ENG

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ახალი რეგულაციები

09 დეკემბერი, 2011

საგადასახადო კოდექსში (239–ე მუხლი) და, შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (მუხლი 823) საქართველოს კანონში ახლახანს შესული შესწორებით იცვლება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის სამართლებრივი მოწესრიგება. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამოიყენება სახელმწიფოს მიერ იმისათვის, რომ მოხდეს საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფა გადასახადის გადამხდელის ან იმ პირის ქონებიდან, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნია გადასახადის გადამხდელის მიმართ. დღეს მოქმედი კოდექსით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში (საჯარო რეესტრი) რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საგადასახადო დავალიანების ფარგლებში (მაგალითად, უძრავი ან მოძრავი ქონება, რომლის ბანკში ჩადება ხდება ბანკიდან აღებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით). ცვლილებების შეტანამდე საგადასახადო კოდექსის მიერ (239–ე მუხლის მე–6 ნაწილით) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება სამართლებრივად შემდეგნაირად წესრიგდებოდა: თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონება ჩადებული იყო რომელიმე საფინანსო ინსტიტუტში (მაგ. კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა.შ.) გირავნობის/იპოთეკის გაფორმების მიზნით და დავალიანების გადაუხდელობის ან გარკვეული ფინანსური ვალდებულებებს შეუსრულებლობის გამო ხდებოდა ამ ქონების გაყიდვა, ამოღებული თანხა პირველ რიგში უნდა მოხმარებოდა ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების დავალიანების დაფარვას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მეწარმეს ჯერ ბანკში აქვს ჩადებული ქონება იპოთეკის უზრუნველყოფის მიზნით და შემდგომ წარმოეშვა დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, მისი ქონების გაყიდვის შემთხვევაში პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის ინტერესები და შემდგომ სახელმწიფოსი. რამდენიმე ხნის წინ საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლის მე–6 ნაწილს დაემატა ახალი რეგულაცია, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუ რიგითობით პირველი არის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის თარიღი და შემდეგ მოდის ფინანსურ ინსტიტუტებში გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, პირველ რიგში დაკმაყოფილდება სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებები და მხოლოდ შემდგომ დაიფარება ფინანსური ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანება. კერძოდ, თუ საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ წარმოიშვა 2008 წელს, ხოლო საგადასახადო ორგანოების მიერ მისი აღმოჩენა მოხდა 2010 წელს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის თარიღად მიიჩნევა 2008 წელი. თუ გადასახადის გადამხდელის ქონება ბანკში ჩაიდო 2009 წელს, ქონების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით ჯერ დაიფარება სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ეს დამატება ზრდის საფინანსო ინსტიტუტების (ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების და ა.შ.) რისკს, რომელთა მიერ გაცემული სესხები სესხის ამღების გარკვეული ქონებით არის უზრუნველყოფილი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საგადასახადო ორგანომ აღმოაჩინოს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტში, მაგალითად ბანკში, ქონების ჩადებამდე წარმოიშვა. ამ შემთხვევაში ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით პირველ რიგში სახელმწიფოს დავალიანება დაიფარება. კოდექსის ამ დებულებამ, ეკონომიკის თეორიაზე დაყრდნობით, შეიძლება, ასევე, გაზარდოს შესაბამისი სესხების საპროცენტო განაკვეთები, იმის გათვალისწინებით, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა შეძლონ გაზრდილი რისკის კომპენსაცია. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამის მტკიცება, ამ ეტაპზე, ნაადრევია.

Author: ნათია კუტივაძე