კენჭისყრის პულტებით მანიპულირება, ნაწილი II
15 ივლისი, 2011
ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ ბლოგში საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პულტებით მანიპულირების თემა წამოვწიეთ. ბლოგმა სწრაფად მიიპყრო მედიის ყურადღება, რაც არაერთ სატელევიზიო სიუჟეტსა და სტატიაში აისახა. ერთ–ერთ ინტერვიუში პარლამენტის წევრმა, რომელიც ჩვენს მიერ მტკიცებულებად გამოყენებულ ვიდეოში სხვა პარლამენტარების მაგივრად აძლევდა ხმას, განაცხადა რომ სხვისი პულტებით მანიპულირების შემთხვევები ხდება ხოლმე საქართველოს პარლამენტში.
პარლამენტის რეგლამენტი მიუთითებს, რომ საპარლამენტო ხმებს თანაბარი ძალა აქვთ და დაუშვებელია დეპუტატების მხრიდან ხმების დელეგირება(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 140). ასევე პარლამენტის წევრებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ იმ კოლეგების საიდენტიფიკაციო ბარათები, რომლებიც იმ დროს არ იმყოფებიან სხდომაზე.
ჩვენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წერილი გავუგზავნეთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარეს, პარლამენტის წევრს ქ–ნ ხათუნა გოგორიშვილს (პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველოსათვის). გვაინტერესებდა ხმების მიცემის გაყალბებისათვის დაჯარიმებული პარმალენტის წევრების რიცხვი. პასუხად მოგვწერეს, რომ უნდა მიგვემართა პარლამენტის მანდატურის სამსახურისთვის.
29 ივნისს უკვე წერილით მივმართეთ პარლამენტის მანდატურთუხუცესს ბ–ნ მურთაზ შალუაშვილს. გვაინტერესებდა, თუ ჰქონდა ადგილი პულტებით მანიპულირების შემთხვევებს საქართველოს 2008 წლის მოწვევის პარლამენტში და გატარდა თუ არა სათანადო სადამსჯელო ღონისძიებები აღნიშნულ კანონდარღვევებზე. კანონის თანახმად, მანდატური ვალდებულია პლენარული სხდომების მიმდინარეობისას გააკონტროლოს, თუ როგორ იცავენ პარლამენტის წევრები პარლამენტის რეგლამენტს.
შალუაშვილისაგან ჩვენ წერილობითი პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემის უფლება მას არ აქვს. ბ–ნმა მურთაზმა ასევე ვერ შეძლო იმ კანონის დასახელება, რომელიც მას უკრძალავდა მოთხოვილი ინფორმაციის გაცემას, თუმცა შეგვპირდა რომ აუცილებლად გაარკვევდა და დაგვიკავშირდებოდა. ამის შემდეგ შალუაშვილის ოფისიდან არავინ დაგვკავშირებია.
თუმცა, 11 ივლისს ჩვენ წერილი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის ეთერ სვიანაიძისგან მივიღეთ,რომელსაც ჩვენი მოთხოვნის შესახებ ალბათ შალუაშვილის დეპარტამენტმა ამცნო ,რადგან ჩვენ პირადად არ დავკავშირებივართ ქ–ნ ეთერს.
წერილის შინაარსი საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩვენთვის. სვიანაიძის დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ ხმების გაყალბების პრაქტიკას პარლამენტის სხდომებზე ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული პასუხი შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სრულიად საპირისპირო ფაქტები ჩანს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტი ნაკლებად არის დაინტერესებული გამოასწოროს მსგავსი კანონდარღვევები და უზრუნველყოს პროცედურული და დემოკრატიული მოთხოვნების კანონის ფარგლებში განხორციელება. ხმების გაყალბებაში ჩართული დეპუტატების მიმართ განუხორციელებელი სასჯელი და მომხდარის მუდმივი უარყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარლამენტში პროცედურული წესების დარღვევას მომავალშიც ექნება ადგილი.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სათანადო სტრუქტურებს იმოქმედონ კანონის მიხედვით.