომ აღნიშნულ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილება (10.11.2011, N5099)ზემოაღნიშნულ შენიშვნას ითვალისწინებდა და ფონდის დაფინანსების წყაროების ჩამონათვალიდან ამოღებულია პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავლები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დივიდენდები. ზოგადად უნდა ითქვას, რომ საპარტნიორო ფონდს მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძლება მიენიჭოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და დასაქმების გაზრდის მიმართულებით. ასეთი პრაქტიკა ხშირად გვხვდება სხვა სახელმწიფოებშიც (ესტონეთი, ისრაელი და სხვა) და ზოგ შემთხვევაში ძალიან წარმატებულიც არის. ცხადია, რიგი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მათი სასტარტო გარემოებებიდან და რისკებიდან გამომდინარე, კერძო სექტორი სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს. საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში. რადგან საპარტნიორო ფონდს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში, ფონდის ფინანსური რესურსების ხარჯვისა და საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ამ ეტაპზე ვერ მოახდენს.

Author: ნათია კუტივაძე