ENG

იმერეთში ავტომაგისტრალის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება ეწირება

17 ნოემბერი, 2011

როგორც ცნობილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო მაგისტრალის გაყვანა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის გავლით. სოფლის მოსახლეობა დაუკავშირდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და აცნობა, რომ ავტომაგისტრალის დაგეგმილი მშენებლობის გამო ილახება მათი საკუთრების უფლებები. 14 ნოემბერს ორგანიზაციის იურისტები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ და შეხვდნენ ჭოგნარის მაცხოვრებლებს. ადგილობრივების ცნობით, დაახლოებით ერთი წლის წინ მათ დაუკავშირდნენ საავტობომილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ოფისიდან და აცნობეს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით სახელმწიფოს ესაჭიროებოდა მოსახლეობის მიერ დაკავებული სახნავ–სათესი მიწები. ამასთანავე ურჩიეს, ექსპროპრიაციის პროცესის დაწყებამდე მოეგვარებინათ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოსახლეობა გაგებით მოეკიდა საკითხს, მათთვის მისაღები აღმოჩნდა მიწების სანაცვლოდ შეთავაზებული სავარაუდო კომპენსაციის ოდენობაც. შესაბამისად, დაიწყეს მზადება, მიმართეს საჯარო რეესტრს, მოაწესრგეს დოკუმენტები, რაშიც მათ აქტიურად ეხმარებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. აღნიშნული დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა ბოლო პერიოდში. მოსახლეობის ინფორმაციით, უკანასკნელი თვის განმავლობაში მათ ტელეფონით უკავშირდებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და იბარებენ ქუთაისის იუსტიციის სახლში. ადგილზე მისულ მესაკუთრეებს პირობების გაცნობის გარეშე სთხოვენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის მიყიდვის თაობაზე. მათზე ხდება აქტიური ზეწოლა, რომ თუ ნებაყოფლობით არ გადასცემენ სახელმწიფოს მიწის ნაკვეთებს შეთავაზებული საფასურის სანაცვლოდ, მოხდება მათი ჩამორთმევა სრულიად უსასყიდლოდ; ან გაანთავისუფლებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მათი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს. სამართლებრივ საკითხებში გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობას არწმუნებენ, რომ მათ არა აქვთ აღნიშნულ საკითხზე დავის უფლება. ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენებით მოსახლეობის ნაწილთან მიღწეული იქნა “შეთანხმება” და გაფორმდა ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის მიყიდვის თაობაზე, ისე რომ მესაკუთრეები არ გასცნობიან მის ტექსტს, არ მიუღიათ ხელშეკრულების ასლები და მათთვის დღემდე უცნობია შეთანხმების პირობები. ამასთან, აღნიშნულ პირებს დაპირდნენ, რომ თანხას მიიღებდნენ 1 კვირის ვადაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში უკვე გასულია თვეზე მეტი ისე, რომ მათ თანხა არ მიუღიათ. მოსახლეობისათვის ასევე გაურკვევლია, რა კრიტერიუმებით მოხდა ფასების განსაზღვრა მიწის ნაკვეთებზე, რამდენადაც ერთმანეთის მომიჯნავე, ანალოგიურ მიწებზე შეთავაზებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გარდა ამისა, ხდება მიწების დაქუცმაცება, ავტომაგისტრალის მიერ ნაკვეთების 2 ნაწილად გაყოფა, შედეგად კი უფასურდება და შეუძლებელი ხდება მათი გამოყენება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავის მხრივ უარს აცხადებს დარჩენილი, მათთვის არასაჭირო მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საგზაო დეპარტამენტს უზრუნველყოს ექსპროპრიაციის პროცესის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარება და არ დაუშვას მიწების შესყიდვის პროცესში მოსახლეობაზე რაიმე სახის ზეწოლა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო” თვალ–ყურს ადევნებს მიმდინარე პროცესს და გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ მოსახლეობას.

Author: ზურაბ გველესიანი