ENG

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე

28 დეკემბერი, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა ის სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები და საფრთხეები, რომლებიც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის ამოქმედებას მოჰყვება. ეს საფრთხეები საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შემდეგ ზოგიერთ საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებს. ორგანიზაციის აზრით, პირველი რიგის იპოთეკარის განსაზღვრის ახალი წესი გავლენას მოახდენს ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე და მსესხებელ სუბიექტებზე და მათი საქმიანობისთვის არახელსაყრელ გარემოს შექმნის. აღნიშნული წესი, ასევე, უარყოფით გავლენას მოახდენს უცხოურ ინვესტიციებსა და საქართველოს მთელ საფინანსო და ეკონომიკურ სისტემაზე. კერძოდ:

  • მსესხებლის მიერ გირაოს სახით ჩადებული ქონება ვეღარ გახდება ქართული ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებითვის სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რადგან საგადასახადო ორგანომ ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოაჩინოს, მაგალითად, რომელიმე ბანკის კლიენტის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ბანკში ქონების ჩადებამდე წარმოიშვა;

  • სერიოზული რისკის მატარებელი ხდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ქართული საბანკო თუ არასაბანკო ინსტიტუტებისათვის გაცემული სესხები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება რისკის ქვეშ აყენებს ქართული საფინანსო ინსტიტუტების, როგორც საქმიანი პარტნიორების, ნდობის ხარისხსა და ღირებულებას საერთაშორისო მასშტაბით;

  • მსესხებლის ქონება აღარ იქნება სანდო, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერიდან მიღებული ინფორმაცია მსესხებლის ვალის არარსებობის შესახებ აღარ არის დამაჯერებელი. შესაბამისად, სესხის გაცემისათვის ბანკები, სავარაუდოდ, უკვე მოითხოვენ დამატებით სახსრებს, როგორც უზრუნველყოფის საშუალებას;

  • აღნიშნული ცვლილებებით საკუთრების უფლება ილახება. ამის გამო, გამსესხებელმა შეიძლება მოითხოვოს ან დამატებითი ფულადი სახსრების დარეზერვება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან იმ კომპანიის გარანტია, რომელიც საქმიანობას სხვა სახელმწიფოში ახორციელებს. შესაბამისად, ქართველი მსესხებლის მიერ კრედიტის მიღება უფრო გაძნელდება;

  • გართულდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში, რაც ძირითადად სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (OPIC, EBRD, IFC, ADB) საშუალებით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებით იზრდება ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ ენდობიან საქართველოში არსებულ უზრუნველყოფის საშუალებებს, შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ სურვილი რომ გასცენ სესხები უცხოელ ინვესტორებზე საქართველოში რეგისტრირებული ქონების საფუძველზე, რაც გრძელვადიან პერიოდში არსებითად შეამცირებს უცხოური ინვესტიციების, განსაკუთრებით „დასავლური“ და არასახელმწიფო ინვესტიციების, მოცულობას;

  • საკრედიტო პირობების დამძიმების შედეგად ეკონომიკაში განსახორციელებელი უცხოური ინვესტიციების შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რამაც უმუშევრობის გაზრდაც შეიძლება გამოიწვიოს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ზემოთ ხსენებული რისკების შეფასება ჯერ კიდევ აღნიშნული საგადასახადო ცვლილებების მიღებამდე უნდა მომხდარიყო. ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლო პრობლემებისა, რომელიც საქართველოში ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შეიძლება შეექმნათ. გვსურს მოვუწოდოთ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს დაგვიკავშირდნენ და გვაცნობონ თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

Author: ნათია კუტივაძე