ნაკლებადთავისუფალი თავისუფლების ქარტია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ნაკლებადთავისუფალი თავისუფლების ქარტია

12 ივლისი, 2011

აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში (ჩეხეთი,ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და სხვა) ლუსტრაციის კანონი გვიან 90–იან წლებში ამოქმედდა, რათა თავიდან აეცილებინათ საჯარო სამსახურში ყოფილი უშიშროების აგენტებისა და ინფორმატორების მოხვედრა. ეს კანონი ასევე ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად იყო აუცილებელი. საქართველოს პარლამენტმაც იგივე კანონი 2011 წლის მაისში მიიღო,თუმცა ლუსტარციის კანონის ქართული ვარიანტი რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს.

თავისუფლების ქარტია სამ ძირითად პრინციპს ემყარება: ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აკრძალვა და ნებისმიერი ასოცირებული სიმბოლიკის აღმოფხვრა; და სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შეადგენს ე.წ. „შავ სიას“. სიაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები შევლენ. საქართველოს კანონი ლუსტრაციის შესახებ ინიცირებული იქნა პარლამენტის წევრის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გია თორთლაძის მიერ, და კანონს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ზემოთაღნიშნული კანონის მე–5 მუხლის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერორიზმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა უფლება სტრატეგიულ ადგილებში განახორციელოს ვიდეო–დაკვირვება. თავისუფლების ქარტიაში მოცემულია ასეთი ადგილების ჩამონათვალი, მაგალითად: აეროპორტები, პორტები, რკინიგზის სადგურები, მეტროები, ხიდები, მასობრივი შეკრების ადგილები და „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები“.

„სტრატეგიული ობიექტები“ განმარტებულია სტრატეგიული პროდუქციის წარმოებასთან მიმართებაში (ნავთობპროდუქტები, გაზი, ძვირფასი ლითონები, დენი, პურპროდუქტები), ხოლო „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები“ კანონში განმარტებულია, როგორც ობიექტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან. (მუხლი 2.ა)ბ) ). ამრიგად, ამ მუხლების საფუძველზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივი ვიდეო–დაკვირვებების წარმოება როგორც პურის ქარხნებში, ასევე –„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების“ განსაზღვრების ბუნდოვანების გამო– ნებისმიერი სახის სამუშაო ადგილზე.

ლუსტრაციის კანონის მე–12.1 მუხლის მიხედვით, ყოფილი თანამდებობის პირებს და ოპერატიულ მუშაკებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეძლევათ ექვსთვიანი ვადა, ნებაყოფლობით განუცხადონ თავისი საქმიანობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სპეციალურ კომისიას. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის ოთხი ფრაქციის თითო წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შ.ს.ს–ს ოფიციალური პირების რაოდენობა კომისიაში განისაზღვრება შ.ს.ს. მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე.(მუხლი 7.1.)საარჩევნო სუბიექტის დარეგისტრირებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მონაცემები ზემოთაღნინულ კომისიაში გადაამოწმოს.(მუხლი 11.2).

რაც შეეხება არასასურველ სიმბოლიკას, თავისუფლების ქარტია შეიცავს მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მოგროვებას ყველა იმ ობიექტის შესახებ, სადაც ფაშისტური და საბჭოური სიმბოლიკაა გამოყენებული: შენობები, ძეგლები და სხვა.(მუხლი 7.3).იმ ქუჩებს და სოფლებს, რომლთა სახელები საბჭოთა წარსულთანაა ასოცირებული, სახელები უნდა გადაერქვას. ზემოთაღნიშნული სპეციალური კომისია პასუხისმგებელია შეადგინოს ამ ჩამონათვალთა სია და გასცეს ბრძანება სიმბოლიკის შესაცველად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ მიაჩნია, რომ:

  1. თავისუფლების ქარტია არ იძლევა განმარტებას და მეთოდოლოგიას, თუ როგორ მოახდენს კომისია იმის შეფასებას წარმოადგენს თუ არა ძეგლი ფაშისტური ან საბჭორი იდეოლოგიის პროპაგანდას. მაგალითად, წარმოადგენს თუ არა „KGB ბარის“ არსებობა თბილისში კანონდარღვევას მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე გამოხატულია ნამგალი და ურო?
  2. თავისუფლების ქარტია არ განსაზღვრავს ხმის მიცემის პროცედურას, კომისიის ზუსტ შემადგენლობას, ასევე შეუძლებელია განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში რომელი მხარე ფლობს უპირატესობას.
  3. ქარტიის მე–2 მუხლში “სტრატეგიული ობიექტების“ განმარტების კრიტერიუმი ბუნდოვანია. მაგალითად, ჩამონათვალში მოცემულია პურის საცხობები, მაშინ როდესაც არ არის ნახსენები წყლის მომარაგება. აღნიშნული ჩამონათვალი ან უნდა გაიზარდოს, იმისთვის რომ დაფაროს ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი ან უნდა გაუქმდეს და ობიექტებისთვის „სტრატეგიულის“ სტატუსისი მინიჭების უფლება კომისიას მიეცეს.
  4. ასევე არ არსებობს საკმარისი განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს ფაშისტური და საბჭოური სიმბოლიკის პროპაგანდა, ამიტომ ეს განმარტება შეიძლება უფრო მეტად ემყარებოდეს კომისიის წევრების სუბიექტურ შეხედულებებს , ვიდრე კანონით გათვალისწინებულ პირობებს.
  5. იმის გამო რომ, სამოქალაქო საზოგადოება და იურისტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას პროცესში და არ მიუწვდებათ ხელი სსრკ–ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივზე, კომისიის საქმიანობა არაგამჭვირვალე იქნება.
Author: გიორგი თოფურია