ENG

ინვესტორი თუ ეკოლოგიურად სუფთა გარემო

30 მარტი, 2012

2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც შეეხო სამ საკანონმდებლო აქტს: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს. ცვლილებების მიხედვით მკვიდრდება ახალი რეჟიმი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, კერძოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირს შესაძლებლობა ეძლევა წინასწარი კომპენსაციის საფუძველზე დადოს შეთახმება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, რომლითაც მის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება კანონიერად.

შეთახმების დადების მომენტიდან, რომელიც ცვლილებების თანახმად იდება უვადოდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ ქმედებებზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის არ დაეკისრება ვალდებულება, მოსაკრებელი, ჯარიმა და/ან ზიანის ანაზღაურება. ახალი კანონი გარდა იმისა, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩადენილ ქმედებებზე გამორიცხავს თითქმის ყოველგვარ ადმინისტრაციულ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დამატებით კრძალავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩადენილი ქმედებების შემოწმებასაც. უფრო მეტიც ახალი ცვლილებებით ლიცენზიის მფლობელის ქმედებების გასაჩივრებაც კი სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელი ხდება.

აღნიშნული ცვლილებებით სახელმწიფო პრაქტიკულად თანხმობას უცხადებს ინვესტორს განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, მიუხედავად იმისა საზიანოა თუ არა იგი გარემოსთვის. სახელმწიფო უარს ამბობს ასეთი ქმედებების გაკონტროლებაზე და ინვესტორის ყოველგვარ შემოწმებაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა გარემოსთვის საზიანო ქმედებების პრევენციის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. აღნიშნული მუხლების მოქმედების შეზღუდვა სახიფათო რისკებს წარმოქმნის, ამასთანავე მნიშვნელოვნად იზრდება უკანონო, როგორც გარემოსთვის ასევე ადამიანებისთვის ისეთი საზიანო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეებიც, რასაც მომავალში შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

საქართველოს ნორმატიულ აქტებში შესული ცვლილებებით დაუსჯელი დარჩება გარემოზე სხვადასხვა სახის უარყოფითი ზემოქმედება, ლიცენზიის მფლობელზე არ გავრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის ათეულობით მუხლი, რომლებიც აქამდე გარკვეულ პასუხისმგებლობას აწესებდნენ. ასე მაგალითად ლიცენზიის მფლობელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის მრეწველობის, ელექტრო და თბოენერგიის გამოყენებისა და წყალმომარაგების დარგებში, ასევე გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისთვის.

ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც დადებული აქვს შეთანხმება ენერგეტიკის სამინისტროსთან, არ დაეკისრება პასუხისმგებლობა შემდეგ სამართალდარღვევათა გამო:

  • წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება; 
  • სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება;
  • ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება;
  • საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებულ ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება;
  • მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა;
  • დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება;
  • მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება;
  • მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა;
  • დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა;
  • წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით;
  • წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა;
  • დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა;
  • ზღვის დაბინძურება;
  • მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით ან ამ ნორმების უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება;
  • ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს;
  • სარწყავი წყლის დატაცება;
  • გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა;
  • თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა და სხვა.
 
ეს არის არასრული ჩამონათვალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებისა, რომლეთა მოქმედებაც აღარ გავრცელდება იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც დადებენ შეთანხმებას ენერგეტიკის სამინისტროსთან.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ საჯაროდ განაცხადა რამდენიმე მასშტაბური საინვესტიციო პროექტის შესახებ, მათ შორის არაერთხელ გაჟღერდა ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობის გეგმებიც. ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულია რამდენიმე ადგილი, სადაც უკვე დაწყებულია ან უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტრო სადგურების მშენებლობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართევლოს მთავრობას შეაფასოს ამგვარი კანონის იმპლემენტაციით მიღებული ზიანი გრძელვადიან პერსპექტივაში, დაადგინოს მოსალოდნელი რისკები და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მოტივით იგნორირება არ გაუკეთოს საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო