ENG

რეფერენდუმი თუ არა?

30 ივნისი, 2011

მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტარების რაოდენობის ახლანდელი 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ეს, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. მაგრამ, მმართველი პარტიას ეს მარტივად შეუძლია მოაგვაროს, თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ეს კონკრეტული საკითხი ამომრჩევლების გადასაწყვეტი აღმოჩნდეს რეფერენდუმის გზით.

პარლამენტი ამჟამინდელ 150 წევრამდე (წინანდელი 235-დან) 2005 წლის თებერვალში შემცირდა. ეს შემცირება 2003 წლის ნოემბრის რეფერენდუმით გადაწყდა, რომლის ინიციატორიც მმართველი პარტია იყო და რომელსაც ამომრჩეველთა 80%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, რეფერენდუმის შედეგების შეცვლის მხოლოდ ორი გზა არსებობს - ახალი რეფერენდუმი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რეფერენდუმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც მის ანულირებას იწვევს (მუხლი 28.4 და 28.5). დღემდე ამ კონკრეტული რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ ეჭვები არ გამოთქმულა.

მაგრამ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი ნაციონალური მოძრაობის ორმა ლიდერმა მაინც (მიხეილ მაჭავარიანმა და აკაკი მინაშვილმა) თავიანთ განცხადებებში შემდეგი არგუმენტები მოიყვანეს:

  1. რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი 3.2 კრძალავს რეფერენდუმებს კანონის მიღების ან არსებული კანონის გაუქმების მიზნით. შესაბამისად, 2003 წლის რეფერენდუმი უნდა გაუქმდეს, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დამოუკიდებელი კანონის სახით მტკიცდება.
  2. რეფერენდუმის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ არ კონტროლდება, ამ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია.

საქართველოს კონსტიტუციაში არის 94.4 მუხლი, რომლის მიხედვითაც ახალი გადასახადის შემოტანას ან არსებული გადასახადების მაქსიმალური ზღვრის შეცვლა რეფერენდუმით უნდა დადასტურდეს, რომლის ინიცირებასაც საქართველოს მთავრობა მოახდენს. ნაციონალური მოძრაობის მიერ რეფერენდუმის კანონის ასეთი გაგება აშკარად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რადგან ახალი გადასახადებიც ახალი კანონებით შემოდის.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რეფერენდუმი ერთადერთი რამ არაა, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ტარდებოდეს. ასევეა არჩევნებიც. ის ფაქტი, რომ არჩევნების ჩატარება ობიექტურად შეუძლებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ქართული არჩევნების ლეგიტიმურობას ავტომატურად არ აუქმებს.

ჩვენ ვწუხვართ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწვეტილებების მიღებაც კი, როგორიცა საარჩევნო სისტემის ცვლილებაა, უფრო მეტად მოკლევადიანი პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი ჩანს, ვიდრე კანონიერებითა და საკონსტიტუციო პროცესით, და თან ქართველ ამომრჩეველსაც განზე ტოვებს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ქართულ პარტიას, პატივი სცენ კონსტიტუციის პრინციპებს და ქართველ ამომრჩეველს.

Author: მარიამ გაბედავა