ENG

პოლიტიკურად მოტივირებული თვითცენზურა? „ფორბს ჯორჯიასთან“ დაკავშირებული შემთხვევა

03 აპრილი, 2012

 შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ქართულ მედია სივრცეში განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ და დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს ასახავს.

27 მარტს, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, რევაზ საყევარიშვილი, „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. იმავე დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან ბრალი დასდო "ფორბსის" გამოცემის უფლებისმქონე კომპანია „მედია პარტნერსის" დამფუძნებელს, გაგიკ აღიზარიანს, იმაში რომ იგი, 2011 წლის შემოდგომაზე „ფორბს ჯორჯიას" გამოცემის დაწყების დღიდან,  ხშირად ერეოდა მის სარედაქციო მუშაობაში.

მარტის გამოცემაში ამერიკულმა "ფორბსმა" თვალსაჩინო სტატია მიუძღვნა ოლიგარქსა და ქართული ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჟურნალის მიერ შემუშავებულ მილიარდელების სიაში 153-ე ადგილს იკავებს. საყევარიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში მან ლოგიკურად ჩათვალა "ფორბს ჯორჯიაში" ივანიშვილთან ინტერვიუს გამოქვეყნება. ყოფილი რედაქტორის თქმით, აღიზარიანს არ მოეწონა ინტერვიუსთვის მომზადებული შეკითხვები. აღიზარიანმა საყევარიშვილს მოსთხოვა ისინი ჩაენაცვლებინა კითხვებით, რომლებიც გვერდს უვლიდა პოლიტიკურ საკითხებს და „საკმაოდ აბსტრაქტულ თემებზე“ იყო კონცენტრირებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან" საუბარში საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, აღიზარიანმა სცადა არ გაეღიზიანებინა საქართველოს საგარეო დაზვერვის  სამსახურის უფროსი  გელა ბეჟუაშვილი. ჟურნალისტის თქმით, „მედია პარტნერსის“ დამფუძნებელს მასთან საუბარში ბეჟუაშვილთან საკუთარი კარგი ურეთიერთობისათვის ხაზი არაერთხელ გაუსვამს.  ეღიზარიანიცა და ბეჟუაშვილიც 2003/04 წლებში ჰარვარდის კენედის მმართველობის/მართვის სკოლაში სწავლობდნენ.

საყევარიშვილის მიერ საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „მედია პარტნერსმა“ თავის მხრივ განცხადება გაავრცელა, რომ საყევარიშვილი დაკავებული თანამდებობიდან იმის გამო გათავისუფლდა, რომ მან მილიარდერ ივანიშვილთან ინტერვიუს შეკითხვები რუსული ყოველდღიური ბიზნეს გამოცემის, "ვედომისტისათვის" 2005 წელს მიცემული ინტერვიუდან გადმოიწერა:

ტექსტის პუბლიკაცია, რომელიც გამოქვეყნებული იყო სხვა გამოცემის მიერ, საქმიანი საგამომცემლო ეთიკის უხეში დარღვევაა. ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, რომლებიც ფლობენ საავტორო უფლებებს ინტერვიუს ორიგინალურ ტექსტზე, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას.

ეს ისტორია ცენზურასთან არ არის დაკავშირებული, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება.

 რევაზ საყევარიშვილი გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის სამსახურებრივი მოვალეობა იყო.

რევაზ საყევარიშვილის ყველა განცხადება პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რევაზ საყევარიშვილმა გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ივანიშვილთან საკამათო ინტერვიუ, რომელიც მან ონ ლაინში აიღო. "საბოლოო ჯამში, ინტერვიუ 3,000 (საყევარიშვილის თანახმად, "ფორბს ჯორჯიას" ტირაჟი) ადამიანზე მეტმა წაიკითხა და ყველას თავად შეუძლია  გადაწყვიტოს, რა შეკითხვები დავუსვი ივანიშვილს და რას შეიძლება გაენაწყენებინა გაგიკ აღიზარიანი"- აღნიშნა საყევარიშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოსთან"  საუბარში.

"ფორბს ჯორჯიას", "ფორბს მედიას" მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე გამოსცემს ქართული კომპანია - სს „მედია პარტნერსი“, რომლის 50 %-ს სომხეთის მოქალაზე გაგიკ აღიზარიანი ფლობს, მეორე 50 %-კი სომხური წარმოშობის კანადის მოქალაქე – არტურ პოღოსიანი. აღიზარიანი ამავე დროს „კოსმოპოლიტენის“  სომხური ვერსიის გამომცემელია. ჰარვარდის კენედის სკოლის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, აღიზარიანი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია სომხური საკონსულტაციო ფირმისა, რომელსაც ყაზახეთში აქვს ოფისი. იგი სომხეთის განვითარების სააგენტოს პირველი აღმასრულებელი დირექტორი იყო, მსახურობდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ, ასევე ეჭირა პრივატიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მინისტრის მოადგილის პოსტი.  

საყევარიშვილი ქართულ მედიაში 1996 წლიდან საქმიანობს.  იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა "რადიო თავისუფლებაში", გაზეთ "24 საათში" და რუსთავი 2-ისა და "იმედის" ბიზნეს პროგრამებში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაჩნია, რომ სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე სახის გარე ჩარევა  დაუშვებელია. გარდა ამისა, ვთვლით, რომ თვითცენზურა მრავალი მედია საშუალებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საჯარო დებატებში მას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მედიის ადვოკატირების სამოქალაქო  ჯგუფმა, მედია კოალიციამ, რომლის ერთ- ერთი წევრია  "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", ასევე გამოხატა საკუთარი შეშფოთება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: Lika Basilaia–Shavgulidze, Mathias Huter
Media