ENG

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის ფაქტების შემოწმება: იძულებით გადაადგილებული პირები

28 თებერვალი, 2011

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხმა 2011 წლის 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ასევე დომინირებდა ეს საკითხი პარლამენტის წევრების, გიორგი ახვლედიანისა (ქრისტიან-დემოკარტიული პარტია) და პაატა დავითაიას (პარტია „ჩვენ თვითონ”), შემდგომ გამოსვლებში. 2010 წლის მიღწევებზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა: „ ჩვენ ვახდენთ დევნილთა არალეგალური მდგომარეობიდან ლეგალურ მდგომარეობაზე გადაყვანას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ განვასახლოთ დევნილი მოსახლეობა მათ საკუთარ სახლებში, დროებითი თავშესაფრების ნაცვლად. 25,000-მდე დევნილ ოჯახს უკვე აქვს უძრავი ქონება პრივატიზებული. მომდევნო 12 თვის განმავლობაში საქართველოში არსებულ კომპაქტურად განსახლების ყველა ობიექტს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები. გამოსახლებული დევნილები გადაგვყავს საქართველოს განვითარებად რეგიონებში, როგორიცაა: ფოთი, ბათუმი, წყალტუბო და ანაკლია.” ჩვენ ვეცდებით ნაწილ-ნაწილ, ფართო კონტექსტში განვიხლოთ პრეზიდენტის ეს სიტყვები. მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვახდენთ დევნილთა არალეგალური მდგომარეობიდან ლეგალურ მდგომარეობაზე გადაყვანას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ განვასახლოთ დევნილი მოსახლეობა მათ საკუთარ სახლებში, დროებითი თავშესაფრების ნაცვლად”. „დევნილთა არალეგალური მდგომარეობიდან ლეგალურ მდგომარეობაზე გადაყვანა”–სხვა სიტყვებით მათ გამოსახლებას ნიშნავს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 251,000 დევნილია, ანუ 88,000 ოჯახი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინორმაციის თანახმად, 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით დროებითი თავშესაფრებიდან 1,198 დევნილი ოჯახი გამოასახლეს. იმავე სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში გამოსახლებული 534 დევნილი ოჯახიდან ორი მესამედი „ძველი ტალღის დევნილები” იყვნენ, რომელთა შორის 60% თბილისში, სხვადასხვა მისამართებზეა დარეგისტრირებული (კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ან კერძო სექტორში). იანვარში გამოსახლებულთა შორის ბევრს შესთავაზეს ალტერნატიული საცხოვრებელი დედაქალაქს გარეთ, მაგრამ მხოლოდ 21 დევნილი ოჯახი დათანხმდა სახელმწიფოს ამ შემოთავაზებას. რა ბედი ეწია იმ ოჯახებს, რომლებიც არ დათანხმდნენ სახელწიფოს მიერ შეთავაზებულ სხვა საცხოვრებელ ადგილებში გადასვლას გამოცანად რჩება. შესაბამისად, მთავრობის ვალდებულება საკუთარი სახლებით უზრუნველყოს დევნილები, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესრულებული. მიხეილ სააკაშვილი: „25,000-მდე დევნილ ოჯახს უკვე აქვს უძრავი ქონება პრივატიზებული” თუკი პრეზიდენტის ეს განცხადება სინამდვილეს შეესაბამება, 2009 წელთან შედარებით 2010 წელს ძალიან მცირე პროგრესია დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში. სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 2010 წლის ივლისის ანგარიშში, რომელიც 2010 წლის იანვრის მონაცემებს ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ 2009 წლის ბოლოსთვის დახლოებით 23,000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. აქ შედის 15,000 „პირველი ტალღის“ და 8,000 „მეორე ტალღის“ დევნილი ოჯახები. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ახლანდელი ინფორმაციით, „თვითპრივატიზებულ” იქნა 278 კომპაქტურად განსახლების ობიექტი თბილისში, სადაც 10,000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ე.ი „პირველი ტალღის” დევნილებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილები კერძო საკუთრებაში გადაეცათ. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთმა დევნილმა ოჯახმა უარი თქვა თავდაპირველ შემოთავაზებაზე დაეკანონებინათ საცხოვრებელი ფართი, გაურკვეველია მოხდა თუ არა ყველა 278 კომპაქტურად განსახლების ობიექტის სრული პრივატიზაცია. „თვითპრივატიზაციის” შემოთავაზებაზე დევნილთა მხრიდან უარის თქმის საერთო მიზეზი იყო ის, რომ საცხოვრებელი ფართობი არ არის საკმარისად დიდი. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილები დაცულნი არიან გამოსახლებისგან და მათი „არჩევანის” უფლება გათვალისწინებულია დევნილთა შესახებ სახელწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, მათთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივები ბუნდოვანი რჩება. მიხეილ სააკაშვილი: „მომდევნო 12 თვის განმავლობაში საქართველოში არსებულ კომპაქტურად განსახლების ყველა ობიექტს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები”. ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული კომპაქტურად განსახლების ბევრი ობიექტი უკვე გარემონტდა, მთავრობის განსახლების სტრატეგია ცალსახად გამორიცხავს თბილისში არსებული კომპაქტურად განსახლების ობიექტების გარემონტებას. მთავრობის წარმომადგენლები ამ მიდგომას ასე ხსნიან: ზოგადად, დედაქალაქის გარეთ არებული კომპაქტურად განსახლების ობიექტების ფიზიკური მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა; უძრავ ქონებას თბილისში უფრო მაღალი საბაზრო ღირებულება აქვს და შეზღუდული დაფინანსებით ვერ მოხერხდება ყველა კომპაქტურად განსახლების ობიექტის რემონტის ხარჯების დაფარვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული კომპაქტურად განსახლების ობიექტების დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ დედაქალაქშია განლაგებული. 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით, ჯამში 7,653 ბინა გარემონტდა პირველი ტალღის დევნილებისათვის: 7,241 მუნიციალური განვითარების ფონდის მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდის 2010 წლის სექტემბრის მონაცემები) და 412 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მისი პარტნიორების მიერ (2010 წლის აპრილის მონაცემები). ამ სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება 95,6 მილიონი ლარია, რომლის 95%–ზე მეტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განკარგა, დანარჩენი კი საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სააგანტოებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობით. ამ პროექტების დაფინანსების დიდი ნაწილი ევროკავშირის სტაბილურობის ინსტრუმენტის პროგრამის ფარგლებში გამოიყო. სამოქალაქო რეესტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1,600 კომპაქტურად განსახლების ობიექტია, საიდანაც 500–ზე მეტი თბილისშია განლაგებული. მათ შორისაა, როგორც ასობით ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსები, ისე ერთი ან ორი ოჯახისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური საცხოვრებლები. მათი უმეტესობა სახელმწიფოს საკუთრებაა. პირველი ტალღის დევნილთა 40% კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ცხოვრობს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წინა კვირას მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად 598 შენობაა გამოყოფილი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლისათვის, რაც საკმარისია 23,268 დევნილი ოჯახისათვის. რამდენიმე წყაროს მიხედვით, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რემონტის ხარისხიც კრიტიკის საგანია. მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი პრობლემა დაკავშირებულია უკვე გარემონტებულ შენობებში წყლის გადინებასთან. მიხეილ სააკაშვილი: „გამოსახლებული დევნილები გადაგვყავს საქართველოს განვითარებად რეგიონებში, როგორიცაა: ფოთი ბათუმი, წყალტუბო და ანაკლია.” ამ წინადადებაში პრობლემა მისი ზმნის დროა. ჯერ–ჯერობით არ მომხდარა დევნილთა განსახლება პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილ მაღალგანვითარებად საინვესტიციო ადგილებში, თუმცა მიმდინარეობს დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ფოთსა და წყალტუბოში. საერთო ჯამში, ფოთისა და წყალტუბოს პროექტების ინვესტიციები (ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული) 44,2 მილიონ ლარს შეადგენს. ზემოხსენებული პროექტების ფარგლებში აშენდება 1,520 ბინა. დღევანდელი მდგომარეობით კი, გამოსახლებული დევნილები განსახლდნენ იმ ადგილებში, სადაც ინვესტიციებისა და ზრდის პოტენციალის ნაკლებობაა. ის 21 დევნილი ოჯახი, რომელიც 2011 წლის იანვარში გამოსახლდა და სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელს დათანხმდა, წყალტუბოში, ბაკურციხეში, ლაგოდეხსა და გარდაბანში აღმოჩნდა. ყველა ამ ჩამოთვლილ ტერიტორიაზე მცირეა სახელმწიფო ინვესტიციების რაოდენობა. 2010 წლის აგვისტოში გამოსახლებული დევნილები კი განასახლეს ფოცხო–ეწერში, იზოლირებულ საცხოვრებელ კორპუსებში ურბანული/სასოფლო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გარეშე. გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან დემოკრატები (დევნილებთან დაკავშირებული კომენტარების შეჯამება): ერთ დევნილ ოჯახს ჩაერიცხა ფულადი კომპენსაცია 10,000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ როდესაც ისინი ამ ფულის ასაღებად მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული თანხა უკან გამოითხოვა. 1000-ზე მეტ დევნილს, რომლებსაც დაპირდნენ ფულად კომპენსაციას, შემდგომ უარი ეთქვათ ამ თანხის მიღებაზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოს შემდეგ გამოსახლებულ დევნილთა შორის, მხოლოდ 17 ოჯახს ეთქვა უარი ფულად კომპენსაციაზე. მათგან 6–მა დადგენილი წესით არ შეავსო სააპლიკაციო ფორმა, დანარჩენმა 11–მა კი მოითხოვა 10,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა. თუმცა, საერთო კრიტიკის დიდი ნაწილი, რომელიც დევნილთა განსახლების სახელმწიფო პოლიტიკას ეხება, მიუთითებს აღნიშნული 10,000 აშშ დოლარის დახმარების განაწილებაში კორუფციის არსებობაზე. სწორედ ეს პრობლემებია მოყვანილი გიორგი ახვლედიანის გამოსვლაში. პირად საუბრებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ზოგად ახსნა-განმარტებას იძლევა იმაზე, თუ რატომ ხდება ერთჯერადი ფულადი დახმარების არსებული გზით განაწილება დევნილებისათვის: ეს ანაზღაურება განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისათვის, რომლებსაც უკვე გარკვეული დანაზოგები აქვთ ბინის ან სახლის შესაძენად. თუმცა სამინისტრომ ვერ მოახერხა კონკრეტული კრიტერიუმების შემუშავება და საზოგადოებისთვის ნათლად ახსნა, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ფულადი დახმარება. პაატა დავითაია, პარტია „ჩვენ თვითონ” (დევნილებთან დაკავშირებული კომენტარების შეჯამება): ზუბალაშვილის ქუჩიდან გამოსახლებულ დევნილთა 90%–ზე მეტი არ დათანხმდა სახელმწიფოს შემოთავაზებას. ამასთან, სამოქალაქო რეესტრის 2 თებერვლის მონაცემებით, მხოლოდ 7,260 დევნილ ოჯახს აქვს უძრავი ქონება კერძო საკუთრებაში (და არა 25,000–ს როგორც ეს პრეზიდენტმა განაცხადა); და მხოლოდ 1,400–მა ახალი ტალღის დევნილმა ოჯახმა მიიღო სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მიერ განსახლების შემოთავაზებაზე დევნილთა თანხმობის მაჩვენებელი დაბალია. 2011 წლის იანვარში ზუბალაშვილის ქუჩიდან გამოსახლებული 53 დევნილი ოჯახიდან, განსახლების შემოთავაზება 10–მა ოჯახმა მიიღო, და მხოლოდ ერთი ოჯახი დათანხმდა აღნიშნულ შემოთავაზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული დროებითი თავშესაფრიდან გამოსახლებულ დევნილთა ზუსტად 90% არ დათანხმდა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ განსახლების წინადადებას. ახლა რაც შეეხება იმ წინააღმდეგობას, რომელიც უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით დავიათაის მიერ მოწოდებულ ციფრებსა და პრეზიდენტის მიერ მოწოდებულ ციფრებს შორის არსებობს. ჩვენი აზრით, ეს განსხვავება დათვლის მეთოდებს უკავშირდება და ფაქტობრივად ორივე ციფრი შეიძლება სწორად მივიჩნიოთ. თუ სააკაშვილმა მონაცემები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიიღო, რომელიც სავარაუდოდ დევნილებთან დადებული „თვითპრივატიზაციის” ხელშეკრულებების რაოდენობას თვლის, მაშინ პრეზიდენტის მიერ მოყვანილი ციფრი (25,000) შეიძლება სწორი იყოს. მაგრამ ბევრი დევნილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერეს „თვითპრივატიზაციის” ხელშეკრულებებს, მათ ჯერ არ მიუღიათ შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს, თავის მხრივ, მათი საკუთრების საკითხს გაურკვეველს ტოვებს. სამოქალაქო რეესტრს მხოლოდ რეგისტრირებულ საკუთრებაზე შეუძლია ინფორმაციის გაცემა. სწორედ ამიტომ არის დავითაიას მიერ მოყვანილი ციფრები ასე დაბალი. გაურკვეველია, ამ დრომდე რატომ არ მოხდა პრივატიზაციის ხელშეკრულებათა დიდი ნაწილის რეგისტრაცია და დევნილთათვის საკუთრების უფლების ფორმალურად გადაცემა. იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებასთან და განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები იყო ასევე პარლამეტის პირველი პლენარული სხდომის განხილვის ცენტრალური თემა.

Author: ლაშა გოგიძე და ქეითლინ რაიენი