ENG

სამშენებლო პირამიდის მსხვერპლთა პროტესტი პარლამენტის წინ

11 მაისი, 2011

2011წლის 28 აპრილს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლშიც მონაწილეობას ის 300მდე დაზარალებული იღებდა, რომლებმაც „ცნტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსებში ფული დააბანდეს. მანიფესტანტები პროკურატურის მიერ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეების გამოძიებას მოითხოვდნენ, რის საფუძველზეც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო შეასრულებდა თუ არა კომპანია კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს, თუ დაუბრუნებდა დაზარალებულებს მითვისებულ თანხებს. სტუდია „მონიტორის“ მიერ გადაღებული სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის მიხედვით (ფილმი ინგლისური სუბტიტრებითაც არის ხელმისაწვდობი) „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“, რომელიც ბაზარზე 1999 წელს შემოვიდა და 3 წლის განმავლობაში სამშენებლო ბაზრის მესამედი დაიკავა, დაახლოებით 6 200 კაცი მოატყუა. კომპანიის მესაკუთრეები არიან რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც დღესდღეობით პარლამენტში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და პარლამენტის ვიცე–სპიკერია, მისი და და სიძე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. იურიდიულად რომ შევაფასოთ მოვლენები, როგორც ჩანს, „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ წაახალისა კლიენტები გამხდარიყვნენ სპეციალურად შექმნილი ამხანაგობის წევრები და უკვე ამ ამხანაგობას დაექირავებინა „ცენტრ პოინტი“ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ადმინისტრირებისთვის. პირველი გადასახადის შეტანის შემდეგ, კლიენტები ავტომატურად ამხანაგობის წევრებად ითვლებოდნენ და სრულ პასუხიმგებლობასაც იზიარებდნენ. საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად კი ამხანაგობის ყველა წევრი პირადად აგებს პასუხს ვალდებულებებზე. ამ სამართლებრივმა სტრუქტურამ მინიმუმამდე შეამცირა „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ვადლებულებები, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც ამხანაგობის წევრები გახდნენ, სრულიად დაუცველნი დატოვა. როგორც ჩანს, ცენტრ პოინტის წარმომადგენლებმა არაფერი უთხრეს ინვესტორებს იმ რისკის შესახებ, რომელიც მათ კომპანიის პროექტის ნგრევის შემთხვევაში ელოდათ. ინვესტორთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებდა იმას, რომ ისინი „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ წინააღმდეგ სარჩელს ვერ შეიტანდნენ, რადგან თავად მონაწილეობდნენ იმ კომპლექსების მშენებლობაში, რომლებშიც პროექტის დასრულების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებს მიიღებდნენ. სტუდია „მონიტორის“ კვლევის მიხედვით „ცენტრ პონტ ჯგუფმა“ აღნიშნული პირამიდის სქემა არაერთი სამშენებლო კომპლექსის დასაფინანსებლად გამოიყენა. სავარაუდოდ, ახალი ინვესტორებისგან შემოსული თანხებით კომპანია ძველ პროექტებს ასრულებდა, სანამ ამ სქემამ ნგრევა არ განიცადა და კომპანიამ ვეღარ შეძლო კლიენტების მიმართ აღებული ვალდებულებების დაფარვა. ამ სქემით დაზარალებულები დღემდე ელიან საკუთარ ბინებს, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უნდა დასრულებულიყო. 2010წლის სექტემბერში კი „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ მთელი თავისი საქმეები გადასცა კომპანია „დექსუს“, რომელიც ამ გარიგებამდე 2 კვირით ადრე შეიქმნა, და რომელმაც პირობა დადო, რომ ის შეასრულებდა „ცენტრ პოინტის“ მიერ კლიენტებისთვის მიცემულ ყველა საწყის ვალდებულებას. დღეისათვის „დექსუსი“ მიღებული აქტივების ნაწილს ყიდის. ჯერჯერობით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსუდან კერვალიშვილს თავისი კომპანიის მიერ სავარაუდოდ შექმნილი პირამიდული სქემის გამო არც იურიდიული და არც მორალური პასუხისმგებლობა არ აუღია. კომპანიამ გაკოტრების წარმოების დაწყების შესახებ განცხადება შეიტანა. ქართული არხების უმრავლესობას საერთოდ არ გაუშუქებია ზემოთაღწერილი მოვლენები. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, „ცენტრ პოინტის“ თაღლითური საქმიანობის გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, უყურეთ სტუდია მონიტორის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის შესახებ. ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

Author: სარა დე სლოოვერი და გია გვილავა