ENG

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულირების ახალი წესი პროცედურის დარღვევით იქნა მიღებული

26 დეკემბერი, 2011

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავის ბლოგში წერდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის დადგენის შესახებ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების ზოგადი წესის დარღვევით. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია არ შეიცავდა აღნიშნულ საკითხებს და კანონპროექტის თანდართული განმარტებითი ბარათიც (რომელშიც კანონით კანონპროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ასახული), არ განმარტავდა საგადასახადო გირავნობასთან/იპოთეკასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების რეგულირების ახალ წესს. განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ კანონპროექტი ეხება ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებლივ მოწესრიგებას. კანონში შესაბამისი ცვლილებები, როგორც ჩანს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა.


რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილულ და მიღებულ კანონპროექტს მოგვიანებით ჩაემატა. კერძოდ, ეს ცვლილება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენისას დეპუტატ ზვიად კუკავას მიერ იქნა ინიცირებული.


ცნობისათვის, მეორე მოსმენაზე კანონპროექტში ისეთი ცვლილების შეტანა (მუხლების, პუნქტების, ქვეპუნქტების დამატება), რომელიც დაკავშირებული არ არის კანონპროექტის რეგულირების სფეროსთან, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ბუნებრივია, ლატარიის და გასართობი სფეროს რეგულაცია არ არის კავშირში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგულაციის საკითხებთან, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლში ცვლილების შეტანა საჭიროებდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას. გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანასთან ერთად ცვლილება უნდა შესულიყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლშიც და წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში მოგვიანებით დარეგისტრირდა, როგორც პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის შემოღება განხორციელდა ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების ზოგადი წესის დარღვევით, რაც, ბუნებრივია, ეჭვის ქვეშ აყენებს ამ საკანონმდებლო ცვლილების ლეგიტიმურობას.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო