ENG

მუშტაიდის ბაღის იდუმალი იჯარა

28 ოქტომბერი, 2011

მიმდინარე წლის ივნისში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ მუშტაიდის ბაღი კერძო კომპანიას გადასცა გრძელვადიანი იჯარით. ინფორმაციის წყაროდ მერიის ქონების მართვის სააგენტო იყო დასახელებული, რომლის წარმომადგენელიც აცხადებდა, რომ პარკი კომპანია „ჯეო გოლდს” გადაეცა მართვის უფლებით 49 წლის ვადით, ხოლო კომპანიამ სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე პარკში 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს. იმავე კომენტარში ნათქვამი იყო, რომ მენეჯმენტის ასეთი მეთოდის გამოყენებას მერია ქალაქის სხვა პარკების შემთხვევაშიც გეგმავს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ურბანული პარკის მენეჯმენტის კერძო კომპანიის მიერ განხორციელება თავისთავად მიუღებელი სულაც არ არის. თუმცა, მას შემდეგ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფომაცია გადავამოწმეთ და ერთმანეთს შევადარეთ საჯარო რეესტრის, თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, აღმოჩნდა, რომ “ჯეო გოლდი” თბილისის საკრებულოს წევრ ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის.

მართალია თავისთავად ეს ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ მერიის მიერ ქალაქის საკუთრებაში არსებული პარკის საკრებულოს წევრისთვის გადაცემა კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე მმართველობის მაგალითად ვერ ჩაითვლება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ (როგორც ქონების მართვის სააგენტომ გვაცნობა) მუშტაიდის ბაღი „ჯეო გოლდს” პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა, ანუ კონკურენტული შერჩევის პროცესის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქალაქის საკრებულოს წევრებს თანამდებობის პირის სტატუსი არ აქვთ და, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული მკაცრი ნორმები მათზე არ ვრცელდება. ამავე მიზეზით, მათი ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

საზოგადოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ იჯარის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და შერჩეულ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში სათანადო დამცავი მექანიზმები ჩაიდოს პარკის რეკრეაციული ფუნქციის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ თბილისის მერიასა და „ჯეო გოლდს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გავცნობოდით. სამწუხაროდ, ქონების მართვის სააგენტომ უარი გვითხრა ხელშეკრულების ასლის გაცემაზე და განაცხადა, რომ ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27(2)-ე მუხლის შესაბამისად.

ჩვენი აზრით, მეტად საკამათოა, თუ რამდენად ესადაგება ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმა თბილისი მერიასა და „ჯეო გოლდს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს შეეძლო ხელშეკრულების იმ ნაწილების გასაჯაროება, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას არ შეიცავს. მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სახელმწიფო უწყება ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად შესაბამისი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აცხადებს და ვალდებულია, რომ საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია ამგვარი მოთხოვნის შესახებ. ჩვენ თხოვნით მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს, რომ ეცნობებინა ხელშეკრულების გასაიდუმლოების მომთხოვნი მხარის ვინაობა და მოთხოვნის თარიღი, ასევე დაედასტურებინა, რომ აღნიშნული მოთხოვნა საჯარო რეესტრში იქნა გატარებული, თუმცა ქონების მართვის სააგენტომ არც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა.

რადგანაც მუშტაიდის ბაღის იჯარით გაცემის გადაწყვეტილება საჯარო განხილვის გარეშე იქნა მიღებული, ხოლო ხელშეკრულება დღემდე საიდუმლოდ რჩება, მოქალაქეებისთვის ხსენებულ საკითხზე ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება ამჟამად მერიის წარმომადგენელთა ზეპირი განცხადებებია. პროცესის ბუნდოვანება შეშფოთებას იწვევს და მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება პარკის რეკრეაციული ფუნქცია დაცული და შენარჩუნებული მომავალში.

ეს კითხვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მერია (მისივე წარმომადგენელთა თქმით) მართვის მსგავსი მოდელის გამოყენებას ქალაქის სხვა პარკების შემთხვევაშიც გეგმავს. მოვუწოდებთ მერიას, რომ მუშტაიდის ბაღის შემთხვევაში განხორციელებული მოდელის მომავალში გამოყენება მხოლოდ საკითხის საჯარო განხილვის შემდეგ მოხდეს და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

Author: “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”