საკუთრება მესტიაში, შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკუთრება მესტიაში, შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება

16 აგვისტო, 2011

მესტიაში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მიწებს ტრადიციულად, მკვიდრი მოსახლეობის ადათ-წესებითა და წინაპართა მიერ მიწების შეთანხმების წესით გადანაწილების პრინციპით ფლობს. მესტიაში გავრცელებულ საკუთრების ეს ფორმა უმრავლეს შემთხვევაში ვერ ესადაგება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით შემოთავაზებულ საკუთრების უფლების ლეგალიზების ფორმებს. ამის გამო მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი პრაქტიკულად პარალიზებულია. უძრავ ქონებაზე საკუთრება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ოფიციალურად დაურეგისტრირებელი მიწა სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და შესაძლებელია ტრადიციულ მფლობელს კანონის დაურღვევლად ჩამოერთვას. მესტიის საკურორტო ზონად გამოცხადებისა და ინვესტორთა მიერ უძრავი ქონებით დაინტერესების ფონზე სვანები მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში რეგისტრაციას ჩქარობენ. მათ იციან, რომ დაურეგისტრირებელ მიწებს ადრე თუ გვიან ჩამოართმევენ. მათი სიფრთხილე უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, რადგან ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის – მესტიის აეროპორტისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის არეალში დაახლოებით 150 ადგილობრივ მცხოვრებს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მათგან ზოგიერთს მართლაც არ გააჩნდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტთა ნუსხა; თუმცა, ზოგიერთ მოქალაქეს დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად საკუთრება მაინც არ დაურეგისტრირეს. აღნიშნული ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. ტურიზმთან დაკავშირებული მშენებლობის დაწყების შემდეგ რამდენიმე ტრადიციულ მესაკუთრეს (მათ შორის მათაც, ვისაც არ გააჩნდა მფლობელობის დამადასტურებელი საბუთები) საკუთრებაში დაურეგისტრირეს მიწის ნაკვეთები იმ (ზეპირი) პირობით, რომ რეგისტრაციის შემდეგ ამ ნაკვეთებს გარკვეული საფასურის (3 ლარი 1 კვ.მ–ზე) სანაცვლოდ სახელმწიფოს გადასცემდნენ. თუმცა თავად მიწის მესაუთრეთა ინფორმაციით, არც ერთ მათგანზე დღემდე კომპენსაცია არ გაცემულა. კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობის გამო, ეს შეთავაზებები არ გავრცელდა სხვა დანარჩენებზე. სამწუხაროდ, ცალკეული პირები და კომპანიები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ და ადვილად განკარგავენ იმ ქონებას, რომელზეც სხვებს გააჩნიათ პრეტენზიები. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მიმდებარედ აშენებული სასტუმრო „ჰაწვალი“ ამის ნათელი მაგალითია. მიწა, რომელზეც სასტუმრო აშენდა და რომელიც დღემდე არავის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული, სამი ადგილობრივი მკვიდრის სარგებლობაში იყო და ტრადიციული ფლობისგან განსხვავებით, სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიწის ლეგალიზების პირობებს. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა უარი უთხრა მათ მიწების საკუთრებაში რეგისტრაციაზე. ეს მიწები შემდგომში მშენებლობით დაინტერესებული სუბიექტის – სასტუმრო „ჰაწვალის“ მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა. საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე განთავსებულ მეწარმეთა რეესტრის ბაზაში სასტუმრო „ჰაწვალის“ მესაკუთრედ - 100%-იანი წილის მფლობელად - რეგისტრირებულია აკაკი კვიციანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, კანდიდ (კახა) კვიციანის შვილია. თავად კანდიდ კვიციანი კი შპს „ენგური 2006“ 50%-იანი წილის მფობელია, რომელმაც მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განახორციელა მესტიის აეროპორტის მშენებლობა. აეროპორტის ტერიტორიის შიგნით მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე პრეტენზიის მქონე პირთა მოთხოვნებიც შერჩევითად დაკმაყოფილდა. კერძოდ, მესტიის საჯარო რეესტრმა 35-დან მხოლოდ ორს დაურეგისტრირა მიწები საკუთრებაში, რომელთაგან ერთი მესტიის საჯარო რეესტრის უფროსის მოადგილის მეუღლეა, ხოლო მეორე - მისი ახლო ნათესავი. მიწების შერჩევითი რეგისტრაცია და ადგილობრივი ადათ-წესების იგნორირება უსამართლობის შეგრძნებას ამძაფრებს ადგილობრივი მოსახლეობაში და კიდევ უფრო აშორებს ცენტრს რეგიონისგან. ამ პრობლემების მოსაგვრებლად მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა გამარტივდეს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურები და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ჩართვა რეგიონის განვითარების პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული „საკუთრების უფლების დაცვის“ კოალიციაში გაერთიანებულმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2011 წლის 12 ივლისს გამოქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურად არის შესწავლილი დაბა მესტიაში საკუთრების უფლების დაცვის პრობლემები.

*ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. აქ გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის და OSGF-ის შეხედულებებს.

 
 

 

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოUSAID - From the American People

 

 
 
Author: საერთაშორისო გამოჭვირვალობა- საქართველო