ENG

დევნილთა გამოსახლების შეტყობინება - ინფორმაცია ალტერნატიულ საცხოვრებელზე გამოსახლების ზუსტი თარიღის გარეშე

28 იანვარი, 2011

ამჟამად ჩვენ მოგვეპოვება გამოსახლების შეტყობინების ნიმუში ქართულ ენაზე, რომელიც ნათელს მოჰფენს დევნილთა ახლანდელი გამოსახლების ზოგიერთ ასპექტს. ეს წერილი გადაეცა ძმები ზუბალაშვილების ქუჩა # 42-ში მდებარე დროებით თავშესაფარში მცხოვრებ დევნილებს. წერილის მიხედვით, მოთხოვნა გამოსახლებაზე გაცემული იყო შენობის მესაკუთრის (“სახელმწიფო’’) და პოლიციის მიერ. წერილი დამტკიცებული იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ. აღნიშნული შეტყობინება საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. კონკრეტულად კი, იგი განასხვავებს კომპაქტურად განსახლების ობიექტსა და დროებით თავშესაფარს. შეტყობინება განმარტავს, რომ “დროებითი თავშესაფრის შენობა არ არის კომპაქტურად განსახლების ობიექტი და შესაბამისად, არ განეკუთვნება გრძელვადიანი საცხოვრებლის ტიპს”. წერილში ასევე მოცემულია რეგიონებში არსებული იმ რვა სოფლის სია, სადაც დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ. შეტყობინებაში დეტალურადაა აღწერილი ამ სოფლებში მდებარე შენობების ტექნიკური მდგომარეობა და ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა. წერილის ადრესატს სთავაზობენ ახალი საცხოვრებელი ადგილის კერძო მესაკუთრეობას და, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილის მონახულებას და ავეჯისა თუ სხვა პირადი ნივთების ტრანსპორტირებაში დახმარებას. მაგრამ წერილი არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დევნილებს თავად აირჩიონ საცხოვრებელი აღნიშნული რვა სოფლიდან და არც ის არის ცნობილი, როგორ ხდება რეალურად ამ ადგილმდებაროების არჩევისა და განაწილების პროცესი. შეტყობინების თანახმად, დევნილებმა ათი დღის განამავლობაში უნდა დატოვონ დროებითი თავშესაფარი, თუმცა წერილზე არ არის მითითებული მისი გაგზავნის თარიღი. დევნილებმა ეს შეტყობინება დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღეს, მაგრამ მათი გამოსახლება იანვრის შუა რიცხვებამდე არ მომხდარა. შესაბამისად, დამკვირვებლების მხრიდან გამოსახლების პროცესის მიმართ ერთ–ერთი უმთავრესი შენიშვნაა ის, რომ დევნილები არ იყვნენ ინფორმირებულნი გამოსახლების ზუსტი თარიღის შესახებ. სამინისტროს ცნობით, ათდღიანი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, დევნილების შემდგომი ინფორმირება უკვე პოლიციის პასუხისმგებლობა იყო. თუმცა, დევნილები და დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გამოსახლების თარიღის შესახებ ისინი მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილეს, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე მიუთითებს. ახლახანს შემუშავებული გამოსახლების პროცედურების მიხედვით, თუ დროებითი თავშესაფრის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებულია შესთავაზოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ან ფულადი კომპენსაცია გამოსახლების შესახებ ათდღიანი შეტყობინების გაგზავნამდე. თუმცა, ეს კონკრეტული შეტყობინების ნიმუში გაეგზავნა 90-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც თბილისში კერძო სექტორში არიან რეგისტრირებულნი. სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, დევნილთა ამ კატეგორიას ფულადი კომპენსაციის მიღების უფლება არა აქვს.

Author: ლაშა გოგიძე